Belive

ძიუდო, ევროპის ჩემპიონატი - 3 ოქროსა და 2 ბრინჯაოს შანსი

4 წლის წინ სხვა
2 წთ
ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ბრწყინვალედ ასპარეზობს საქართველოს ნაკრები. პირველ დღეებში ოქროს მედლები ეთერ ლიპარტელიანმა, გიორგი თუთაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს, დღეს კი საქმეში მამაკაცებს შორის 90,100 და +100 ხოლო ქალებს შორის 70 და +78 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ჩაერთვნენ. 90 კგ-ში წონის ფავორიტმა ლაშა ბექაურმა ესტონელი საიმონ სულა, გერმანელი ლუი მაისი (8 წამში) და რუსი მანსურ ლორსანოვი დაამარცხა და ფინალში უნგრელ როლანდ გოზს დაუპირისპირდება. ამავე წონაში მიხეილ ბექაური ბრინჯაოს მედლისთვის სწორედ მანსურ ლორსანვს დაუპირისპირდება. 100 კგ-ში ოქროს შეუტევს ილია სულამანიძე. ფინალის გზაზე ილიამ იტალიელი ენრიკო ბერგამელი, კოსოვოელი შპატი ზეკაი, ლატვიელი ემილს გერკენსი და უნგრელი ზომბორ ვეგი ჩამოიცილა და ფინალში უკრაინელი იევგენ ვეჰერას დაეჭიდება. მძიმე წონაში ფავორიტის სახელს ამართლებს გელა ზაალიშვილი. გელა ფინალში ფაქტიურად უპრობლემოდ გავიდა, მანამდე კი ბოსნიელი იგორ ვრაჩარი, უკრაინელი ევგენი ბალიევსკი და უნგრელი რიჩარდ სიპოჩი დაამარცხა. ფინალში გელას მეტოქე გერმანელი ერიკ აბრამოვი იქნება. ამავე წონაში ბრინჯაოსთვის იჭიდავებს საბა ინანეიშვილი, რომელიც სწორედ ზაალიშვილის მიერ ძლეულ უნგრელ სიპოჩს შეხვდება. წარუმატებლად იასპარეზეზეს სალომე მაყიშვილმა და სოფიო სომხიშვილმა ქალებს შორის +78 კგ წონით კატეგორიაში, ორივე მათგანი პირველ ეტაპზე დამარცხდა.

სხვა სტატიები