აკი ბაშო: ტოჩინოშინი – დღე 6 (ვიდეო)

გრძელდება შემოდგომის რიგით პირველი სუმოს ტურნირი აკი ბაშო, სადაც ასპარეზობას განაგრძობს ქართველი გოლიათი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი.

დღეს, ქართველი სეკიტორის წინააღმდეგ აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა იკიოი დადგა. გასული 5 დღის კვალობაზე იკიოისგან ტოჩინოშინის დამარცხებას არავინ ელოდებოდა, თუმცა ქართველი გულშემატკივარი ლევანის ტრავმებიდან გამომდინარე, მაინც დაძაბულად შევხვდით შეხვედრას. საბოლოოდ, ლევანმა შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა, მან იკიოი ცუკიოტოშის კიმარიტეს საშუალებით განდევნა დოჰიოდან და აქტივში მე-4 მოგება ჩაიწერა, რითაც კიდევ უფრო მიახლოვდა სასურველ შედეგს.

ტრადიციულად აღვნიშნოთ, რომ შეუპოვარი ქართველის მთავარი მიზანი აკი ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირებაა, ანუ 15-დან 8 ბრძოლის მოგება. შეგახსენებთ, იგი კადობანშია ჩაყენებული და ამ მდგომარეობიდან ამოსასვლელად აუცილებლად სჭირდება დადებითი ბალანსი (კადობანი – სიტუაცია, როდესაც ოძეკის რანგის მქონე სუმოისტი უარყოფით ბალანსს დააფიქსირებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს თავის წოდებას. ზედიზედ ორ ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში იგი დაემშვიდობება საკუთარ წოდებას).

ხვალ, 15 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-7 დღე გაიმართება, სადაც ლევან გორგაძის მეტოქე მონღოლი სეკივაკე იჩინოჯო იქნება. ჩვენი ხვალინდელი მეტოქე მაკუუჩი დივიზიონში (მაკუუჩი დივიზიონი – სუმოს უმაღლესი ელიტარული დივიზიონი) ყველაზე მძიმეწონოსანი მებრძოლი გახლავთ, იგი 227 კილოგრამს იწონის და საკმაოდ ძლიერ და პერსპექტიულ სუმოისტად მიიჩნევა.

იაპონელი კომენტატორების აზრით, იჩინოჯოსა და ლევანის დაპირისპირება დღის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა იქნება, ასევე ვარაუდობენ, რომ მათ შორის ძალისმიერი, სანახაობრივი და საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლა შედგება. აქამდე ტოჩინოშინსა და იჩინოჯოს შორის 17 ორთაბრძოლაა გამართული, საიდანაც ქართველმა ოძეკიმ 12-ჯერ გამარჯვება იზეიმა.

 

(2486)

სტატიის ავტორი
-