ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანთან!

2.97K
ნახვა

რიოს 2016 წლის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელმა, მსოფლიოს 2-გზის ვერცხლისა და 3-გზის ბრინჯაოს, ევროპის 3-გზის ოქროს მედლის მფობელმა და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა Live.ge-სთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა და მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გამარჯობა ვარლამ, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. გასული წელი ჩვენი ნაკრებისთვის საკმაოდ უცნაური გამოდგა, ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლობის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატზე საკმაოდ წარმატებით ვასპარეზობდით. როგორ შეაფასებდით გასულ წელს?

გამარჯობა, პირველ რიგში მეც გილოცავთ დამდეგს და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. გასულ წელს რაც შეეხება, დეტალურად არ ვისაუბრებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი უსიამოვნება და დაბრკოლება გვქონდა ფედერაციის მხრიდან, რასაც სპორტსმენების პროტესტი მოყვა. ამაზე დეტალურად არ ვისაუბრებ, მაგრამ ძალიან ხელისშემშლელმა ფაქტორებმა სპორტსმენებზე უარყოფითი გავლენა იქონია.

წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში კორეელ მეტოქესთან დამარცხდით და ოქროს მედალს ვერ დაეუფლეთ. თქვენი აზრით, რა იყო დამარცხების მიზეზი და თუ მუშაობთ ამის გამოსწორებაზე?

დასანანი მარცხი იყო, თუმცა კორეელმა დამსახურებული ოქროს მედალი მოიპოვა, რადგან ძალიან აქტიურობდა და ეს საბოლოოდ შედეგზეც აისახა. მინდა ვისარგებლო მომენტით და მას ეს ოქროს მედალი კიდევ ერთხელ მივულოცო. ვფიქრობ, რომ იმის ფონზე, როგორც გავემგზავრეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ძალიან კარგი შედეგი დავაფიქსირეთ: ჩვენ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ.

თქვენს წონაში ვინ არის თქვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქე?

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საკმაოდ ბევრმა სპორტსმენმა მოიყარა თავი და ვინმეს კონკრეტულად გამოყოფა გამიჭირდება. ვფიქრობ, მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვების დიდი შანსი მაქვს, თუმცა რა თქმა უნდა ამისთვის ძალიან დიდი შრომაა გასაწევი.

წელს გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. თქვენი აზრით, შესწევს თუ არა მას ძალა, რომ დაამარცხოს უძლეველი ტედი რინერი?

კიდევ ერთხელ ვულოცავ გურამს ამ უდიდეს გამარჯვებას. ვფიქრობ, რომ მას ტედი რინერის დამარცხების ძალიან რეალური შანსი აქვს, თუ რა თქმა უნდა იგი მოინდომებს და მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად იშრომებს. მან ერთხელ უკვე დაამტკიცა, რომ ტედის დამარცხება შეუძლია. ასე, რომ ბევრი რამ მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

რა გეგმები გაქვთ 2019 წელს და ასევე, 2020 წლის ოლიმპიადაზე?

2019 წელს საკმაოდ დატვირთული წელი გველოდება, რადგან უნდა ვიასპარეზოთ ევროპის ჩემპიონატზე – მინსკში და მსოფლიოს ჩემპიონატზე – იაპონიაში. ამ ორ შეჯიბრებაზე მედლის/მედლების აღება იქნება ჩემი და მთელი ნაკრების მთავარი მიზანი. რაც შეეხება ტოკიოს ოლიმპიადას, უკვე ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრიც და ვარჯიშისთვის უნდა გავწეროთ თითოეული დღე. ასე, რომ მთელი ყურადღება  2019 და 2020 წლებზე არის მიპყრობილი.

როგორც ნაკრების კაპიტანი, თქვენი აზრით, მოდიან თუ არა ნაკრების საინტერესო შემცვლელები სხვადასხვა წონაში?

ძალიან კარგი თაობა მოდის – მინდა ვისარგებლო მომენტით და ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო მათ. სასიამოვნოა, როდესაც ღირსეული თაობათა ცვლა ხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ოლიმპიადისთვის ნაკრებში რაიმე რადიკალური ცვლილებები არ იქნება, რადგან ამ ნაკრებს შესწევს იმის ძალა, რომ ღირსეულად იასპარეზოს ტოკიოში. მომავალში კი თაობათა ცვლა  აუცილებლად მოხდება.

კიდევ რამდენი ხანი აპირებთ ნაკრებში ასპარეზობას?

ზუსტად არ ვიცი, მინიმუმ ოლიმპიადამდე – ვნახოთ რამდენად შემიწყობს ხელს ორგანიზმი. ვფიქრობ ოლიმპიადის შემდეგ მინიმუმ ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიასპარეზებ, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და სანამ მაღალ დონეზე შემიძლია ასპარეზობა, არ მინდა სპორტიდან წასვლა, თუმცა რა თქმა უნდა, თუ რომელიმე ახალგაზრდა შეძლებს ჩემს ჩანაცვლებას, ძალიან გამიხარდება და სიამოვნებით დავუთმობ ასპარეზს.

რას ისურვებდით 2019 წელს?

– ყველა სპორტსმენს და განსაკუთრებით საქართველის ძიუდოისტთა ნაკრებს წარმატებას და მიზნების ასრულებას ვუსურვებ.

Live.ge კიდევ ერთხელ ულოცავს ვარლამს დამდეგ შობა-ახალ წელს და წარმატებას უსურვებს.

 

 

 

 

 

 

(2972)

ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანთან!

სტატიის ავტორი
-