Belive

დინამო თბილისი Vs. ფერენცვაროში | ყველაფერი მატჩის შესახებ

2 წლის წინ სხვა
7 წთ
11 იანვარს, წყალბურთის კლუბი “დინამო თბილისი”, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩს, საშინაო არენაზე, უნგრული “ფერენცვაროშის” წინააღმდეგ გამართავს. უმაღლესი კატეგორიის ევროპულ ტურნირზე სულ 16 გუნდია, რომელიც 2-ჯგუფში თანაბარი რაოდენობითაა გადანაწილებული. სამწუხაროდ, ამ მხრივ ქართულ კლუბს არ გაუმართლა, ვინაიდან უძლიერესი გუნდებით დაკომპლექტებულ ჯგუფში აღმოჩნდა. ამ სპორტის ექსპერტებმა, ამ მოცემულობას სახელიც შესაბამისი - "სიკვდილის ჯგუფი" შეარქვეს. (ქვემოთ ბევრ საინტერესო რამეს წაიკითხავ და ნახავ, მაგრამ თუ კითხვა "გეზარება" დააჭირე აქ.)
ურნაში გადატანა

ზოგადი ინფორმაცია


21-22 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც "დინამო თბილისმა" საშინაო არენაზე "ნოვი ბეოგრადს" უმასპინძლა, რომელთან შეხვედრაც ანგარიშით - 8:17, სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.

რაც შეეხება "ფერენცვაროშს", დინამოელების მსგავსად, ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩი, მათაც საშინაო არენაზე გამართეს, სადაც ხორვატიული "იადრან სპლიტი", ანგარიშით - 14:8, დაამარცხეს. ზემოთხსენებული მატჩების შემდეგ არც საქართველოს და არც უნგრეთის ჩემპიონატის შეხვედრები არ ჩატარებულა, შესაბამისად რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ორივე გუნდისთვის პირველია. აღსანიშნავია, რომ "ფერენცვაროში" უნგრეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, 10 მოგებითა და 1 ფრით, მე-3 პოზიციას იკავებს, თუმცა მასზე წინ მყოფ გუნდებზე 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და უხეშად რომ ვთქვათ, პოტენციური პირველადგილოსანია.

როგორც ზემოთ გითხარით, საახალწლო შესვენებაა საქართველოს ჩემპიონატშიც, სადაც პირველი წრე დასრულდა. "დინამო თბილისი" ადგილობრივ ჩემპიონატში ერთპიროვნული ლიდერია, მათ 5-დან 5 გამარჯვება აქვთ.   

როგორი გუნდია ფერენცვაროში და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?



პირველ რიგში რაც უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე 16-ვე გუნდი, "დინამო თბილისის ჩათვლით, უმაღლესი სტანდარტების მქონე გუნდია, წინააღმდეგ შემთხვევაში LEN-ისგან ეგრეთ წოდებულ აკრედიტაციას ვერ მიიღებდნენ. "ფერენცვაროში", როგორც კლუბი, უნგრული წყალბურთის სახეა. უნგრული წყალბურთი კი თავის მხრივ როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს მასტაბით გამორჩეულია. უნგრული წყალბურთის სკოლა და შესაბამისად "ფერენცვაროშიც", განსაკუთრებულია სისწრაფითა და აგრესიული შეტევებით, რაც თითოეული ოპონენტისათვის მნიშვნელოვანი დისკომფორტია. საყურადღებოა, რომ "ფერენცვაროშს" ზედიზედ 17 თამაშია წაგება არ აქვს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათ სიძლიერეს. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ "ფერენცვაროში" ერთ-ერთი ყველაზე შეთამაშებული გუნდია, რომელმაც 2018-19 წლების სეზონი, შთამბეჭდავი თამაშის ხარჯზე, ტრიუმფალურად დაასრულა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ზოგად ჭრილშიც რომ შევხედოთ მოცემულობას, უნდა ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში მოხვედრილი გუნდების უმეტეს ნაწილს, ძალიან რეალური შანსი აქვს, რომ 2021-22 წლების სეზონი ჩემპიონობით დაასრულოს.

