დიუსელდორფის გრანდ სლემი – ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

21-23 თებერვალს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ძიუდოს ტურნირი, დიუსელდორფის გრან სლემი გაიმართება. რამდენიმე წუთის წინ კი გაირკვა ბადეები და ქართველი ფალავნების მეტოქეები.

I საშეჯიბრო დღე 

21 თებერვალს დიუსელდორფის გრან სლემი იწყება. პირველივე დღეს კი საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი იასპარეზებს: -60 კგ წონითი კატეგორია (ჯაბა პაპინაშვილი; თემურ ნოზაძე); -66 კგ წონითი კატეგორია (ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი)

-60 კგ წონით კატეგორიაში არცერთი ქართველი არ არის განთესილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვებიან. ჯაბა პაპინაშვილის მეტოქე ავსტრალიელი – ჯოშუა კატსი იქნება, ხოლო თემურ ნოზაძე კი გერმანელ – მორიტს პლაფკისთან შეეცდება შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებას.

რაც შეეხება -66 კგ წონით კატეგორიას, აქ ორივე ქართველი განთესილია და ისინი საქმეში მეორე ეტაპიდან ჩაერთვებიან. ვაჟა მარგველაშვილი საკუთარ ბედს ალჟირელ – ვეილ ეზინთან გაარკვევს, ხოლო ბაგრატ ნინიაშვილი კი ისრაელი წარმომადგენელ – ტალ ფლიკერს დაუხვდება.

II საშეჯიბრო დღე

მეორე საშეჯიბრო დღე სტარტს 22 თებერვალს აიღებს, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას: ფრიდონ გიგანი,ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ); ნუგზარ ტატალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) დაიცავენ.

ფრიდონ გიგანი განთესილი არ არის და იგი პირველ რაუნდში ფარეს ბადავის დაუპირისპირდება, ხოლო 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქე ბოცვანელი – ტირელო ლეკოკოა.

რაც შეეხება -81 კგ-ს, ნუგზარ ტატალაშვილი განთესილია და მეორე ეტაპზე რუს – ასლან ლაპინაგოვს დაუპირისპირდება, ხოლო ტატო გრიგალაშვილი პირველივე ეტაპზე ყატარელ – მორად ზემორთან იჭიდავებს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში კი -81 კგ წონით კატეგორიის ლიდერ იაპონელს – ტაკანორი ნაგასეს შეებრძოლება.

III საშეჯიბრო დღე

მესამე საშეჯიბრო დღით დასრულდება დიუსელდორფის გრან სლემი და საქართველოს ნაკრების უძლიერესი შემადგენლობა სწორედ ბოლო დღეს იჭიდავებს, ესენი არიან: ბექა ღვინიაშვილი  და ლაშა ბექაური (-90 კგ); ნიაზ დიასამიძე და გიორგი ჩიქოვანი (-100 კგ); ონისე ბუღაძე და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

-90 კგ წონით კატეგორიაში ორივე ქართველი განთესილია და ორივე ქართველი ერთ B ბადეში მოხვდა. ბექა ღვინიაშვილი მეორე ეტაპზე ყირგიზ – ერლან შეროვს და ეგვიპტელ – ალი ჰამეზს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ლაშა ბექაური კი ლატვიელ – ალექსეი ზარუდნევსა და მავრიტანიელ – რემი ფეულეტს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

-100 კგ წონით კატეგორიაში ნიაზ დიასამიძეს მეტოქე კენიელი – ჯორჯ კიმანი იქნება, ხოლო გიორგი ჩიქოვანის კი ყაზახი – აიბეკ სერიკბაიევი.

რაც შეეხება მძიმე წონას, +100 კგ-ში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი – გურამ თუშიშვილი, საქმეში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე უზბეკი – ალიშერ იუსუფოვი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი 2018 წლის ფინალი განმეორდება, სადაც გურამის მეტოქე წარმოშობით ქართველი, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე – უშანგი კოკაური იქნება. ონისე ბუღაძე კი გერმანელ – იონას შრეიბერს დაუპირისპირდება.

Live.ge ქართველ ძიუდოისტებს წარმატებას უსურვებს.

(1294)

დიუსელდორფის გრანდ სლემი – ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

სტატიის ავტორი
-