Belive

ამაყი ხელმძღვანელი - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია გიორგი ათაბეგაშვილზე

3 წლის წინ სხვა
3 წთ

თბილისის გრანდ სლემის წინ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ათაბეგაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

  გიორგი ათაბეგაშვილი ახალგაზრდა და დინამიკური ლიდერების სიას განეკუთვნება. მისი მმართველობა, თავის თავში, ტრადიციების პატივისცემასა და ახალი თაობების გაზრდას მოიაზრებს.
,,პანდემიასთან ერთად თუ პანდემიის გარეშე, ჩვენ ყოველთვის ჩავატარებთ ტურნირს, რადგან ეს ჩვენი დნმ-ის ნაწილია. მინდა დავამატო, რომ პანდემიის პირობებში მისი ორგანიზება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან დიდი წყვეტის შემდეგ, ძიუდოს ფეხზე დადგომა სჭირდებოდა.''
ათაბეგაშვილი ადასტურებს, რომ ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი მოთხოვნები ლოგიკურად გამკაცრდა.
,,წესებს მოვერგეთ და ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, რადგან გამოცდილება გვაქვს და ვიცით, როგორ ჩავატაროთ ტურნირები. ჩვენ მხოლოდ უსაფრთხოების ახალი წესების შესახებ უნდა გაგვევრცელებინა ინფორმაცია. ამაყი ვარ, რადგან დეტალებს ყურადღებას ვაქცევ და ვხედავ, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა.''
თბილისში წელს პირველად გრანდ სლემი ტარდება და არა - გრან პრი.
,,ჩვენ ახალ საფეხურზე ავედით, რაც ძალიან კარგია. ეს პოზიტიურია, როგორც ქალაქისთვის, ასევე - ქვეყნისთვის.''

საქართველოზე საუბრისას, ეროვნულ ნაკრებზეც ვეკითხებით, პრეზიდენტი ისევ მშვიდი ტონით საუბრობს, თუმცა მის თვალებში სხვა ბრწყინვალებას ვამჩნევთ.
,,ძლიერი გუნდი გვყავს, რომელშიც გამოცდილ ლიდერებთან ერთად (ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი), ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან გაერთიანებულნი, მაგალითად - ტატო გრიგალაშვილი და ლაშა ბექაური. ეს ფეთქებადი ნაზავია და ჩვენი გეგმაა, რომ ისინი მსოფლიო ჩემპიონატსა და ოლიმპიადას ფორმის პიკში შეხვდნენ, რათა შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინონ.''
გრიგალაშვილის გამარჯვება დოჰას მასტერსზე და ბექაურის მოგება თელ ავივის გრანდ სლემზე პრეზიდენტის სიტყვების დასტურია. ათაბეგაშვილის ანალიზს კიდევ ერთი სასიამოვნო და საამაყო ამბავი ამყარებს - ,,ჩვენ ბოლო დროს კარგი შედეგები გვაქვს ქალთა კატეგორიებშიც,'' - მართლაც, ქვეყანაში, რომლის პოტენციალსაც ყოველთვის კაცები ითვისებდნენ, ძიუდოში ქალთა ჩართულობის გასაზრდელად მუშაობა წლებია მიმდინარეობს. ეთერ ლიპარტელიანი ქალთა ამ კონტიგენტის მთავარი წარმომადგენელია - ,,ის ყველაფერს კარგად აკეთებს და ოლიმპიადაზე ასპარეზობა, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს.''

თუ გიორგი ათაბეგაშვილის გეგმები დასახულ კურსს გაყვება და ხელს არაფერი შეუშლის, ოპონენტებისთვის შიშისმომგვრელ ქართულ გუნდს ლეგიტიმური უფლება ექნება, მოითხოვოს პატივისცემა, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ქალთა ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება.  

სხვა სტატიები