ხვალ, 29 აპრილს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, სტარტს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე აიღებს, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ 4 სპორტსმენი იჭიდავებს.
პირველ საშეჯიბრო დღეს, ვაჟებიდან -60 და -66 კგ, ხოლო ქალებში კი -48, 52 და -57 კგ წონით კატეგორიები იჭიდავებენ.
-60 კგ
-60 კგ წონითი კატეგორია საქართველოს ნაკრებს გაორებული აქვს, შესაბამისად ამ წონაში 2 სპორტსმენი გვეყოლება: ჯაბა პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი. ორივე მათგანი განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვებიან.
ლუხუმ ჩხვიმიანი D ბადეშია განთესილი და მეორე ეტაპზე, უკრაინელ – დილშოტ ხალმატოვსა და იტალიელ – ანხელო პანტანოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ლუხუმ ჩხვიმიანს რეალური შანსი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მარტივად მივიდეს.
რაც შეეხება ჯაბა პაპინაშვილს, ქართველი ფალავანი B ბადეში იჭდავებს და 1/8 ფინალში, მისი მეტოქე, კვიპროსელ – გიორგიოს კოროზიდისსა და ფრანგ – სედრიკ რევოლს შორის გამარჯვებული იქნება. 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, ჯაბა პაპინაშვილი -60 კგ წონითი კატეგორიის მე-9 ნომერს, ბელგიელ – იორე ვერსტრაეტენს დაუპირისპირდება.
-66 კგ
-66 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას, 2016 წლის ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს.
ვაჟა მარგველაშვილი C ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე – წარმოშობით ქართველ, კვიპროსის სახელით მოასპარეზე – გიორგი ბალარჯიშვილსა და რუმინელ – ლუსიან ბორს დიმიტრესკუს შორის გამარჯვებული იქნება.
ექსპერტების აზრით, ვაჟა მარგველაშვილს საკმაოდ დიდი შანსი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის ტიტული მეორედ მოიგოს.
-57 კგ
რაც შეეხება -57 კგ წონით კატეგორიას, საქართველოს ნაკრების სახელით ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებს. ლიპარტელიანი განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება.
ეთერ ლიპარტელიანი B ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში 1/8 ფინალური ეტაპიდან ჩაერთვება. 1/8 ფინალში ეთერი, პოლონელ – არლეტა პოდოლაკსა და დიდ ბრიტანელ – ასელია ტოპრაკს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში, ეთერ ლიპარტელიანის მეტოქე, ფრანგი – პრისკილა გნეტო იქნება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:30, ხოლო ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე დაიწყება.