ზაგრების გრან პრი | ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია

24-26 სექტემბერს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ძიუდოში 2021/2022 წლების სეზონის პირველი ოფიციალური შეჯიბრი იწყება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 4 სპორტსმენი იასპარეზებს.

24 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არ ჰყავს, თუმცა 25 და 25 სექტემბერს ქართველი ფალავნები ოქროს მედალს შეუტევენ.

-73 კგ

-73 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ჯუმბერ მელაძე, რომლისთვისაც ეს შეჯიბრი უფროსებში სადებიუტო იქნება.

მელაძე განთესილი არ იქნება და ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ბრიტანელი – დანიელ პოველი იქნება. გამარჯვების შემთხევავში კი იგი ესპანელ – სალვადორ კასეს როკას დაუპირისპირდება.

-81 კგ

-81 კგ წონით კატეგორიაში, ისევე როგორც -73 კგ-ში, დებიუტი ექნება ზაურ დვალაშვილს. ზაურიც პირველივე ეტაპიდან ერთვება ასპარეზობაში, სადაც მას ესპანელი მეტოქე  – ხოსე მარია მენდიოლა იზკიეტა ეყოლება. გამარჯვების შემთხვევაში კი ხორვატ – დომინიკ დრუზეტასა და ახალ ზელანდიელ – ელიოტ კონოლის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

-81 კგ წონითი კატეგორიის ლიდერი ამ შეჯირბზე ტატო გრიგალაშვილი იქნება, რომელიც განთესილია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს. 1/8 ფინალში ტატოს მეტოქე კონგოელ – სედრიკ კალონგასა და მოლდოველ – ნიკონ ზაბოროსკიუსს შორის გამარჯვებული იქნება. 1/4 ფინალში კი მისი პოტენციური მეტოქე ფრანგი – ბაპტისტ პიერი იქნება.

ტატო გრიგალაშვილი ამ შეჯიბრის მთავარი ფავორიტი და ვარსკვლავია.

-90 კგ

-90 კგ წონით კატეგორიაში ერთი წარმომადგენელი გვყავს – ლუკა მაისურაძე, რომელიც -81 კგ-ში ასპარეზობდა თუმცა წონა შეიცვალა და ახლა უკვე -90 კგ-ში მონაწილეობს. მაისურაძე განთესილი იქნება და ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქე იტალიელ – ჯენარო პირელისა და ავსტრიელ – იოჰანეს პაჩერს შორის გამარჯვებული იქნება. 1/8 ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, 1/4 ფინალში ლუკას მეტოქე ნიდერლანდელი – იესპერ სმინკი იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

 

ზაგრების გრან პრი | ქართველი ფალავნების მეტოქეები ცნობილია

სტატიის ავტორი
-