დიუსელდორფის გრანდ სლემი ბოლო – მესამე დღე: მედლების მოლოდინში (პრევიუ)

ხვალ, 24 თებერვალს, გერმანიაში კერძოდ კი დიუსელდორფში, სტარტს აიღებს 2019 წლის რიგით მეორე გრანდ სლემის ბოლო – საფინალო დღე. დიუსელდორფის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 11 სპორტსმენი იყო, თუმცა ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს 2 ფალავანი: ვაჟა მარგველაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი გამოაკლდა.

ხვალ, ბოლო საშეჯიბრო დღეს, მამაკაცებში -90, -100  და +100 , ხოლო ქალებში -78 და +78 კილოგრამ წონით კატეგორიები იასპარეზებენ.

-90 კგ

-90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით მსოფლიოს ჩემპიონი – ავთანდილ ჭრიკიშვილი იასპარეზებს. ავთანდილ ჭრიკიშვილი  შეჯიბრში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე რუსი – მიხაილ იგოლნიკოვი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, ავთანდილის შემდეგი მეტოქე ფრანგ – ლოიკ პიეტრსა და პოლონელ – რაფალ კოზლოვსკის შორის გამარჯვებული იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში უნდა ეჭიდავა გიორგი პაპუნაშვილს, თუმცა მან ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო და დიუსელდორფის გრანდ სლემზე ასპარეზობა ვერ შეძლო.

-100 კგ

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი – ვარლამ ლიპარტელიანი და  ლაშა ტაველური იასპარეზებენ. ვარლამი შეჯიბრში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე გერმანელ – ფილიპ გალანდსა და ბულგარელ – დანიელ დიჩელს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება ლაშა ტაველურს, ლაშა პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება შეჯიბრში და მისი მეტოქე ლატვიელი – ევგენის ბოროდავკო იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, მისი მეტოქე მეორე ეტაპზე ბრაზილიელ – რაფაელ ბუზაკარინისა და ჩეხ – მიშალ ჰორაკს შორის გამარჯვებული იქნება.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ წონით (-100) ლიდერი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი – ვარლამ ლიპარტელიანია.

+100 კგ

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით,  -ონისე ბუღაძე და  ლევან მატიაშვილი იასპარეზებენ. ონისე ბუღაძე შეჯიბრში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ყირგიზი – იური კრაკოვეცკი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ონისე უძლეველ იაპონელს – ჰისაიოში ჰარასავას დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ლევან მატიაშვილს, ლევანი შეჯიბრში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ამ წონის ერთ-ერთი ლიდერი, ბრაზილიელი – რაფაელ სილვა იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, ლევანი მესამე ეტაპზე იაპონელ – იუსი ოგავასა და ტუნისელ – ფეისელ ჯაბალაჰს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დიუსელდორფის გრანდ სლემის ფინალური დღე სტარტს ხვალ, თბილისის დროით 11:30 საათზე აიღებს, ხოლო ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

Live.ge წარმატებას უსურვებს ქართველ ძიუდოისტებს.

 

(411)

დიუსელდორფის გრანდ სლემი ბოლო – მესამე დღე: მედლების მოლოდინში (პრევიუ)

სტატიის ავტორი
-