ახალი წონა, ახალი მიზნები – დარია ბილოდიდი ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს

უკრაინელმა ძიუდოისტმა – დარია ბილოდიდმა დაადასტურა, რომ იგი ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს, იჭიდავებს თანაც ახალ წონაში, -57 კგ წონით კატეგორიაში. დარია ბილოდიდი -48 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და სწორედ ამ წონაში 2-გზის ევროპისა და 2-გზის მსოფლიო ჩემპიონია, ასევე ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი, ეს ყველაფერი კი მან 21-წლის ასაკამდე შეძლო.

21 წლის უკრაინელმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ორი წონითი კატეგორიით ზემოთ აიწია და ახლა -57 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს, სადაც ასევე ასპარეზობს საქართველოს N1 ქალი ძიუდოისტი – ეთერ ლიპარტელიანი.

დარია ბილოდიდი ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ტატამზე არ გვინახავს, სწორედ მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად იჭიდავებს. მიუხედავად იმ გასაჭირისა და ომისა, რაც მის სამშობლოში ხდება, დარიამ თავი ესპანეთს, კერძოდ კი ვალენსიას შეაფარა და ვარჯიში განაახლა, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ კარგ ფორმაშია და ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობას შეძლებს.

-48 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობისას, დარია ბილოდიდის წარმატებაში, ერთ-ერთი მთავარი როლი მისმა სიმაღლემ (172 სმ) ითამაშა. სწორედ ამ წონაში, მისი მთავარი კონკურენტი, იაპონელი – ფუნა ტონაკი იყო, რომელიც სიმაღლეში 148 სმ-ია. -57 კგ წონით კატეგორიაში კი სიმაღლის დიდი უპირატესობა აღარ ექნება, მისი მთავარი კონკურენტი, ოლიმპიური ჩემპიონი, კოსოვოელი – ნორა გიაკოვა იქნება, რომელიც 165 სანტიმერტია. შესაბამისად, თუ როგორ იჭიდავებს ახალ წონაში 21 წლის უკრაინელი ამომავალი ვარსკვლავი, ამას დრო გვაჩვენებს.


ევროპის ჩემპიონატზე, -57 კგ წონით კატეგორიაში ლიდერებად შემდეგი ძიუდოისტები მოიაზრებიან: სარა სისიკე (საფრანგეთი); ტელმა მონტეირო (პორტუგალია); ტიმნა ნელსონ ლევი (ისრაელი); ეთერ ლიპარტელიანი (საქართველო) და პრისცილა გნეტო (საფრანგეთი).


შეგახსენებთ, რომ უკრაინელების სიამაყე – დარია ბილოდიდი, ძიუდოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა (17 წლის) მსოფლიო ჩემპიონია.

ახალი წონა, ახალი მიზნები – დარია ბილოდიდი ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს

სტატიის ავტორი
-