თელ-ავივის გრანდ სლემი: დასკვნითი დღე – მძიმე წონის და ვარსკვლავების იმედად (პრევიუ)

ისრაელის ქალაქ თელ-ავივში, 20 თებერვალს, თელ-ავივის გრანდ სლემის დასკვნითი საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს,  სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 6 ფალავანი დაიცავს.

-90 კგ

-90 კგ წონით კატეგორიაში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავები იჭიდავებენ: ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური.

რათქმა უნდა, ორივე მათგანი განთესილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე ფალავანი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. ლაშა ბექაური D ბადეში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე მეორე ეტაპზე, ისრაელის წარმომადგენელი – ბენ ტენენბაუმი იქნება. თუ ბექაური მეტოქეს დაამარცხებს და შემდეგ ეტაპზე გავა, იგი ნიდერლანდელ – იესპერ სმინკსა და გერმანდელ – ტიმ შმიდტს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ბექა ღვინიაშვილს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღვინიაშვილიც განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება. მისი მეტოქე, ყირგიზი – ერლან შეროვი იქნება. ყირგიზული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ბრიტანელ – მაქს სტიუვარდსა და დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ – რობერტ ფლორენტინოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

თუ ორივე ქართველი ნახევარფინალამდე მივა, ქართული ნახევარფინალი შედგება.

-100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაში დებიუტი ექნება ილია სულამანიძეს, მასთან ერთად კი ამ წონაში საქართველოს ნაკრების ღირსებას – ონისე სანებლიძე დაიცავს. ორივე ქართველი განთესილი იქნება და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებენ.

ონისე სანებლიძე მეორე რაუნდში სერბ – ალექსანდრ კუკოლს დაუპირისპირდება, სერბის დამარცხების შემთხვევაში კი მისი მეტოქე, აზერბაიჯანელ – ელმარ გასიმოვსა და შვედ – ხოაკიმ დვარბს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება ილია სულამანიძეს, რომლისთვისაც თელ-ავივის გრანდ სლემი, უფროსებში სადებიუტოა, ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს და ბულგარელ – დანიელ დიჩევს დაუპირისპირდება. ბულგარული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში კი მისი მეტოქე, ირლანდიელ – ბენჟამინ ფლეტჩერსა და სერბ – ბოიან დოსენს შორის გამარჯვებული იქნება.

+100 კგ

+100 კგ წონით კატეგორიაშიც ორი წარმომადგენელი გვეყოლება: მსოფლიოს ჩემპიონი – გურამ თუშიშვილი და გელა ზაალიშვილი.

გურამ თუშიშვილი განთესილი იქნება და მეორე ეტაპიდან იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე, სლოვენიელ – ვიტო დრაგიჩსა და ისრაელის წარმომადგენელ – ევგენი შმაჩლინს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება გელა ზაალიშვილს, გელა განუთესავი იქნება და ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც მეტოქედ უნგრელი – რიჩარდ სიპოჩი ეყოლება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან დაიწყება.

 

თელ-ავივის გრანდ სლემი: დასკვნითი დღე – მძიმე წონის და ვარსკვლავების იმედად (პრევიუ)

სტატიის ავტორი
-