დანაკლისი და ახალი სახეები - ზუროსმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
3 წლის წინ
კალათბურთი
6 წთ
ბექა ბურჯანაძე: “უკვე რამოდენიმე კვირაა, რაც მუხლი მაწუხებს. ჩვენი გუნდის ექიმისა და ფიზიოთერაპევტების თქმით, გადატვირთვის შედეგად მუხლში სითხე ჩამიდგა და ცოტათი გამისივდა. ბოლო თამაშების შემდეგ უფრო გამიუარესდა სიტუაცია. ამ ვირუსის გამო გადადებული თამაშები კალენდარში მჭიდროდ ჩაგვისვეს და მოკლე დროში ბევრი თამაში მოგვიწია. 4-5 დღეში 3 მატჩი ვითამაშეთ და ასეთ დატვირთვას ჩემმა მუხლმა ვერ გაუძლო. ეს არ არის ის მუხლი, რომელიც ადრე მაწუხებდა, მეორე ფეხია და ამიტომ ცოტა ზედმეტად ვნერვიულობ, რომ რამე სერიოზული პრობლემა არ აღმოჩნდეს. ძალიან ვწუხვარ, რომ არ შემიძლია ფინეთში ჩასვლა და ნაკრების დახმარება. ამ ფეხით ამის სანახევროდ გაკეთებაც წარმოუდგენელია. სულით და გულით თქვენთან ვარ ბიჭებო, თვალს მუდმივად გადევნებთ და გქომაგობთ. იმედი მაქვს, მალე ჩავდგები მწყობრში და შევძლებ ნაკრების დახმარებას.
გიორგი ცინცაძე: "არაბთა გაერთიანებუილი საამიროების ჩემპიონატი არ ჩერდება და ნაკრებში რომ წამოვიდე, უმეტესი თამაშების გაცდენა მომიწევს. რეგულარულ ჩემპიონატში სულ 8 მატჩია დაგეგმილი და თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში შემოსვლისთვის დაწესებულ ორკვირიან კარანტინს, 5-6 მატჩის გაცდენა მომიწევს, რაზეც გუნდი თანახმა არაა”. მიხეილ ბერიშვილი: “ყატარის ჩემპიონატში კვირაში 2-3 მატჩი ტარდება და ნაკრებში წასვლით, საკარანტინე პერიოდის გათვალისწინებით, საკმაოდ ბევრი შეხვედრის გაცდენა მომიწევდა. ამის გარდა, შესაძლებლობა არსებობს, რომ ქვეყნის დატოვების შემთხვევაში უკან დროულად, ან საერთოდ ვერ დავბრუნდე. საბუთების მოგვარება იქნებოდა დიდი პრობლემა და გარკვეულ რისკებთან დაკავშირებული. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდი და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი სანაკრებო ფანჯრისას მომეცემა საშუალება, ჩვენს გუნდს დავეხმარო”.რაც შეეხება დუდა სანაძეს, რომელმაც ახლახან ყატარულ “ალ ხორთან” გააფორმა კონტრაქტი, ამჟამად კარანტინში იმყოფება.
მან შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ცოტა ხნის წინ გამომიჩნდა ყატარის ჩემპიონატის გუნდის ვარიანტი და გადავწყვიტე, წავსულიყავი. მართალია, ევროპულ კლუბში გადასვლის სურვილი და რამდენიმე ვარიანტიც მქონდა, თუმცა ყატარულმა “ალ ხორმა” კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და გადავწყვიტე, გადავსულიყავი. აქაური რეგულაციების თანახმად, 7 დღე სასტუმროში უნდა ვიყო, შემდეგ 7 დღეს კი უკვე ბინაში, თვითიზოლაციაში გავატარებ. ამის გამო ვერ ვახერხებ ფინეთში, საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ჩასვლას”.დანაკლისის გათვალისწინებით, ილიას ზუროსს რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოძახება მოუხდა. ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვია გივი ბაქრაძე, რომელიც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ძირითად გუნდშიც მოხვდა. ოფიციალური ტურნირის ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ ახალგაზრდა მოთამაშეები – ალექსანდრე ფევაძე და ლუკა ბულაშვილი, ხოლო ლუკა ზაქრაძე ეროვნულ გუნდს 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.