ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის იმედი მაქვს – ექსკლუზიური ინტერვიუ მალხაზ ასათიანთან

მალხაზ ასათიანი – ფეხბურთელი, რომელიც თავისი ნიჭისა და დიდი მონდომების გამო ქართველმა გულშემატკივარმა ძალიან შეიყვარა. ასათიანმა, რომელსაც კარიერის მანძილზე მეკარის გარდა თითქმის ყველა პოზიციაზე ჰქონდა ნათამაშები, ქართველ ქომაგს არაერთი მნიშვნელოვანი მომენტით დაამახსოვრა თავი. მნიშვნელოვანი მომენტების, გრანდში ვერმოხვედრის მიზეზის, ფავორიტი მწვრთნელებისა და საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ასათიანი Live.ge-ს ესაუბრა.

 

ვისაუბროთ თქვენი კარიერის დასაწყისზე – რომელი იყო პირველი გუნდი და ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც თქვენი, როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა?

თემურ ნადირაძე იყო ადამიანი, რომელიც ყველანაირად გვერდში მედგა. ეს იყო 90-იანი წლები – ურთულესი პერიოდი და მისი გვერდში დგომა განსაკუთრებით ფასეული იყო. გაჭირვების მიუხედავად და თემურ ნადირაძის დამსახურებით, ისე გავატარეთ ბავშვობის პერიოდი რომ სირთულე არ გვიგვრძვნია. პირველი გუნდი იყო „ტორპედო,“ შემდეგ „ლოკომოტივი“ და ცოტა ხნით კიევის „დინამო“ – გუნდების ცვლა ნამდვილად არ მიყვარდა.

საქართველოს ნაკრებში დებიუტი წარმატებით შედგა – როგორ გაიხსენებდით რუსეთის კარში გატანილ გოლს?

საქართველოს ნაკრებთან ერთად ამხანაგური მატჩი ჩატარებული მქონდა, თუმცა რუსეთთან ჩემთვის პირველი ოფიციალური თამაში იყო ეროვნული მაისურით. დებიუტი კარგი გამოვიდა და გამარჯვების გოლი გავიტანე. ზოგადად, მოედანზე პოლიტიკურ საკითხებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, მაგრამ მაინც დაძაბული თამაში გამოვიდა, რუსეთი განსაკუთრებული მექოტე იყო. ალბათ გახსოვთ, პირველი მატჩი გადაიდო, სადაც არ მითამაშია – მე განმეორებით მატჩში მივიღე მონაწილეობა. გუნდს ახალი მწვრთნელი, ივო შუშაკი ედგა სათავეში, რომელიც ახალგაზრდებს ძალიან ენდობოდა.

გამარჯვების გოლი რუსეთის კარში

იმ პერიოდში საქართველოს ნაკრებს კარგი შემადგენლობა ჰყავდა. რა გახდა იმისი მიზეზი, რომ ჩვენი ნაკრები ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა?

ჩემი აზრით, ყველაზე კარგი თაობა 90-იან წლებში გვყავდა – ქინქლაძე, არველაძეები, ჯამარაული და სხვ. ალბათ მათ დიდ ტურნირზე თამაშის ყველაზე დიდი შანსი ჰქონდათ, მაგრამ სტაბილურობა ნამდვილად გვაკლდა. ამ კომპონენტში ჩვენი ნაკრები თანდათანობით იხვეწება და იმედი მაქვს, მიზანს მივაღწევთ.

ფიქრობთ თუ არა რომ ეს პროგრესი ვლადიმერ ვაისის დამსახურებაა?

კარგი გუნდია შეკრული და  სათანადო სიტუაციაც შეიქმნა. ცხადია, ეს როგორც ვაისის, ასევე ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებიც მწვრთნელის დარიგებას სწორად მიჰყვებიან.

ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის იმედი მაქვს - ექსკლუზიური ინტერვიუ მალხაზ ასათიანთან 2

თქვენ იყავით უნივერსალური მოთამაშე – თამაშობდით დაცვაში, ნახევარდაცვაში და ასევე, ერთხელ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეც გიხილეთ. რომელი იყო თქვენი საყვარელი პოზიცია, სად გრძნობდით ყველაზე კარგად თავს?

ერთი სიტყვით, კარში არ მითამაშია მხოლოდ. ფეხბურთის თამაში ხომ ზოგადად სიამოვნებაა, მე კი ყველაზე დიდ სიამოვნებას შეტევითი ფუნქციების შესრულება მანიჭებდა – იქნებოდა ეს გოლის გატანა თუ საგოლე პასის გაკეთება. შემტევი ნახევარმცველის ამპლუა ყველაზე კარგი პოზიცია იყო ჩემთვის, თუმცა მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშისას პოზიციურად უკან დამხიეს.

