Belive

თემურ შონია: "ყველაფერს თავიდან დავიწყებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ"

3 წლის წინ სხვა
5 წთ
ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 2 ტურის შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. გუნდი, რომელმაც ორივე მატჩი დამაჯერებლად მოიგო და ყველაზე კარგ ფორმაში მყოფის შთაბეჭდილება დატოვა, თბილისის "ლოკომოტივი" გახლდათ. გათამაშების შეჩერება ალბათ ყველაზე მეტად "რკინიგზელების" აკრეფილ ტემპს არ აძლევს ხელს. არსებული მდგომარეობის შესახებ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს თემურ შონიას ვკითხეთ, რომელმაც Live.ge-სთან ინტერვიუში ახალი სეზონის, მწვრთნელის და სხვა საინტერესო დეტალების შესახებაც ისაუბრა. კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა და მათ შორის ჩვეული სავარჯიშო პროცესიც. როგორ ემზადები სახლის პირობებში? ამ იძულებითი პაუზის დროს ვცდილობ მაქსიმალურად შევინარჩუნო ფიზიკური კონდიციები, რათა, როცა გუნდს ვარჯიშის განახლება შეეძლება, ფორმაში შესვლა დროულად მოვახერხო. ამიტომ, ვასრულებ იმ პროგრამას, რაც გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელმა მოგვცა, ასევე გვაქვს ონლაინ ვარჯიშები. ამ პერიოდში მეტი თავისუფალი დრო გექნება. როგორია ამ დროს შენი ყოველდღიურობა? სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ყოველდღიური რეჟიმი დიდად არ შეცვლილა. ჩვეულებრივ, ვარჯიშის შემდეგ დროს ყოველთვის ოჯახთან ერთად ვატარებდი და ახლაც ასეა. უბრალოდ, ახლა გვაქვს შეზღუდვები, თავისუფლად ვერ გავდივართ გარეთ და მეგობრებსაც ვერ ვნახულობთ. ვცდილობ, როცა კარგი ამინდია, ბავშვთან და მეუღლესთან ერთად სადმე ბუნებაში გავიდეთ, ისე, რომ საფრთხე არც ჩვენ თავს შევუქმნათ და არც სხვებს. დროის გასაყვანად ვუყურებ ფილმებს და სერიალებს, დიდი დრო კი ბავშვთან თამაშში გადის. სეზონი კარგად დაიწყეთ და ასეთ ფორმაში მყოფი გუნდისთვის გაჩერება რთული იქნება. როგორი მდგომარეობაა ამჟამად "ლოკომოტივში"? სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ, ქულების მაქსიმუმი დავაგროვეთ და გვაქვს ამბიცია, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ის შრომა, რაც მოსამზადებელ პერიოდში გავწიეთ, წყალში ჩაგვეყარა და ყველაფერი თავიდან გვაქვს დასაწყები. არადა, მგონი ყველაზე მომზადებული სეზონს "ლოკომოტივი" შეხვდა. თუმცა, მთავარია ეს ვირუსი დავამარცხოთ და ყველაფერს თავიდან დავიწყებთ იმისთვის, რომ ძლიერები დავბრუნდეთ და კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.
უნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ევროტურნირებზე საკმაოდ დიდი გამოცდილებით. რა მიზნებისთვის შეუძლია გუნდს ბრძოლა ამ რესურსით? სოსო ფრუიძე გამოცდილი მწვრთნელია. მართალია, მასთან აქამდე არ მიმუშავია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მისი ხელმძღვანელობით "ჩიხურამ" ბევრ წარმატებას მიაღწია. იმედი მაქვს, "ლოკომოტივსაც" დაეხმარება წინსვლაში და წარმატებების მიღწევაში. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ დისტანციური ურთიერთობა აქვს გუნდთან, მაგრამ იმედია, მალე შევიკრიბებით და დავიწყებთ მზადებას. მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან კორღალიძეს. მან დიდი შრომა ჩადო ამ გუნდის და თითოეული ფეხბურთელის განვითარებაში და წარმატებაში. ამ მოკლე პერიოდში მისგან ბევრი რამ ვისწავლე და მისი დიდი წვლილია იმაში, რომ "ლოკომოტივი" წელს ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას, ცხადია ისიც რომ დღეს "ლოკომოტივი" პირველ ადგილზეა. ევროტურნირები ახლოვდება, ამ პაუზის გამო კი გუნდები საერთაშორისო მატჩებს ოპტიმალურ ფორმაში ალბათ ვერ შეხვდებიან. რა თქმა უნდა, ეს პაუზა ევროტურნირების წინ ხელისშემშლელია. ჯერ გაურკვეველია ვარჯიშს როდის შევძლებთ, ჩემპიონატი როდის განახლდება და ყველაფერი თავიდან იქნება დასაწყები. თანაც, ყველაფერს ისიც ართულებს, რომ მოსამზადებელი პერიოდის გავლა ადგილზე მოგვიწევს, მაგრამ სხვა ქვეყნებიც ხომ ამ პირობებში არიან და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩვენთვის კარგად დასრულდება.
"ლოკომოტივმა" აჩვენა, რომ ტიტულისთვის მებრძოლი გუნდი იქნება. რომელი გუნდები იქნებიან ამ საქმეში თქვენი მთავარი კონკურენტები? ჩვენ ყველა მატჩში მოედანზე მოსაგებად გავალთ და ნებისმიერ მეტოქესთან მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშებთ. ცხადია, ბათუმის და თბილისის "დინამო" და "საბურთალოს" უფრო დიდი რესურსი აქვთ, თუმცა უქმად ყოფნას არც სხვა გუნდები აპირებენ. ამის მაგალითია "თელავის" და "მერანის" ნაჩვენები თამაში. როგორ ფიქრობ, რა ფორმატით უნდა გაგრძელდეს სეზონი? ასეთი სიტუაციიდან გამომდინარე, დრო იმის საშუალებას არ იძლევა, რომ ჩემპიონატი ჩვეული, 36-ტურიანი ფორმატით გატარდეს. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი და სამართლიანი სეზონის 2 წრედ დასრულება იქნება.

სხვა სტატიები