დანაკლისი



11 იანვრის მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისურ გუნდს უდიდესი თავსატეხი დაატყდა თავს - გუნდის 5 საკმაოდ მნიშვნელოვანი (!) მოთამაშე Covid-19-ით დაინფიცირდა. რეზი იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, იოვან სარიჩი, ირაკლი რაზმაძე და ნიკა შუბლაძე - სწორედ ესაა ის ხუთეული, რომელიც "ფერენცვაროშთან" გასამართი მნიშვნელოვანი მატჩის წინ გუნდს ვერ დაეხმარება. აღნიშნულიდან გამომდინარე დინამოელები და განსაკუთრებით მათი ხელმძღვანელობა, დილემის წინაშე დადგნენ - თუ რამდენად შეძლებდა გუნდი "ფერენცვაროშის" წინააღმდეგ ასპარეზობას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია - შეხვედრა ჩატარდება და გუნდში არსებული დანაკლისიდან გამომდინარე საკუთარ შანსს არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე მიიღებს. რაც შეეხება "ფერენცვაროშს", მათ დენეშ ვარგა არ ეყოლებათ, რომელიც არამხოლოდ უნგრულ კლუბში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო წყალბურთელია საკუთარ პოზიციაზე. ვარგასთან ერთად ლაზარეთში ზოლტან პოლია, თუმცა ეს უკანასკნელი გუნდს უკვე დიდი ხანია აკლია. შესწორება: იოვან სარიჩი განმეორებითი ტესტირების შედეგად კოვიდ-უარყოფითი აღმოჩნდა, შესაბამისად ითამაშებს, თუმცა თავდაპირველი ტესტის ცდომილების გამო ვარჯიშებს არ დასწრებია და მისი ფიზიკური მდგომარეობა ფაქტობრივად განახევრებულია.

მწვრთნელების კომენტარი



"პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თითოეულ შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. დინამოს წინააღმდეგ თამაში 2022 წელს პირველია და მაქსიმალურად ვკონცენტრირდებით გამარჯვების მოსაპოვებლად, თანაც ოპონენტ გუნდში ბევრი მოთამაშეა ლაზარეთში, რაც ჩვენს მიზანს უფრო ამარტივებს ", - აცხადებს ზოლტ ვარგა.
"გუნდში ძალიან რთული პერიოდია, ვინაიდან მატჩამდე გარკვეული პერიოდით ადრე, Covid-19-ის მიზეზით, 5 მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოგვაკლდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დინამო თბილისი დანებდება! ჩვენ ვიბრძოლებთ და გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს" "ერთ-ერთ ფავორიტ გუნდს ვეთამაშებით და მაქსიმუმის გაღების გარეშე არაფერი გამოვა. ამავდროულად, დანაკლისიდან გამომდინარე, საკუთარ შანსს ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მიიღებს. შესაბამისად ფერენცვაროშთან თამაში მათი კარიერული ზრდისა და განვითარების პირდაპირპროპორციულია, - განაცხადა ზუკა რურუამ.

შედეგობრივი მოლოდინი



როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე წარმოუდგენელზე მეტად რთულ ჯგუფშია და ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მომდევნო მეტოქე, ჯგუფის ლიდერ "ბრეშასთან" ერთად, 6 ტურის შემდეგ ერთადერთი წაუგებელი გუნდია. დარგის ექსპერტების შეფასებით, "დინამო თბილისისა" და "ფერენცვაროშის" წყვილს შორის გამოკვეთილი ფავორიტი ეს უკანასკნელები არიან. ეს მოსაზრება კიდევ უფრო გაძლიერდა იმის შემდეგ, რაც ქართულ გუნდს 5 მოთამაშე Covid-19-ით დაინფიცირების გამო გამოაკლდა. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრა, ასეთი ფორმულირებითაც შეიძლება შევაფასოთ - ეს არის მატჩი, რომელიც აქამდე გამართულ შეხვედრებს შორის ყველაზე საფრთხილოა, ვინაიდან ჩვენი გუნდი LEN-თან საკუთარი იმიჯის შენარჩუნების გამო უდიდეს რისკზე წავიდა. დაბოლოს, როგორც თითოეულ შეხვედრას, ამ დაპირისპირებასაც შეხვედრას ასეთი პათოსით შეგვიძლია შეხვედოთ - ქართული წყალბურთის განვითარებისა და მშენებლობისათვის აუცილებელი კიდევ ერთი აგური, რომელსაც ან უნგრელები დაადებენ ჩვენს "კონსტრუქციას" ან მინიმუმ არწაგების შემთხვევაში ამას ჩვენ თავადვე ვიზამთ, თუმცა თუ გულწრფელები ვიქნებით ამ შეხვედრის არწაგება სასწაულის ტოლფასია.

სად ვუყუროთ?



ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრას, სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი" უმასპინძლებს, სადაც კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე 300 მაყურებელი იქნება დაშვებული.  ყურება პირველ რიგში სასწავლო-საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკზეა" შესაძლებელი, თუმცა თუ დასწრებას ვერ ახერხებთ - ქართულ-უნგრული დაპირისპირება თბილისის დროით, 19:00 საათზე, Live.ge-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და საქართველოს პირველ არხზე გაშუქდება.

სხვა სტატიები