Belive

5 წლის წინ: შუმახერმა სრიალის დროს უმძიმესი ტრავმა მიიღო

5 წლის წინ სხვა
3 წთ
2013 წლის 29 დეკემბერმა ფორმულა 1-ის ლეგენდარული მრბოლელის, მიხაელ შუმახერის სიცოხლე მთლიანად შეცვალა - ალპებში სასრიალოდ და დასასვენებლად წასულმა შუმახერმა, ცუდად დაცემისა და უმძიმესი ტრავმის შედეგად, მომდევნო წლები უგონოდ, განსაკუთრებული ზედამხედველობის პირობებში გაატარა. გასული 5 წლის განმავლობაში შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი უდიდესი ინტერესის მიუხედავად, მისი ოჯახის თხოვნით, მსოფლიოს გავლენიანი სპორტული მედიასაშუალებები ლეგენდარული მრბოლელის შესახებ ჭორებს არ ავრცელებდნენ. ამ ეტაპზე დანამდვილებით ცნობილია, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი მის სახლში, შვეიცარიაში მიმდინარეობს.

რა მოხდა 2013 წლის 29 დეკემბერს?

შუმახერი ოჯახთან და მეგობრებთან საფრანგეთში, ალპების მთებში იყო დასასვენებლად. თხილამურებით დაშვებისას მან კონტროლი დაკარგა და წაქცევისას თავი მძიმედ დაიზიანა. გრენობლის საავადმყოფოში გადაყვანისას იგი უკვე კომაში იყო და მას ნეიროქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდა. მომდევნო დღეს, ექიმებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ შუმახერი "განსაკუთრებით მძიმე" მდგომარრეობაში იმყოფებოდა. აპრილში მისმა ოჯახმა დაადასტურა, რომ შუმახერი წამიერად გონს რამდენჯერმე მოვიდა. 3 თვის შემდეგ დადგინდა, რომ გერმანელი მრბოლელი კომაში აღარ იმყოფებოდა და რომ იგი გრენობლის საავადმყოფოდან სახლში იქნა გადაყვანილი.

2014 წელი

შუმახერის ოჯახმა განაცხადა, რომ მიხაელი აღდგენით პროცესს სახლში გადიოდა: "იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ძლიერი ტრავმა გადაიტანა, შეიძლება ითქვას რომ უკეთესობა შეინიშნება. თუმცა წინ ძალიან გრძელი და სირთულით სავსე გზა გველოდება," აღნიშნული იყო განცხადებაში.

2016 წელი

შუმახერის მენეჯერმა, საბინე კემმა გამოთქვა იმედი, რომ ბრძოლას ბოლომდე აქვს აზრი და რომ ყველას მხარდაჭერით და დიდი ძალისხმევით, "შუმახერი კვლავ დაგვიბრუნდება." იმავე წელს, მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონის ოჯახის ადვოკატმა დაადასტურა, რომ შუმახერს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. იმავე წელს, ჟურნალმა Bunte-მ, რომელიც გერმანული სიტყვაა და "ჭრელს" ნიშნავს, სტატიაში დაწერა, რომ შუმახერი უკეთესად გრძნობდა და რომ გადაადგილებას, გარკვეულწილად, დამოუკიდებლად ახერხებდა. ეს ინფორმაცია საბინე კემმა კატეგორიულად უარყო და დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეკავება ითხოვა.

2018 წელი

ტრაგედიიდან უკვე 5 წელი გავიდა. ალბათ, არ არსებობს სპორტის მოყვარული, რომელიც მიხაელ შუმახერს არ გულშემატკივრობს - გენიალური სპორტმენობისა და გამორჩეული ქარიზმიდან გამომდინარე, შუმახერმა სპორტულ სამყაროში უდიდესი სიყვარული დაიმსახურა და შესაბამისად, მთელი მსოფლიო მის გამომჯობინებას ელოდება.

#KeepFightingMichael

იხილეთ ტოპ 5 მომენტი შუმახერის კარიერიდან

სხვა სტატიები