Belive

62 წლის წინ, საუკუნის გოლის ავტორი დაიბადა 

4 წლის წინ სხვა
2 წთ
ის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორია: 1981 წლის 13 მაისი, დიუსელდორფი, რაინშტადიონი, თასების მფლობელთა თასის ფინალი, 87-ე წუთი, 1:1, დავით ყიფიანის პასი და ვიტალი დარასელიას გოლი - „დინამო“ ევროპული ტიტულის გამარჯვებულია! 9 ოქტომბერს, ვიტალი დარასელია 62 წლის გახდებოდა. ადამიანი, რომელმაც საქართველოს და თბილისის ქუჩებს დღემდე უდიდესი სპორტული სიხარული აჩუქა. მან შეძლო და ათასობით აღფრთოვანებული ადამიანი ტელევიზორის ეკრანიდან ქუჩებში, დროშებითა და შამპანურებით შეიარაღებული გამოიყვანა... 25 წლის იყო, როცა მოსკოვის „დინამოსთან“ რუსეთის დედაქალაქში გამართული შეხვედრის 37-ე წუთზე შეცვალეს, მაშინ დარასელიამ მოედანი საბოლოოდ დატოვა... 13 მაისს გატანილი გადამწყვეტი გოლის ავტორი სამწუხაროდ ტრაგიკულად დაიღუპა: 1982 წლის 13 დეკემბერერს, ოჩამჩირეში ძმის დასახმარებლად გამგზავრებული, მდინარე ძირულაში 06 მარკის "ჟიგულით" გადაეშვა. ოჯახის წევრებმა ის 13 დღის შემდეგ იპოვნეს. თბილისის „დინამოს“ იმდროინდელი გულშემატკივრების და საფეხბურთო მიმომხილველების აზრით, ახალი „დინამო“, რომელიც ევროპაში დომინანტი გუნდი იქნებოდა, სწორედ დარასელიას გარშემო უნდა აწყობილიყო. ის უნდა ყოფილიყო საბჭოეთის მთავარი საფეხბურთო ვარსკვლავი, რომელიც გულშემატკივარს ნაადრევად დაემშვიდობა. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე, 1981 წლის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების გამარჯვებული (1978), ვერცხლისა (1977) და სამგზის ბრინჯაოს (1976 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო პირველობების, 1981) საკავშირო თასი ორგზის (1976, 1979) მფლობელი და 1980 წლის ფინალისტი. საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში 1976 წლის ჭაბუკთა და 1980 წლის ახალგაზრდების (21 წლამდე) ევროპის ჩემპიონატების ოქროსმედალოსანი 1978-1982 წლებში საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის ხუთჯერ დაასახელეს - თავის ამპლუაში ერთხელ პირველ, ორ-ორჯერ მეორე და მესამე ნომრებად.

სხვა სტატიები