2021 წლის შეჯამება – ქართული ძიუდოს ტრიუმფი მსოფლიოს ასპარეზზე

2021 წელი ქართული ძიუდოსთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, ამ სპორტის სახეობაში 2021 წელს გვყავდა მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონები. 2021 წელმა მსოფლიო ძიუდოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ საქართველოს ნაკრები ამ სპორტის სახეობაში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა.

მიმდინარე წელს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 12 შეჯიბრზე იასპარეზა, ჯამში კი 50 მედალი მოიპოვა, საიდანაც 13 ოქროს (1 გუნდური), 14 ვერცხლისა და 23 ბრინჯაოს მედალი იყო.

დეტალურად გთავაზობთ 2021 წლის პირველი შეჯიბრიდან წლის ბოლო შეჯიბრამდე ქართველი ძიუდოისტების განვილილ გზას.

დოჰას მასტერსი (11-13 იანვარი)

2021 წლის პირველი შეჯიბრი ყატარის დედაქალაქ დოჰაში 11-13 იანვარს გაიმართა. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 15 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ახალი კალენდალური წლის პირველ შეჯიბრზე ჩვენმა გუნდმა 5 მედალი მოიპოვა. ოქროს მედლები: ტატო გრიგალაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი; ვერცხლის მედალი: – ბექა ღვინიაშვილი, ბრინჯაოს მედლები: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ბექაური.

2021 წლის შეჯამება - ქართული ძიუდოს ტრიუმფი მსოფლიოს ასპარეზზე 1

თელ-ავივის გრანდ სლემი (18-20 თებერვალი)

თელ-ავივის გრანდ სლემზე, რომელიც 18-20 თებერვალს მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრები 16 სპორტსმენით ასპარეზობდა. ლაშა გუჯეჯიანის მწვრთნელად დანიშნის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ყველა შეჯიბრზე საკუთარ რეკორდს აუმჯობესებდა და გამონაკლისი არც თელ-ავივის გრანდ სლემი არ გამოდგა.

თელ-ავივში ქართველმა ძიუდოისტებმა 8 მედალი მოიპოვეს. ოქროს მედალი – ლაშა ბექაური, გელა ზაალიშვილი; ვერცხლი – თემურ ნოზაძე, ბრინჯაო – ნუგზარ ტატალაშვილი, გურამ თუშიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე.

2021 წლის შეჯამება - ქართული ძიუდოს ტრიუმფი მსოფლიოს ასპარეზზე 2

თბილისის გრანდ სლემი (26-28 მარტი)

IJF-ს (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის) შეჯიბრი, რომელიც თბილისში იმართებოდა საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა, რადგან თბილისის გრან პრი – თბილისის გრანდ სლემად გადაკეთდა, სწორედ პირველად უმასპინძლა თბილისმა გრანდ სლემის დონის შეჯიბრს, სადაც საქართველოს ნაკრები 30 სპორტსმენით წარსდგა. ეს შეჯიბრიც სხვა წინა შეჯიბრების მსგავსად გამორჩეული გამოდგა, რადგან საქართველოს ნაკრებმა 9 მედლის მოპოვება შეძლო. საკუთარ სამშობლოში ოქროს მედლის მოპოვება და საქართველოს ჰიმნის აჟღერება გელა ზაალიშვილმა და თემურ ნოზაძემ შეძლეს. ვერცხლის მედალს დაეუფლნენ: ვაჟა მარგველაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე. ხოლო ბრინჯაოს მედლები კი: ლაშა შავდათუაშვილმა, ალეკო მამიაშვილმა, ტატო გრიგალაშვილმა და საბა ინანეიშვილმა მოიპოვეს.

2021 წლის შეჯამება - ქართული ძიუდოს ტრიუმფი მსოფლიოს ასპარეზზე 3

ევროპის ჩემპიონატი (16-18 აპრილი)

16-18 აპრილს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ევროპის პირველობა გაიმართა. 2021 წელი განსაკუთრებული გამოდგა ლაშა ბექაურისთვის, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი ოქროს მედლით აღნიშნა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ევროპის ჩემპიონატზე -90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა: ლაშა ბექაური Vs. ბექა ღვინიაშვილი, სწორედ ამ ბრძოლაში გამარჯვებული ინაღდებდა ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს.

ფინალში დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დაეუფლენენ – ვაჟა მარგველაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი. ბრინჯაოს მედალი კი გურამ თუშიშვილმა მოიპოვა.

2021 წლის შეჯამება - ქართული ძიუდოს ტრიუმფი მსოფლიოს ასპარეზზე 4ყაზანის გრანდ სლემი (5-7 მაისი)

5-7 მაისს, რუსეთის ქალაქ ყაზანში, გრანდ სლემი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები 10 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ტურნირზე ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით ყველა ვარსკვლავი არ წავიდა, რადგან ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. სწორედ ამ შეჯიბრზე, დიდხნიანი პაუზის და ტრავმის შემდეგ დაბრუნდა მსოფლიო ჩემპიონი – ლუხუმ ჩხვიმიანი.

სწორედ ლუხუმ ჩხვიმიანი იყო ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ყაზანში ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ბრინჯაოს მედლებს კი ნუგზარ ტატალაშვილი და ლუკა მაისურაძე დაეუფლნენ.

2021 წლის შეჯამება - ქართული ძიუდოს ტრიუმფი მსოფლიოს ასპარეზზე 5

მსოფლიო ჩემპიონატი (6-12 ივნისი)

6-12 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში დებიუტანტი – ილია სულამანიძე იყო, რომელიც უფროსებში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას პირველად იღებდა და ეს მისთვის წარმატებული გამოდგა.

მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა – ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც ამ შეჯიბრის გამარჯვებით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ისტორიაში პირველი ფალავანი გახდა, რომელსაც მოგებული ჰქონდა 3 დიდი შეჯიბრი: მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი (2013 წელს) და ოლიმპიადა (2012 წელს).

ფინალში დამარცხდა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა – ტატო გრიგალაშვილი. ბრინჯაოს მედლები კი ვარლამ ლიპარტელიანმა და ილია სულამანიძემ მოიპოვეს.

2021 წლის შეჯამება - ქართული ძიუდოს ტრიუმფი მსოფლიოს ასპარეზზე 6

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები (24-30 ივლისი)

24-30 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სტარტი ძიუდომ აიღო. ეს ოლიმპიური თამაშები ქართველი ძიუდოისტებისთვის ისტორიული გამოდგა, რაც ლაშა გუჯეჯიანის გენიალურობასა და უძლიერეს მწვრთნელობაზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ისტორიული 4 მედალი მოიპოვა. 21 წლის ასაკში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა – ლაშა ბექაური.

დასანანი სამი მარცხი ვიწვნიეთ ფინალში და ვერცხლის მედლები მოიპოვეს – ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა.

ეს ოლიმპიური თამაშები გამორჩეულია იმ ფაქტითაც, რომ ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიადებზე სამივე სინჯის მედლის მოპოვება შეძლო.

2021 წლის შეჯამება - ქართული ძიუდოს ტრიუმფი მსოფლიოს ასპარეზზე 7

ზაგრების გრან პრი (24-26 სექტემბერი)

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სუპერვარსკვლავები აღარ ჩანდნენ, რადგან მათ დასვენების საშუალება მიეცათ, ამ ფაქტმა კი ნაკრებში გზა ახალგაზრდა ძიუდოისტებს გაუხსნა.

24-26 სექტემბერს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, სტარტი გრან პრიმ აიღო, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 4 სპორტსმენი ასპარეზობდა, აქედან 2 დებიუტანტი იყო: ჯუმბერ მელაძე და ზაურ დვალაშვილი.

დებიუტანტებმა შედეგი ვერ დადეს და ვერცერთი მათგანი მედალს ვერ დაუეფლა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანა ამ შეჯიბრზე შედარებით სუსტი შემადგენლობით ასპარეზობდა.

ზაგრების გრან პრის გამარჯვებული გახდა და ოქროს მედალს დაუეფლა – ტატო გრიგალაშვილი, ბრინჯაოს მედალი კი – ლუკა მაისურაძემ მოიპოვა.

2021 წლის შეჯამება - ქართული ძიუდოს ტრიუმფი მსოფლიოს ასპარეზზე 8

პარიზის გრანდ სლემი (16-17 ოქტომბერი)

16-17 ოქტომბერს, ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა შეჯიბრმა – პარიზის გრანდ სლემმა აიღო სტარტი, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 5 სპორტსმენი ასპარეზობდა. შეგვიძლია, რომ ეს შეჯიბრიც ძალიან წარმატებულად ჩავთვალოთ, რადგან 5 სპორტსმენიდან მედლის მოპოვება ოთხმა შეძლო. ვერცხლის მედალს დაეუფლა – ტატო გრიგალაშვილი, ბრინჯაოს მედლები კი – ეთერ ლიპარტელიანმა, ლუკა მაისურაძემ და ონისე სანებლიძემ მოიპოვეს.

პარიზის გრანდ სლემი ტრადიციულად თებერვალში ტარდება, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წელს ოქტომბერში ჩატარდა.

2021 წლის შეჯამება - ქართული ძიუდოს ტრიუმფი მსოფლიოს ასპარეზზე 9

ბაქოს გრანდ სლემი (5-7 ნოემბერი)

პარიზის გრანდ სლემის შემდეგ, კვლავ ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა და პრესტიჟულმა შეჯიბრმა – ბაქოს გრანდ სლემმა აიღო სტარტი.

ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ნადავლი 4 მედალი იყო. პირველივე საშეჯიბრო დღეს ოქროს მედალი მოიპოვა – ჯაბა პაპინაშვილმა, ბრინჯაოს მედლები კი – ბექა ღვინიაშვილმა, ლუკა მაისურაძემ და ონისე სანებლიძემ მოიპოვეს.

2021 წლის შეჯამება - ქართული ძიუდოს ტრიუმფი მსოფლიოს ასპარეზზე 10

აბუ-დაბის გრანდ სლემი (26-28 ნოემბერი)

2021 წლის ბოლო შეჯიბრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ კი აბუ-დაბიში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებს ერთადერთი წარმომადგენელი – ლაშა შავდათუაშვილი ჰყავდა.

ლაშა შავდათუაშვილმა წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2021 წლის შეჯამება - ქართული ძიუდოს ტრიუმფი მსოფლიოს ასპარეზზე 11

შერეული გუნდური პირველობა (27 ნოემბერი)

რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატის მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს, შემდეგ, ფინალის საგზური იდენტური ანგარიშით თურქეთს მოუგეს – 4-2, გადამწყეტი დაპირისპირება კი ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართეს – 4-3 და შედეგად, ჩვენმა სპორტსმენებმა, უფროსებში შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე პირველად მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

2021 წლის შეჯამება - ქართული ძიუდოს ტრიუმფი მსოფლიოს ასპარეზზე 12

ასე და ამგვარად, 2021 წელი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. ლაშა გუჯეჯიანის თავკაცობით, ქართველმა ძიუდოისტებმა 2021 წელს 50 მედალი მოიპოვეს.

Live.ge ქართველ ძიუდოისტებს წარმატებულ 2021 წელს ულოცავს და 2022 წელს ბევრ წარმატებას უსურვებს.

2021 წლის შეჯამება – ქართული ძიუდოს ტრიუმფი მსოფლიოს ასპარეზზე

სტატიის ავტორი
-