ანდალუსიის სული, ანუ ქალაქი, რომელსაც შუადღით სძინავს

გრანადაში შემოსვლისთანავე თქვენ აუცილებლად დაგრჩებათ განცდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაში მოხვდით. არა, ეს არც მადრიდივით სამეფო ქალაქია, არც ბარსელონასავით გოთიკურ სტილში აგებული ან სევილიასავით კათედრალებითა თუ ვალენიასავით ღამის კლუბებით დახუნძლული, ეს პატარა და კოხტა ანდალუსიური ქალაქია, რომელიც ესპანურ კულტურასა თუ ცხოვრების წესს მშვენივრად გადმოსცემს.

ალბათ სწორედ ამიტომაც უწოდებენ გრანადას ანდალუსიის სულს. შეუძლებელია ამ ქალაქში აღმოჩნდე და ვერ იგრძნო ის ტრადიციული ატმოსფერო, რომელიც აქაურ ქუჩებში სუფევს.

ქართველების არ იყოს, ესპანური ტემპერამენტით გაჯერებული მცხოვრებლები საკმაოდ ჯიუტები არიან და მათში პატრიოტული გრძნობები წინა პოზიციაზეა წამოწეული. რთულია მათი დაყოლიება ისეთ რამეზეც კი, რაც მათ უშუალო მოვალეობაშიც კი შედის. აი მაგალითად, თუკი თქვენ ევროპის სხვა ქვეყანაში საერთაშორისოდ აღიარებულ ინგლისურ ენაზე, თუნდაც მისი არასრულფასოვნად ცოდნის შემთხვევაში, თანამოსაუბრეს თქვენს მიზანს შედარებით იოლად გააგებინებთ, ანდალუსიაში ეს ძალიან გაგიჭირდებათ. აქაურებს საკუთარი ენა ყველაზე მეტად უყვართ, ამიტომაცაა რომ ზოგჯერ განგებ, უფრო ხშირად კი იძულებით აქ თქვენი არ ესმით. აქ პრიორიტეტი საკუთარ ენაზე საუბარია და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებიც კი თავს ვალდებულად არ თვლიან, ყველასთვის მისაღებ ენას დაეუფლონ. მაგალითად, თუ რომელიმე კვების ობიექტში შეხვედით და ე.წ კარტოფილი ფრი შეუკვეთეთ, შესაძლოა მიმტანმა ალმაცერად შემოგხედოთ და ჩათვალოს რომ თქვენ უფასო საკვებს ითხოვთ…

Rad Dad on Twitter: "That awkward moment when your ex spouse shares a post about what cheating is while she had a boyfriend during your marriage… https://t.co/wD86ihnMOv"

რადგან საკვებამდე მივედით, კიდევ ერთ უცნაურ თვისებაზეც გიამობობთ, რომლისაც იქამდე არ მჯეროდა, ვიდრე საკუთარი თვალით არ აღმოვაჩინე. აქაურებისთვის დილა 07:00 საათზე იწყება, სკოლების, საბავშვო ბაღების, უნივერსიტეტების თუ სამსახურების უმეტესობა საქმიანობას ამ დროიდან იწყებს, სამაგიეროდ, ისინი შუადღეს ისვენებენ, საღამოს კი დროს გართობაში ატარებენ. ამრიგად, თუ თქვენ ამ მხარეში დღის 2-3 საათისთვის მოხვდით, შესაძლოა ქართული ფილმი “სეზონი” გაგახსენდეთ, ანდაც ცარიელი ქუჩები და სხვადასხვა დაწესებულებები კარანტინს დააბრალოთ, მაგრამ არა, ამ დროს ანდალუსიაში ძილის დროა. ამ ყველაფერში ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ თუ შუადღით გემრიელად წახემსება გადაწყვიტეთ, სჯობს სურვილს მოერიოთ და საღამომდე მოიცადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენ წრეს დაარტყამთ, მხოლოდ ქუჩების სახელების დამახსოვრებაში გაიწაფებით, თუ გაგიმართლათ, შესაძლოა ბარმენებმა გამაგრილებელი, ცხელი ან ალკოჰოლური სასმელი შემოგთავაზოთ. აი საღამოხანს კი ნებისმიერ ობიექტში ადგილის შოვნა ძალიან გაგიჭირდებათ. თუ მაინც მოახერხებთ, გირჩევთ ადგილობრივი კერძი “ხამონიდააგემოვნოთ, გარწმუნებთ, არ ინანებთ…

