გიორგი ათაბეგაშვილი – გვიხარია, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გრანდ-სლემის მასპინძლობა შემოგვთავაზა

რამდენიმე საათის წინ გავრცელებული საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის თანახმად, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია საქართველოს სთავაზობს თბილისის ტურნირის სტატუსის ამაღლებას და გრან-პრის ნაცვლად გრან-სლემის ჩატარებას.

აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებით საქართველოს უპრეცედენტო შანსი ეძლევა. შემოთავაზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ფონზეც, რომ მსგავსი თხოვნით თავად ქვეყნები მიმართავენ ხოლმე IJF-ს, ახლა კი სურვილი თავად საერთაშორისო ფედერაციამ გამოთქვა.

IJF-ის შემოთავაზებისა და ტურნირის სტატუსის ამაღლების თაობაზე, Live.ge საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ – გიორგი ათაბეგაშვილს დაუკავშირდა.

“საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია დიდი საერთაშორისო ოჯახის სრულფასოვანი წევრია. ჩვენ ვამაყობთ ძიუდოს წარსულით და გვახარებს აწმყო. გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას, რათა გვაძლევს ასეთ უნიკალურ შანსს – ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის შეჯიბრებას, რომელიც საქართველოსთვის ისტორიული იქნება. ჩვენ გვეამაყება, რომ თბილისს აქვს შანსი, უმასპინძლოს ისეთ მთავარ შეჯიბრებას, როგორიც გრანდ-სლემია.

ქართული ძიუდო მსოფლიო რუკაზე თავისი შედეგებით, შესაძლებლობებითა და პოტენციალით გამორჩეულ ადგილს იკავებს, თუმცა ამ დრომდე ვერ ვატარებდით ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებას. გვაქვს უნიკალური შანსი და ამის გამოყენების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ამაღლდება ქართული ძიუდოს და ასევე ქვეყნის იმიჯი.

ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში არაერთი მშვენიერი ბრძოლა ვიხილეთ და დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი ტურნირი, რომელიც იქნება გაცილებით მაღალი რანგის, თავისი დაძაბული შეხვედრებით გაგვახარებს. მით უმეტეს, რომ 2021 წელი არის სალიცენზიო და გუნდები აქ საუკეთესო შემადგენლობებით იქნებიან.

თავის მხრივ, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო განათლების მეცნიერების და კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, კერძო სექტორს. გამოვთქვამთ იმედს, რომ მოგვეცემა საშუალება,  შესაბამისი საზოგადოების მხარდაჭერითა და თანადგომით ჩავატაროთ ასეთი რანგის შეჯიბრება. ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი მომავალი.

აღნიშნული ღონისძიება დაკავშირებული იქნება გარკვეულ ხარჯებთან  – თუკი თბილისის გრან-პრის ღონისძიება იყო შედარებით დაბალი რანგის, გრანდ-სლემის შემდეგ არის მსოფლიო ჩემპიონატი, შესაბამისად, ეს დამატებით ფინანსურ რესურსთანაა დაკავშირებული. იმედი გვაქვს იმ პარტნიორობისა და თანადგომისა, რომელსაც საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ბოლო წლებში სამინისტროსთან და კერძო სექტორთან კავშირით იღებდა. იმედია, ამ სანსს ხელიდან არ გავუშვებთ”, – აღნიშნა გიორგი ათაბეგაშვილმა.

(829)

გიორგი ათაბეგაშვილი – გვიხარია, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გრანდ-სლემის მასპინძლობა შემოგვთავაზა

სტატიის ავტორი
-