Belive

აკი ბაშო: ტოჩინოშინი – დღე 7 (ვიდეო)

5 წლის წინ სხვა
3 წთ
გრძელდება შემოდგომის რიგით პირველი სუმოს ტურნირი აკი ბაშო, სადაც ასპარეზობას განაგრძობს ქართველი გოლიათი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი. დღეს, ქართველი სეკიტორის წინააღმდეგ სეკივაკე იჩინოჯო დადგა. გასული 6 დღის გათვალისწინებით იჩინოჯოსთან შეხვედრაში ლევანი უპირობო ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა ქართველს მუხლის ტრავმასთან, აკი ბაშოს მეოთხე დღის ბრძოლის დროს წარბზეც მიადგა ზიანი, სადაც 6 ნაკერი დაადეს, სწორედ ამიტომ შეხვედრას საკმაოდ დაძაბული მოლოდინი ჰქონდა. საკმაოდ მძლავრი ტაჩიაის (ტაჩიაი - სასტარტო შეჯახება) შემდეგ ლევანმა შესანიშნავად შეარჩია პოზიციები, თითქმის არანაირი საშუალება არ მისცა მეტოქეს შეტევის დაწყებისათვის და იორიკირის ილეთით გააძევა დოჰიოდან. შეგახსენებთ, რომ ლევანის მეტოქე დღეს 227 კილოგრამიანი სუმოისტი, მონღოლი გოლიათი - იჩინოჯო გახლდათ. ტრადიციულად აღვნიშნოთ, რომ შეუპოვარი ქართველის მთავარი მიზანი აკი ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირებაა, ანუ 15-დან 8 ბრძოლის მოგება. შეგახსენებთ, იგი კადობანშია ჩაყენებული და ამ მდგომარეობიდან ამოსასვლელად აუცილებლად სჭირდება დადებითი ბალანსი (კადობანისიტუაცია, როდესაც ოძეკის რანგის მქონე სუმოისტი უარყოფით ბალანსს დააფიქსირებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს თავის წოდებას. ზედიზედ ორ ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში იგი დაემშვიდობება საკუთარ წოდებას). დღევანდელი გამარჯვებით ლევან გორგაძე ანუ ტოჩინოშინი კიდევ უფრო მიახლოვდა სასურველ შედეგს, მან დღეს მე-5 გამარჯვება ჩაიწერა აქტივში 2 დასანანი მარცხის პირისპირ, ასე რომ სულ რაღაც 3 ორთაბრძოლის მოგება აკლია ქართველ ფალავანს ოძეკის სტატუსის შესანარჩუნებლად. ხვალ, 16 სექტემბერს, აკი ბაშოს მე-8 დღე გაიმართება, სადაც ლევან გორგაძის მეტოქე იაპონელი ოძეკი გოეიდო იქნება. ჩვენი ხვალინდელი მეტოქე წლების განმავლობაში ოძეკის სტატუსით მოასპარეზე, საკმაოდ გამოცდილი სუმოისტია, რომელსაც აკი ბაშოზე მხოლოდ 1 წაგება აქვს აქტივში. ურთიერთშეხვედრებში იაპონელი ფლობს უპირატესობას, აქამდე გამართული 25 შეხვედრიდან 15-ში გამარჯვებული გოეიდო გახლდათ, ხოლო 10 ბრძოლა ტოჩინოშინის აქტივშია. იაპონელი კომენტატორების აზრით, სწორედ ტოჩინოშინისა და გოეიდოს დაპირისპირება იქნება დღის ცენტრალური შეხვედრა. ქართველი და იაპონელი ოძეკების დაპირისპირებას დაახლოებით 12:20 საათიდან ველოდებით. შეგახსენებთ, სუმოს პირდაპირი რეპორტაჟის ყურება ქართული კომენტირებით ყოველდღიურად 11:00 საათიდან შეგიძლიათ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე Live.ge.  

სხვა სტატიები