Belive

დაუმარცხებელი, თავდაჯერებული, საამაყო - ტატო გრიგალაშვილის შთამბეჭდავი სტატისტიკა

3 წლის წინ სხვა
6 წთ
12 იანვარს, დოჰას მასტერსის II საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით 3 სპორტსმენი ასპარეზობდა, თუმცა წარმატებას მხოლოდ ერთმა - ტატო გრიგალაშვილმა მიაღწია, რომელმაც -81 კგ წონით კატეგორიის ფინალში, ჰოლანდიელი - ფრენკ დე ვიტი დაამარცხა და დოჰას მასტერსის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ფალავანმა დიდი წარმატების გზა გააგრძელა, რომელიც 2020 წლის 22 თებერვალს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დაიწყო.
2020 წლის 22 თებერვლის შემდეგ ტატო გრიგალაშვილმა ზედიზედ 4 ტურნირის მოგება შეძლო და ზედიზედ 21 ბრძოლაა არ დამარცხებულა

დიუსელდორფის გრან სლემი (2020 წლის 22 თებერვალი)

2020 წლის 22 თებერვალს, მანამ სანამ მსოფლიოში კოვიდპანდემია ფეხს მოიკიდებდა, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი, დიუსელდორფის გრანდ სლემი დაიწყო. 20 წლის ტატო გრიგალაშვილისთვის ეს რიგით მეორე გრანდ სლემი იყო, სადაც მონაწილეობას იღებდა. მას ამ ტურნირის ბადეში არ გაუმართლა, რადგან ბადეში 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი, იაპონელი - ტაკანორი ნაგასე ჰყავდა, სწორედ მასთან ჰქონდა პირველი შეხვედრა, რომელიც ტატოს კარიერისთვის უდიდესი გამოცდილება უნდა ყოფილიყო და რეალურად, მისგან გამარჯვებას არავინ ითხოვდა, თუმცა 20 წლის ტატო გრიგალაშვილმა გრანდ სლემი სენსაციით დაიწყო და უძლიერესი იაპონელი მეტოქე დაამარცხა. ნაგასეს დამარცხების შემდეგ იტალიელი - ანტონიო ესპოსიტო, შემდეგ კი გერმანელ მეტოქესთანაც დიდებულად იასპარეზა და 1/4 ფინალში გავიდა. 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში ფრანგი - ალფა დიალოც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. გრიგალაშვილს ფინალამდე და ოცდენის ახდენამდე ერთი ნაბიჯიღა აკლდა. ნახევარფინალში ყირგიზი მეტოქეც არ დაინდო და დიუსელდორფის გრანდ სლემის ფინალში გავიდა, სადაც ოლიმპიური ჩემპიონი, თანაც რუსი - ხასან ხალმურზაევი ელოდა. ტატოსადმი, ძიუდოს ქართველი გულშემატკივარების აღტაცება სწორედ აქედან დაიწყო, როდესაც 20 წლის ქართველმა ფალავანმა, ძალიან გამოცდილი, პროფესიონალი, ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და დიუსელდორფის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. საერთო ჯამში, დიუსელდორფის გრანდ სლემზე, ტატო გრიგალაშვილმა 6 მეტოქის დამარცხება მოახერხა და კარიერაში პირველი გრანდ სლემის ტიტული მოიპოვა.

23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (2020 წლის 9 ნოემბერი)

დიუსელდორფის გრანდ სლემის შემდეგ კოვიდპანდემიის გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ტურნირების უმეტესობა გადაიდო, შესაბამისად, ძიუდოისტებს პრაქტიკა და ტატამზე ასპარეზობა მოაკლდათ. პირველი ტურნირი, სადაც დიუსელდორფის გრანდ სლემის შემდეგ ტატო გრიგალაშვილმა იჭიდავა, 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი იყო, რომელიც, ხორვატიის ქალაქ პორეცში ჩატარდა. ტატო ამ ტურნირს მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდა. ასპარეზობა განთესვით, მეორე რაუნდიდან დაიწყო და პირველივე ბრძოლაში იოლი გამარჯვება ფრანგ მეტოქესთან მოიპოვა. მესამე ეტაპზე აზერბაიჯანელ მეტოქეს დაჯაბნა, რომელსაც იტალიელიც მიაყოლა და ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში უნგრელს მოუგო, ფინალში კი შვეიცარიელი მეტოქე უმარტივესად, წუთზე ნაკლებ დროში დაამარცხა და ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა. საბოლოოდ, 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ტატომ 5 მეტოქეს აჯობა.

ევროპის ჩემპიონატი (2020 წლის 20 ნოემბერი)

ზედიზედ ორი ტურნირის გამარჯვების შემდეგ, ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ტატო გრიგალაშვილს წარმატება დაუფასა და ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა, რომელსაც ქართველი ფალავანი ბრწყინვალე ფორმაში ხვდებოდა. აღსანიშნავია, რომ "დიდებს" შორის, ეს მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი იყო. ქართველ გულშემატკივარს ტატო გრიგალაშვილის იმედი ჰქონდა, რადგან განვლილი თვეების განმავლობაში ტატომ, თავის უსაზღვრო შესაძლებლობებს ნათელი მოჰფინა. სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო და პირველ ეტაპზე იტალიელი - კრისტიან პარლატი დაამარცხა, მეორე ეტაპზე ბერძენი - თეოდორას დემოურსიდისი, 1/4 ფინალში კი ლუკა მაისურაძეს გადაეკვეთა, სადაც რეალურად ბრძოლა ოლიმპიადის საგზურისთვის იმართებოდა. გრიგალაშვილმა მაისურაძეც სძლია და ნახევარფინალში გავიდა, რაც თავისთავად სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე დიდ წარმატებას წარმოადგენდა. იგი ამ წარმატებას არ დასჯერდა და უფრო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა დაიწყო, როდესაც ნახევარფინალში მოქმედი ევროპის ჩემპიონი, ბელგიელი - მატიას კასე დაამარცხა. ევროპის ჩემპიონობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი, ფინალში კი ბულგარელი - ივაილო ივანოვი ელოდა. ტატომ ევროპის ჩემპიონატზე "ქვა-ქვაზე" არ დატოვა და ფინალში, ისევე როგორც მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინვალე ბრძოლა აჩვენა, რასაც ლოგიკური დასასრული, ევროპის ჩემპიონობა მოჰყვა. ტატომ ზედიზედ მესამე ტურნირის შეძლო. ევროპის ჩემპიონატზე კი მან 5 ბრძოლა მოიგო.

დოჰას მასტერსი (2020 წლის 12 იანვარი)

2021 წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი, ყატარის დედაქალაქ დოჰაში ტარდებოდა. დოჰას მასტერსი ტატოსთვის კვლავ წარმატებული ტურნირი გამოდგა. ტატო გრიგალაშვილმა ბოლო 4 ტურნირი ზედიზედ მოიგო. დოჰას მასტერსზე ტატომ 5 მეტოქე დაჯაბნა: ატილა უნგავრი, ანტონიო ესპოსიტო, ალან ხუბეცოვი, სუნგჰო ლი და ფრენკ დე ვიტი.

   

სხვა სტატიები