Belive

1-წლიანი პირობითი სასჯელი და ფულადი ჯარიმა | ბენზემა დამნაშავედ ცნეს

2 წლის წინ სხვა
2 წთ
მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემა, საფრანგეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ფრანგმა ფორვარდმა 1-წლიანი პირობითი სასჯელი მიიღო და 75,000 ევროს გადახდა დაეკისრა.  სასამართლომ სამართლიანად მიიჩნია პროკურატურის მტკიცება, რომ 2015 წელს, მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი “მარსელის”, “ლიონის” და “ფენერბახჩეს” ყოფილ შემტევს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ტირაჟირებით ემუქრებოდა. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, ბენეზემა ნაკრებიდან მოკვეთეს, ვალბუენამ კი ეროვნული გუნდი საკუთარი სურვილით დატოვა. ფულის გამოძალვისა და შანტაჟის საქმეში ფიგურირებდა პირადი კადრები, რომელიც თავდაპირველად ხელში აქსელ ანგოს ჩაუვარდა: ვალბუენამ მას სმარტფონში არსებული მონაცემების ახალ ტელეფონში გადაწერა სთხოვა. საქმეში რამდენიმე ადამიანის ჩართვისა და ფულის გამოძალვის უშედეგო მცდელობის შემდეგ, გამომძალველებმა საქმეში ქარიმ ბენზემა ჩართეს. საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზე, ბენზემა ვალბუენას ოთახში ეწვია და გააფრთხილა, რომ "საშიშ კრიმინალებთან ჰქონდა საქმე". ამის შემდეგ, ვალბუენამ პოლიციას მიმართა და გამოძიება დაიწყო. “ბენზემა ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მის მეგობარს ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები ჰქონდა. მასალების განადგურებისთვის კი, ფულის გადახდას მთხოვდნენ. ის ისე მელაპარაკებოდა, თითქოს ჩემი დახმარება სურდა, მაგრამ მეუბნებოდა, რომ საშიშ კრიმინალებთან მქონდა საქმე, ამიტომ ფული სასწრაფოდ უნდა გადამეხადა”, – განაცხადა მატიე ვალბუენამ. თავის მხრივ, ბენზემას მომხდარი ფაქტი აღიარებული აქვს. "რეალის" ფორვარდმა აღნიშნა, რომ მას მხოლოდ ვალბუენას დახმარება სურდა, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბენზემა ფულის გამოძალვის სქემის ერთ-ერთი მონაწილე იყო. მიმდინარე წელს, ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ოლივიე ჟირუს ძირითად შემადგენლობაში ადგილი წაართვა. მას შემდეგ, ბენზემამ ევრო 2020-ზე ითამაშა და უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. ბენზემასგან განსხვავებით, გუნდში აღარ გამოუძახიათ მატიე ვალბუენა, რომელიც ამჟამად "ოლიმპიაკოსის" შემადგენლობაში ასპარეზობს. ფრანგმა ნახევარმცველმა საფრანგეთის ნაკრებში 2010-15 წლებში ითამაშა და 52 შეხვედრაში 8 გოლსა და 20 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

სხვა სტატიები