პარადოქსია, მაგრამ ტრადიციული მტკიცე ხასიათი გრანადელებს და მთლიანად ანდალუსიელებს თანამედროვე ტენდენციების ათვისებაშიც ეხმარებათ. როგორც კი აეროპორტს დატოვებთ და ქალაქში გაემართებით, იგრძნობთ, რომ ევროკავშირში ხართ. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა აქ უცხო ხილია, ისინი პენდანტური სიზუსტით ასრულებენ გზაზე დადგენილ მითითებებს, ტაქსის მძღოლები ღვედის შეკვრას მანქანის უკანა სავარძელზე მსხდომ პირებსაც ავალდებულებენ, (საქართველოდან ჩასვლის შემდეგ გაკვირვებას ვერ დამალავთ) არ აღელვებთ საცობი და მთავრობის წარმომადგენლების შემოსავლები, სასწრაფოსაც გზას დაუყოვნებლივ უთმობენ და არც მეზობელი ავტომობილის მძღოლს უთვლიან “გულთბილ სალამს”… სასიამოვნოა, რომ მოსახლეობის უმეტესობა ჰიბრიდის ტიპის, მეტ-ნაკლებად ეკოლოგიური და ეკონომიური მანქანებით გადაადგილდება. ყველაზე მეტად “პეჟოს”, “სიტროენის” და “ფიატის” ტიპის “ჰეშბეკები” ჭარბობს, ძვირადღირებული ავტომობილებით კი ძალიან ცოტა გადაადგილდება.

Granada - Web oficial de turismo de Andalucía

ქუჩების სივიწროვის და უმეტესად მხოლოდ ერთი ან ორი პარალელური ზოლის გამო, მოსახლეობის ახალგაზრდული ნაწილი უპირატესობას მოპედებსა და მოტოციკლებს ანიჭებს, დიდი ნაწილი კი სულაც ფეხით მოძრაობს. თანაც, ეს უკანასკნელი ცუდი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ქალაქის მოწყობის სიმეტრიული სტილი უყვარს. ქუჩების დიდ ნაწილზე თანაბარი სიმაღლის 8-9 სართულიანი შენობებია ჩამწკრივებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ საერთო სახე აქვთ. თქვენ ვერ ნახავთ ერთ შემჭიდროვებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ფორმის, ფერის თუ სამშენებლო მასალის ფასადებს, განსაკუთრებით შუშის ცათამბჯენებს, რომელიც გრანადაში საერთოდ არ დგას. ქალაქის ისტორიული მოსახლეობის დიდი ნაწილი აღმოსავლურ ფესვებს ატარებს აქ უმეტესად აზიელები, არაბები ცხოვრობდნენ და არქიტექტურასაც მუსულმანური კვალი ამჩნევია.

Excursiones a Granada, ideas para pasar un día inolvidable

თბილისის არ იყოს, მთებს შორის მოქცეული ქალაქი უმეტესად თეთრ-ყავისფერი ფერით, ნაგებობათა ფორმით და მდებარეობით და ძველ სიცილიურ დასახლებას მოგაგონებთ და შესაძლოა ვიტო კოლრლეონეს ბავშვობაც გაგახსენდეთ. ისე, დიდი დონი როგორც ჩანს, გრანადელთა სიმპატიებსაც იმსახურებს…

ანდალუსიის სული, ანუ ქალაქი, რომელსაც შუადღით სძინავს 1

ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნობას და სავიზიტო ბარათს მეცამეტე საუკუნეში აშენებული არაბული მონუმენტური კომპლექსი “ალჰამბრა” წარმოადგენს, რომელიც იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული და რომელიც ყოველწლიურად, სტუმრების რაოდენობით, ესპანეთში მხოლოდ ბარსელონაში მდებარე ლეგენდარულ “საგრადა ფამილიას” ჩამორჩება. თუმცა, ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ეს ქალაქი მაინც საფეხბურთო კლუბითაა ცნობილი, გუნდით, რომელიც ანდალუსიის ამ ულამაზეს ქალაქში ჩვენი სტუმრობის მიზეზს წარმოადგენს. ისე, მოახლოებული მატჩის წინ ქალაქს განსაკუთრებული სამზადისი არ ეტყობა. ეს შესაძლოა იმის ბრალიცაა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი არ დაიშვება, ან იქნებ მეტოქის ქომაგი ქართულ გუნდს არასერიოზულად უყურებს, თუმცა ქუჩაში “ბარსელონას” და მადრიდის “რეალის” მაისურით ათობით ახალგაზრდას გადავაწყდით, თავისი ქალაქის გუნდის გულშემატკივარი კი ძლივს აღმოვაჩინეთ…

ანდალუსიის სული, ანუ ქალაქი, რომელსაც შუადღით სძინავს 2

სპეციალურად Live.ge-სთვის, ამირან შაიშმელაშვილი გრანადადან

(189)

ანდალუსიის სული, ანუ ქალაქი, რომელსაც შუადღით სძინავს

სტატიის ავტორი
-