Belive

დინამო თბილისმა ბარსელონეტასთან 7:20 წააგო, ქართული გუნდის მე-3 მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე

2 წლის წინ სხვა
2 წთ
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ,,დინამო თბილისმა'' ,,ბარსელონეტას'' უმასპინძლა და 13-ბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 7:20 დამარცხდა. ქართულმა გუნდმა მეტოქესთან ოთხივე მეოთხედი დათმო. ,,დინამოს'' შემადგენლობიდან გოლების გატანა ვალიკო დადვანმა, რევაზ იმნაიშვილმა, ანდრია ბითაძემ, მარკო იელაჩამ, სანდრო ადეიშვილმა (2) და დუშან ვაშიჩმა შეძლეს. კატალონიელებს ალვარო გრანადოს ორტეგამ ულიდერა, რომელმაც თბილისური გუნდის კარის აღება 7-ჯერ მოახერხა. 3-3 გოლით გამოირჩნენ მარტინ ფამერა და ფელიპე პერონე. მატჩის დასრულების შემდეგ, ,,დინამოს'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზუკა რურუამ, განაცხადა, რომ მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, ასეთ მარცხს არ ელოდებოდა:
,,იყო ინდივიდუალური ძალიან უხეში შეცდომები, განსაკუთრებით, ვიტყოდი, რომ ლიდერებმა ვერ გამოიჩინეს თავი, პირიქით, წამყვანმა მოთამაშეებმა სულელური შეცდომები დაუშვეს. ალბათ, ჩვენი, მწვრთნელების, ბრალიცაა, რომ მატჩში გარდატეხა ვერ შევიტანეთ, იყო მომენტები, როცა მოთამაშეები უნდა შეგვეცვალა. მეტოქეს ტემპში არ უნდა ავყოლოდით, ჩვენი დავალება იყო, რომ შეტევა ბოლომდე გაგვეთამაშებინა, რადგან თუ უკანახაზიდან არტყამ, ყოველთვის მოდის კონტრშეტევა. ამიტომ, სჯობს, ბურთი ორ მეტრში მიიტანო იმისათვის, რომ ისეთი გუნდისგან, როგორიც ბარსელონეტაა, სწრაფი კონტრშეტევა არ მიიღო. ამის შანსი არ უნდა მიგვეცა. შემდეგი მატჩი გველის ბრეშასთან, რომელიც ასევე რთული მეტოქეა, ყველანაირი რესურსი აქვს, როგორც სკამის, ასევე მოთამაშეების და ბარსელონეტას სტილით ძალიან ჰგავს. ვფიქრობ, რომ ეს შეცდომები აუცილებლად გამოსასწორებელია, რადგან იგივე შედეგი არ მივიღოთ.''
3 ტურის შემდეგ, ,,დინამო თბილისი'' უქულოდაა და ცხრილის ბოლო, მე-8 პოზიციაზეა. ქართული გუნდი მომავალ შეხვედრას 30 ნოემბერს, ,,ბრეშას'' წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრის მიმოხილვა

სხვა სტატიები