Belive

ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის სიმბოლური გუნდი 

4 წლის წინ სხვა
9 წთ
2019 წლის ეროვნული ლიგის გათამაშება დასრულდა. ზედიზედ ორ სეზონში მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ, "დინამო თბილისმა" საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში მეჩვიდმეტედ, ხოლო უშუალოდ ეროვნული ლიგის ათგუნდიანი გათამაშება პირველად მოიგო. 31-ე ჩემპიონატი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს საჩემპიონო რბოლაში ორი გამოკვეთილი კონკურენტი, ბათუმის "დინამო" და "საბურთალო" ჰყავდა. თბილისელები მოქმედი ჩემპიონები გახლდნენ და რომ არა ევროტურნირებზე გამოსვლის შემდეგ რამდენჯერმე ფეხის დაცდენა, პირველი ადგილისთვის ბოლო ტურამდე იბრძოლებდნენ. სამაგიეროდ, ეს ორმა "დინამომ" გააკეთა და ჩემპიონის ბედიც სწორედ ბოლო 36-ე ტურში გადაწყდა. ახალდასრულებულმა სეზონმა მაღალი კონკურენციისა და უკიდურესი დაძაბულობის პირობებში ბევრი დასამახსოვრებელი ეპიზოდი დაგვიტოვა. გამოჩნდნენ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, რომელთაც მთელი სეზონი ბრწყინვალე ფორმაში ჩაატარეს, იყვნენ ისეთებიც რომელთა შენარჩუნებაც გათამაშების შთამბეჭდავი სტარტის გამო მათმა კლუბებმა ვერ მოახერხეს და ისეთებიც, ვინც საუკეთესო ფორმაში ოდნავ მოგვიანებით შევიდნენ. მათგან Live.ge-ს ვერსიით 11 საუკეთესო ფეხბურთელი შევარჩიეთ და სეზონის სიმბოლური გუნდი შევადგინეთ, სადაც ხუთი ფეხბურთელი აწ უკვე მოქმედი ჩემპიონიდან, ოთხი ელიტაში წელს დაბრუნებული და ევროსაგზურის მომპოვებელი აჭარული კლუბიდან და ორიც ექს-ჩემპიონის რიგებიდან მოხვდა.

მეკარე 

მიხეილ ალავიძე - ბათუმის "დინამო" (32 წლის) ბათუმელთა გამოცდილი კარის დარაჯი თავისი გუნდის წარმატებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლდათ. 32 წლის მეკარემ, რომელსაც ინდივიდუალური აღიარება წარსულშიც ჰქონია, ამ სეზონში თავისი გუნდის ყველა მატჩში ითამაშა და "დინამოელ" ვიზავი ხოსე პერალესთან ერთად კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ (15 შეინახა) და 29 გოლი გაუშვა. ალავიძის ეფექტური თამაში პირველივე ტურებიდან შესამჩნევი გახდა, ბათუმელთა სამეულში მოხვედრის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ მისი შედეგიანი გარჯა იყო.

მცველები 

ნიკოლოზ მალი - "საბურთალო" (20 წლის) დაცვის მარჯვენა ფლანგი არის ის პოზიცია, რომელზეც საქართველოს ნაკრებში დიდი კონკურენცია არ არსებობს, "საბურთალოს" განაპირა მცველი კი აქ ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. ახალგაზრდული ნაკრების ტექნიკურმა მცველმა წინა სეზონში 24 მატჩში ითამაშა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და ბოლო ტურში თავადაც, საკმაოდ ეფექტური გოლი შეაგდო.
mali
ვიქტორი მონხილი - "დინამო თბილისი" (27 წლის) ესპანელი ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთესოა იმ ლეგიონერთაგან, რომელსაც ჩისკო მუნიოსმა "დინამო თბილისში" დაბრუნების შემდეგ უხმო. 27 წლის ცენტრალურმა მცველმა მთლიანი სეზონი ითამაშა და ერთი წუთითაც არ დაუსვენია. იმაში, რომ "დინამომ" ბათუმელ მეტქოესთან ერთად ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა, მონხილის წვლილი უდიდესია. სიმბოლურ თერთმეტეულში მყოფ ფეხბურთელთაგან მონხილის ანგარიშზე ყველაზე მეტი - 23 მოგებაა.  
მამუკა კობახიძე - ბათუმის "დინამო" (27 წლის) წინა სეზონის ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველი წელსაც შესანიშნავ ფორმაშია. გათამაშების პირველი ნახევარი მან ქუთაისის "ტორპედოში", მეორე კი ბათუმის "დინამოში" გაატარა. ამის მიუხედავად, 27 წლის მცველს ახალ გუნდთან ადაპტაცია არ გასჭირვებია, 33 შეხვედრაში სრულად და თანაც სტაბილურად ითამაშა და გუნდის კარის უსაფრთხოებაზე დამაჯერებლად იზრუნა.
გიორგი ქიმაძე - "დინამო თბილისი" (27 წლის) უნივერსალი ფეხბურთელი, რომელსაც წარმატებულად თამაში არაერთ პოზიციაზე შეუძლია, წინა სეზონების მსგავსად ფორმაშია და ახალ გუნდთან ერთად ჩემპიონობაც იზეიმა. ქიმაძემ "ტორპედო" ზაფხულში დატოვა და თბილისურ კლუბს ევროტურნირებზე შეუერთდა. ჩატარებულ 30 მატჩში მან 2 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ნახევარმცველები 

