Belive

ზუროსი: ,,თორნიკე შენგელიამ დიდი თავგანწირვა გვაჩვენა''

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, ისლანდიასთან მოგებული მატჩი შეაფასა:

,,პირველ ყოვლისა, მინდა, მივულოცო ჩემს მოთამაშეებს, რომლებიც დღევანდელ თამაშში ბოლომდე დაიხარჯნენ და დიდი სამუშაო გასწიეს, განსაკუთრებით, ძალიან მოკლე მოსამზადებელი პერიოდისა და იმ კალათბურთელების გათვალისწინებით, რომლებსაც დიდი ხანია არ უთამაშიათ.

დიდი თავგანწირვა გვაჩვენა კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ორი დღის წინ კლუბში ითამაშა, შემდეგ კი ნაკრებში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჩაეტარებინა.

ვულოცავ ყველა მოთამაშეს, მწვრთნელებს, ექიმებს, მთლიანად ნაკრების შტაბს, ფედერაციას, რომელიც მუდამ მხარს გვიჭერს. სწორედ მათ მოგვცეს შესაძლებლობა, ისლანდიასთან გამართული თამაშის შემდეგ, სამშობლოში შედარებით მარტივი გზით დავბრუნებულიყავით, რათა იტალიასთან მატჩისთვის უკეთ მოვემზადოთ. ვულოცავ გულშემატკივარს, განსაკუთრებით მათ, ვინც დღეს არენაზე იყო. ახლა, ისღა დაგვრჩენია, ასე გავაგრძელოთ!

მიმდინარე ფანჯარაში იტალიასთან კიდევ ერთი თამაში გვაქვს. მინდა, მოვუწოდო ყველას, მხარი დაუჭირონ ჩვენ გუნდს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2023 წელს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვოს,'' - განაცხადა ზუროსმა.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი – ისლანდია სტუმრად 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:85 დაამარცხა.

საქართველო 4 მოგებითა და 3 წაგებით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა, 4 მოგება და 3 მარცხია ისლანდიის ანგარიშზეც (მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები გაიფორმებს).

ილიას ზუროსის გუნდი მომავალ მატჩს ორშაბათს, 14 ნოემბერს, თბილისში, იტალიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები