Belive

ბაზაძე: ,,ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ არაკომპეტენტურ მსაჯებს პასუხი გავცე''

2 წლის წინ სხვა
2 წთ
ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა, სანდრო ბაზაძემ, ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ, განაცხადა რომ თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს და მსაჯების გადაწყვეტილებების გასაჩივრებას აპირებს:
,,მინდა, ვისაუბრო გუშინდელ დღეზე, ცოტა სამწუხაროდ დამთავრდა ეს ყველაფერი ჩემთვის იმიტომ, რომ მაქსიმალურად მომზადებული ვიყავი ოლიმპიური თამაშებისთვის. ერთი წლის წინ გადაიდო, მაგრამ ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდი ბრძოლას, ვარჯიშს, მოვედი მომზადებული, მაქსიმალურად ვიყავი ჩართული და, ჩემი აზრით, მზად ვიყავი, რომ ოქროს მედალი მომეპოვებინა. სამწუხაროდ, არაკომპეტენტური მსაჯობის და დაუფასებლობის გამო, გუშინ მედალი ვერ მოვიპოვე, ნახევარფინალში დავმარცხდი, მაგრამ ჩემს თავს დამარცხებულად არ მივიჩნევ. ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავასაჩივრო, პასუხი გავცე ამ არაკომპეტენტურ მსაჯებს. სამწუხარო იყო ნამდვილად, რადგან როცა შენს თავში დარწმუნებული ხარ და გრძნობ, რომ შეგიძლია, ოქროს მედალი მოიპოვო, ცოტა რთული გადასატანია, მაგრამ მე ყურებს არ ჩამოვყრი, გავაგრძელებ მიზნისთვის ბრძოლას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შემდეგ ოლიმპიადაზე თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო. მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ ქართველ სპორტსმენს, საამაყო ქართველები არიან... დიდი სურვილი მაქვს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი მედლით დავბრუნდეთ,'' - განაცხადა სანდრო ბაზაძემ.
ბაზაძემ პირველ სამ ბრძოლაში მოჰაბ სამერს (ეგვიპტე), ზიად ელსისა (ეგვიპტე) და რეიტინგის პირველ ნომერს – ო სან უკის (სამხრეთ კორეა) მოუგო. ქართველი მოფარიკავე ნახევარფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, არონ შილადის დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 13:15 დამარცხდა. უნდა ითქვას, რომ 13:13-ზე მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და მეტოქეს საეჭვო ქულა მიანიჭა. სანდრომ მესამე ადგილისთვის ბრძოლა რეიტინგის მე-15 ნომერთან, იუნგვან კიმთან (სამხრეთ კორეა) წააგო და ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა

სხვა სტატიები