Belive

აკი ბაშო: ტოჩინოშინი - დღე 5

5 წლის წინ სხვა
3 წთ
გრძელდება შემოდგომის რიგით პირველი სუმოს ტურნირი აკი ბაშო, სადაც ასპარეზობას განაგრძობს ქართველი გოლიათი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი. დღეს ქართველ სეკიტორს საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავდა, წინა ბაშოს ტრიუმფატორი სეკივაკე მიტაკეუმი. მოგეხსენებათ, გუშინ ოძეკ ტოჩინოშინს 2 ბრძოლის ჩატარება მოუწია კომოსუბ ტამავაშისთან, ეს ფაქტი გამოიწვია იმან, რომ გიოჯის (გიოჯი - დოჰიოს მსაჯი) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ მონოის წევრები და განმეორებითი შეხვედრა დანიშნეს. (მონოი - მსაჯთა კონსილიუმი, რომელიც სადავო მომენტებში ერთვება საქმეში) გუშინდელ ორთაბრძოლაში ისედაც ტრავმირებულ ქართველს კიდევ ერთი ზიანი მიადგა - წარბი გაუსკდა, რის გამოც მას 6 ნაკერი დაადეს. დღეს, მიტაკეუმისთან დაპირისპირებაში ლევანი მარჯვენა თვალს ფაქტობრივად ვერ ახელდა. იაპონელმა სეკივაკემ საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა, თითქმის არანაირი საშუალება არ მისცა ქართველ ფალავანს შეტევისათვის და იორიკირის ილეთით გაიყვანა დოჰიოდან, რითაც იუშოსთვის ბრძოლა გააგრძელა - მას აკი ბაშოზე არცერთი მარცხი არ აქვს. დღევანდელი ბრძოლის დასრულების შემდეგ იაპონელი კომენტატორები ტოჩინოშინისადმი საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ, აღნიშნავდნენ, რომ მსგავს მდგომარეობაში მისგან ასეთი ასპარეზობა საოცრად დასაფასებელი ფაქტია და კიდევ უფრო დიდი გმირობა იქნება თუ იგი შეძლებს დადებითი ბალანსის დაფიქსირებას. რაც შეეხება ლევანს, შეუპოვარი ქართველის მთავარი მიზანი აკი ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირებაა, ანუ 15-დან 8 ბრძოლის მოგება. შეგახსენებთ, იგი კადობანშია ჩაყენებული და ამ მდგომარეობიდან ამოსასვლელად აუცილებლად სჭირდება დადებითი ბალანსი. (კადობანი - სიტუაცია, როდესაც ოძეკის რანგის მქონე სუმოისტი უარყოფით ბალანსს დააფიქსირებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს თავის წოდებას. ზედიზედ ორ ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში იგი დაემშვიდობება საკუთარ წოდებას). ხვალ, 14 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-6 დღე გაიმართება, სადაც ლევან გორგაძის მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა იკიოი იქნება, რომელსაც ამ ბაშოზე არცერთი შეხვედრა არ მოუგია. იკიოისა და ტოჩინოშინს შორის აქამდე 13 ორთაბრძოლაა გამართული, საიდანაც ქართველმა გოლიათმა გამარჯვება 9-ჯერ იზეიმა. შეგახსენებთ, სუმოს პირდაპირი რეპორტაჟის ყურება ქართული კომენტირებით ყოველდღიურად 11:00 საათიდან შეგიძლიათ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე Live.ge.

სხვა სტატიები