Belive

დინამო ჯგუფში უძლიერეს მეტოქეებთან ერთად მოხვდა - რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

2 წლის წინ სხვა
5 წთ
გუშინ ოსტიაში (იტალია) წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა. 12 გუნდი 2 ჯგუფში თანაბრად გადანაწილდა, მათ საკვალიფიკაციო ეტაპიდან კიდევ 2-2 გუნდი დაემატება. A ჯგუფში უძლიერეს მეტოქეებთან ერთად მოხვდა ,,დინამო თბილისი'' - ქართული კლუბი ,,ფერენცვაროშთან'' (უნგრეთი), ,,ბარსელონეტასთან'' (ესპანეთი), ,,ოლიმპიაკოსთან'' (საბერძნეთი), ,,რადნიჩკისთან'' (სერბეთი) და ,,ნოვი ბელგრადთან'' (სერბეთი) ერთად იასპარეზებს.
გთავაზობთ თბილისური გუნდის მომავალი მეტოქეების მთავარ მიღწევებსა და ისტორიულ ფაქტებს:
ფერენცვაროში უნგრეთის 23-გზის ჩემპიონია, თუმცა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს - ,,უიპეშტს'' (უიპეშტმა 2011 წელს ფინანსური პრობლემების გამო არსებობა შეწყვიტა) 3 ტიტულით ჩამორჩება. გარდა ამისა, ,,მწვანე არწივები'' უნგრეთის ჩემპიონატის მეორე პოზიციაზე 13-ჯერ გავიდნენ, მესამეზე კი - 21-ჯერ. გუნდმა პირველობა ბოლოს 2018-2019 წლების სეზონში მოიპოვა. ფერენცვაროშმა ქვეყნის თასის ფინალში 36-ჯერ იასპარეზა და 21 შემთხვევაში გამარჯვება მის მხარეს დარჩა. რაც შეეხება ევროსარბიელს, უნგრელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის - ჩემპიონთა ლიგის მოგება ერთხელ, 2018-2019 წლების სეზონში შეძლეს, გასულ სეზონში კი ფინალში იტალიურ ,,პრო რეკოსთან'' 6:9 დამარცხდნენ. ფერენცვაროშს ევროთასი ორჯერ (2016-17; 2017-18), თასების მფლობელთა თასი (1974-75; 1977-78; 1979-80; 1997-98) და  ევროპის სუპერთასი (1978; 1980; 2018; 2019) კი 4-4-ჯერ აქვს მოგებული. გუნდს 2013 წლიდან ჟოლტ ვარგა წვრთნის, რომელიც უნგრეთის ნაკრებთან ერთად 2000 წლის ოლიმპიური და 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

ბოლო 16 წელია, ესპანეთის წყალბურთის ეროვნულ ჩემპიონატში ატლეტიკ-ბარსელონეტას სრული დომინაციაა. გუნდს ქვეყნის პირველობა 22-ჯერ აქვს მოგებული, რითაც მხოლოდ ,,ბარსელონას'' ჩამორჩება. გარდა ამისა, კატალონიელთა ანგარიშზე 17 კოპა დელ რეი (ესპანეთის თასი) და 15 სუპერთასია. ბარსელონეტა ბოლო წლების განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზეც დიდი წარმატებით ასპარეზობს - 2013-2014 წლების სეზონში გუნდმა ტურნირის მოგება შეძლო, ერთი წლით ადრე და ერთი წლის შემდეგ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბოლო სამი სეზონია კლუბი 4 საუკეთესოს შორის ხვდება. ბარსელონეტა ,,დინამო თბილისთან'' ერთად ლიგის ჯგუფში გასულ სეზონშიც მოხვდა და ჯგუფური ეტაპის ორივე შეხვედრაში იმარჯვა (17:5; 6:14).
შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ოლიმპიაკოს პირეოსია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ (2001-02; 2017-18), საბერძნეთის ეროვნული ჩემპიონატი კი 35-ჯერ აქვს მოგებული. 2001-2002 წლების სეზონში ოლიმპიაკოსი გახდა პირველი გუნდი წყალბურთის ისტორიაში, რომელმაც ყველა იმ ტიტულის მოგება შეძლო, რომელშიც ასპარეზობდა - მაშინ ბერძნებმა ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგეს. საინტერესოა, რომ გუნდმა იგივე შედეგი 2017-2018 წლების სეზონშიც გაიმეორა. ოლიმპიაკოსის ანგარიშზე 62 საშინაო ტიტულია, რაც საბერძნეთში ყველა დროის საუკეთესო შედეგია. 2013-2019 წლებში პირეოსელებმა ქვეყნის ჩემპიონატში ზედიზედ 163 მატჩში იმარჯვეს და უნიკალური რეკორდი დაამყარეს. ,,წითელ-თეთრები'' განსაკუთრებით კარგად საშინაო შეხვედრებში ასპარეზობენ - 2015-2016 წლების სეზონიდან 2020 წლამდე, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ თამაშიდან მხოლოდ 1 დათმო, შიდაჩემპიონატში კი ბოლოს 2013 წლის 8 მაისს დამარცხდა. 2011 წლიდან გუნდს თოდორის ვლაჩოსი წვრთნის, რომელიც, ამავდროულად, საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელიცაა. ამ ეტაპზე ოლიმპიაკოსს 4 ლეგიონერი - 2 ხორვატი, 1 სერბი და 1 მონტენეგროელი წყალბურთელი ჰყავს.

A ჯგუფის კიდევ ერთი წევრი სერბული რადნიჩკია, რომელიც 2012 წელს დაარსდა. გუნდმა დაარსებიდან 1 წლის შემდეგ, 2013-2014 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზა, სადაც ,,ბარსელონეტასთან'' დამარცხდა. პირველივე სეზონში კი ევროთასის მოგება შეძლო. გასულ წელს რადნიჩკი სერბეთის ჩემპიონი გახდა, გარდა ამისა გუნდმა შიდაჩემპიონატში მეორე ადგილი 3-ჯერ (2012-13; 2013-14; 2014-15) დაიკავა, ქვეყნის თასი კი 2-ჯერ მოიგო (2015; 2020).
,,რადნიჩკისთან'' ერთად, ჯგუფში კიდევ ერთი სერბული კლუბი ნოვი ბელგრადი მოხვდა. 2015 წელს დაარსებულმა გუნდმა გასულ სეზონში სერბეთის სუპერლიგაში პირველად ითამაშა და მეორე ადგილი დაიკავა. ნოვი ბელგრადი ფინალური სერიის 3-მატჩიან დაპირისპირებაში ,,რადნიჩკისთან'' 1:2 დამარცხდა.
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპი 26 ოქტომბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. ,,დინამო თბილისი'' პირველ მატჩს 26 ოქტომბერს ,,ოლიმპიაკოსთან'' სტუმრად ჩაატარებს. რვათა ფინალს 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ბელგრადი უმასპინძლებს.
 

სხვა სტატიები