ვლადიმერ მამუჩაშვილი - ბათუმის "დინამო" (22 წლის)  "საბურთალოში" ნაკლები სათამაშო დროის ქონის შემდეგ, მამუჩაშვილი აჭარულ გუნდს შეურთდა და შედეგიანი სეზონიც ჩაატარა. მისი შორეული გასროლების და ნახევარდაცვაში ეფექტური მოქმედების დამსახურებით, "დინამომ" ორ პრინციპულ მეტოქესთან ("დინამო თბილისი", "საბურთალო") სეზონის გამორჩეული შეხვედრები შემოაბრუნა და გამარჯვებას მიაღწია. 22 წლის ნახევარმცველი ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ფეხბურთელია, მის ანგარიშზე 34 შეხვედრაში გატანილი 6 გოლი და 2 საგოლე პასია.
ნიკა ნინუა - თბილისის "დინამო" (20 წლის­ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრს ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა. პოზიციით ცენტრალურმა ნახევარმცველმა მოახერხა და 8 საგოლე გადაცემით სეზონის საუკეთესო მეპასე გახდა. თავისი გუნდის მიერ ტიტულის მოგებაში ნინუას წვლილი უდიდესია. ქართული ფეხბურთის ტალანტმა მეტოქის კარი 8-ჯერ აიღო, აქედან 5-ჯერ საჯარიმო დარტყმა ყუმბარისებურად შეასრულა და არაერთი ეფექტური ბურთი შეაგდო.
გიორგი დიასამიძე - "საბურთალო" (27 წლის) 27 წლის ნახევარმცველს კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა და 10 გატანილი გოლით ექს-ჩემპიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. დიასამიძემ 25 ჩატარებულ შეხვედრაში 5-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეექვსე ადგილი დაიკავა.

თავდამსხმელები 

ლევან შენგელია - "დინამო თბილისი"  (24 წლის) შენგელია დასრულებული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ვლადიმირ ვაისის ყურადღებაც მიიქცია. თურქულ "ქონიასპორში" წასვლამდე მან მომავალი ჩემპიონის შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, ჩვეულ სტილში, შორიდან ეფექტური დარტყმით კი მეტოქის კარი რამდენჯერმე აიღო და თბილისელთა ჩემპიონობაში ლომის წვლილი შეიტანა.
ლევან კუტალია - "დინამო თბილისი" (30 წლის) კუტალია საგოლე ალღოთი ქობულეთის "შუქურაშიც" და ქუთაისის ტოპედოშიც" გამოირჩეოდა, თუმცა კარიერის საუკეთესო სეზონი 30 წლის ასაკში, "დინამოში" ჩაატარა, სადაც 33 შეხვედრაში 20 გატანილი გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და 5-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.
ჯოვინო ფლამარიონი - ბათუმის "დინამო" (23 წლის) ლევან შენგელიასა და ბუდუ ზივზივაძის ეროვნული ლიგიდან წასვლის შემდეგ, ლევან კუტალიას მთავარი კონკურენტი საბომბარდირო რბოლაში სწორედ ბრაზილიელი შემტევი გახლდათ. 23 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც წინა სეზონში ეროვნული ლიგა 2-ს საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა, დასრულებულ სეზონში 17 ბურთი შეაგდო და თავისი გუნდის მსგავსად მეორე ადგილზე გავიდა. ბრაზილიელმა მაღალი ოსტატობა და მოქნილი ტექნიკა მთელი სეზონის განმავლობაში კარგად გამოავლინა, გულშემატკივარს თავი რამდენიმე გამორჩეული სილამაზის გოლითაც დაამახსოვრა და 30 მატჩში ორჯერ ასისტენტობაც გასწია.
მთავარი მწვრთნელი - ფელის ვისენტე  "დინამო თბილისმა" ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი - 23 მატჩი მოიგო, 6 ფრედ დაასრულა, ყველაზე ცოტა - 7 წააგო და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
 
  აქვე, თითოეულ პოზიციაზე მოთამაშე იმ გამორჩეულ ფეხბურთელებსაც გადავხედოთ, რომლებმაც 2019 წელს კარგი სეზონი ჩაატარეს და თავიანთი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ხოსე პერალესი - მეკარე ("დინამო თბილისი", 26 წლის) მატჩი - 35 მშრალად შენახული კარი - 15 გაშვებული გოლი - 28 გამარჯვება - 23 გიორგი ნავალოვსკი - მარცხენა მცველი (ბათუმის "დინამო, 33 წლის) მატჩი - 27 გოლი - 0 საგოლე გადაცემა - 4 გამარჯვება - 17 სანდრო ალთუნაშვილი - საყრდენი ნახევარმცველი ("საბურთალო", 22 წლის) მატჩი - 29 გოლი - 2 საგოლე გადაცემა - 7 გამარჯვება - 16 გიული მანჯგალაძე - ცენტრალური ნახევარმცველი (ბათუმის "დინამო" 27 წლის) მატჩი - 30 გოლი - 3 საგოლე გადაცემა - 5 გამარჯვება - 17 ირაკლი სიხარულიძე - თავდამსხმელი ("ლოკომოტივი", 29 წლის) მატჩი -  36 გოლი - 16 საგოლე გადაცემა - 1 გამარჯვება - 17

სხვა სტატიები