Belive

დინამო თბილისი Vs. რადნიჩკი | სრული ისტორია

2 წლის წინ სხვა
4 წთ

14 დეკემბერს, წყალბურთის კლუბი "დინამო თბილისი", ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, ჯგუფური ეტაპის მორიგ მატჩს სერბეთში, ადგილობრივი "რადნიჩკის" წინააღმდეგ გამართავს.  უმაღლესი კატეგორიის ევროპულ ტურნირზე სულ 16 გუნდია, რომელიც 2-ჯგუფშია გადანაწილებული. სამწუხაროდ, ამ მხრივ ქართულ გუნდს არ გაუმართლა, ვინაიდან უძლიერესი გუნდებით დაკომპლექტებულ ჯგუფში აღმოჩნდა. ამ სპორტის ექსპერტებმა, ამ მოცემულობას სახელიც შესაბამისი - "სიკვდილის ჯგუფი" შეარქვეს.  (ქვემოთ ბევრ საინტერესო რამეს წაიკითხავ და ნახავ, მაგრამ თუ კითხვა "გეზარება" დააჭირე აქ.)

ზოგადი ინფორმაცია


თბილისელებმა მნიშვნელოვან ოფიციალურ მატჩამდე, რუმინეთის ჩემპიონ, ბუქარესტის "სტიაუასთან" 3 ამხანაგური შეხვედრა გამართეს, საიდანაც ორი მატჩი გამარჯვებით, ერთი კი საყაიმო ანგარიშით - 9:9, დაასრულეს.

ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას, ერთ დროს სერბეთის სამთავროს დედაქალაქი, კრაგუევაცი მასპინძლობს. იქედან გამომდინარე, რომ სერბები ქომაგობით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ერია, "ზატვორენი ბაზენი კრაგუევაც"-ზე ასპარეზობა ქართველებისთვის საკმაოდ მძიმე იქნება. წყალბურთის ექსპერტებმა შეხვედრის გამორჩეულ ფავორიტად "რადნიჩკი" მიიჩნიეს, რომელთაც თბილისელთა მსგავსად, ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ჯერ კიდევ არ აქვთ აქტივში.

დანაკლისი



"დინამო თბილისს" "რადნიჩკის" წინააღმდეგ გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, ანდრო ბითაძე ვერ დაეხმარება, რომელიც კოვიდინფიცირებულია. ანდრო გუნდის ძირითადი ცენტრია, თუმცა ამ მხრივ ქართულ კლუბს სანდრო ადეიშვილის სახით კარგი შემცვლელი ჰყავს, რომელმაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. თავის მხრივ გუნდს არწიომ დიხტარენკოც დააკლდება, თუმცა გუნდის სამწვრთნელო შტაბი მიუხედავად დანაკლისისა შეხვედრას იმედის თვალით უყურებს. სერბული კლუბი ამ მხრივ ფაქტობრივად სრულყოფილია.

მწვრთნელების კომენტარი



ტრადიციულად, შეხვედრამდე ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა. "ეს შეხვედრა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ფავორიტების სტატუსით ვართ წარმოდგენილნი. ჩვენ უნდა შევძლოთ და სწორხაზოვანი თამაშით ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში პირველი გამარჯვება და 3 ქულა მოვიპოვოთ", - აცხადებს სერბული კლუბის მთავარი სპეციალისტი უროშ სტევანოვიჩი.
"ჩვენი ძირითადი ამოცანა მიუხედავად დანაკლისისა არის ის, რომ ვაჩვენოთ პროგრესი. გავაუმჯობესოთ თამაში როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. ამავდროულად, ყოველ თამაშში მინიმუმადე დავიყვანოთ შეცდომები და ის, რაც ვარჯიშზე ვისწავლეთ ავსახოთ მატჩზეც. ზედმეტი მგონია მეტოქეზე საუბარი, ან ჩუკის, ვრიჩის, რადულოვიჩის ან სხვა მოთამაშეების სათამაშო კლასის ხაზგასმა. ჩვენ ეს ყველამ ვიცით. ისიც ვიცით, თუ რა დონეზეა მეტოქე და რა დონეზე ჩვენ, მაგრამ ეს იმის ვალდებულებისგან არ გვათავისუფლებს რომ ვიბრძოლოთ, გვქონდეს კარგი დისციპლინა და ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. ჩემი მოთამაშეებისგან სიმამაცეს, მოხერხებულობას და საკუთარი თავის პატივისცემას ვითხოვ", - აცხადებს დეიან სტანოიევიჩი.

მოთამაშეების კომენტარი | VIDEO



გადადებული რეისი



როგორც ვიდეოდან მიხვდით, ქართველ წყალბურთელებს რუმინეთიდან სერბეთში გამგზავრებისას საკმაოდ დამღლელი, 9-საათიანი ლოდინი მოუწიათ, რაც იქედან გამომდინარეობდა, რომ ბელგრადის ნიკოლა ტესლას სახელობის აეროპორტი უამინდობის გამო რეისებს ვერ იღებდა.

სად ვუყუროთ?



მიუხედავად ყველაფრისა, თბილისურ გუნდში ზუსტად ისეთი განწყობაა, როგორიც ზემოთნაჩვენებ ფოტოზეა. ქართულ-სერბული დაპირისპირება თბილისის დროით, 23:30 საათზე, Live.ge-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და საქართველოს პირველ არხზე გაშუქდება.

სხვა სტატიები