როგორც ცნობილია, მოსკოვში კარგ თამაშს არაერთი ცნობილი კლუბის დაინტერესება მოჰყვა. საუბარი იყო „რომაზე,“ „მილანსა“ და „არსენალზე.“ რამდენად რეალური იყო ამაზე საუბარი და რატომ არ შედგა ტრანსფერი?

მენეჯერი არ მყავდა. დღეს აგენტის ყოლა აუცილებლობას წარმოადგენს, თუმცა მე მენეჯერი არ მყოლია. შეიძლება მათი მხრიდან დაინტერესება იყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა. შეიძლება მენეჯერის არყოლა ჩემი შეცდომაც იყო – ეს იქნებოდა ადამიანი, რომელიც სწორედ ამ საქმეზე იზრუნებდა.

დაასახელეთ გუნდი, რომელშიც დიდი სიამოვნებით გაატარებდით კარიერას.

ბავშვობიდან იტალიის ნაკრებსა და „მილანს“ ვგულშემატკივრობ და როდესაც კახა კალაძე სათამაშოდ „მილანში“ გადავიდა, ორმაგად უფრო ვქომაგობდი.

იური სიომინი არის მწვრთნელი, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები ძალიან უყვარს. იგი „ლოკომოტივში“ თქვენი მწვრთნელი იყო და კიევის „დინამოშიც“ წაგიყვანათ. როგორ გაიხსენებდით მასთან ურთიერთობას?

დღეს სიომინს თავის გუნდში კვერკველია ჰყავს და მგონი დარწმუნდა, რომ ჩემპიონი ქართველი ფეხბურთელის გარეშე ვერ გახდება. ქართველებთან სიომინი ძალიან მეგობრობს, „ლოკომოტივი“ ქართული გუნდია. შესანიშნავი ადამიანია, დღემდე მაქვს კონტაქტი და ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

რუსეთში თამაში გარკვეულ წნეხს ხომ არ წარმოადგენს ქართველი ფეხბურთელისთვის? ერთი მხრივ, რუსული საფეხბურთო სამყარო ქართველებისთვის ღიაა, თუმცა ჩვენს შორის ცუდი ურთიერთობის ფონზე, ცალკე წნეხი ხომ არ მოქმედებს?

ცუდია რომ ჩვენს შორის პოლიტიკური პრობლემები არსებობს, რადგან იქ ყოფნისას რუსები  ყოველთვის გვერდში გვედგნენ. ვიღაც შეიძლებოდა აგრესიული ყოფილიყო, მაგრამ ფეხბურთელებს შორის მსგავსი პრობლემები არასოდეს ყოფილა, პირიქით – მეგობრული სიტუაცია იყო.

ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის იმედი მაქვს - ექსკლუზიური ინტერვიუ მალხაზ ასათიანთან 3სამწვრთნელო კარიერაზე არ გიფიქრიათ? საფეხბურთო ინტელექტი მოედნის მიღმა არაერთ ფეხბურთელს გაჰყვა და ამიტომაც, თქვენთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინი არსებობდა.

ფეხბურთის თამაში კარგი მწვრთნელობის საფუძველი ნამდვილად არაა, რადგან მწვრთნელობა აბსოლუტურად განსხვავებული სფეროა. მწვრთნელობისადმი განსაკუთრებული ინტერესი არ გამომიხატავს.

ჩვენმა ნაკრებმა უკანასკნელ წლებში არაერთი მწვრთნელი გამოიცვალა – საქართველოში ჩამოსულები იყვნენ უცხოელი სპეციალისტები და ასევე, გუნდი ჩაბარებული ჰქონდათ ქართველ მწვრთნელებსაც. თქვენი აზრით, რომელი მათგანი იყო საქართველოს ნაკრებზე ყველაზე კარგად მორგებული?

მწვრთნელის ხშირ-ხშირი ცვლა ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. ჩამოყალიბების პროცესში გუნდს უცებ გადაწყობა უწევს, რაც ცუდ შედეგებს იწვევს. ცხადაძის პერიოდში ნაკრებში აღარ ვთამაშობდი, მაგრამ სწორედ მას გამოვყოფდი – ვიცი რომ ფეხბურთელები მისით ძალიან კმაყოფილები იყვნენ, მას ძალიან კარგი ტაქტიკური ხედვა აქვს, ჩვენ კი ამ კომპონენტში მოვიკოჭლებდით.

და ბოლო შეკითხვა – რას საქმიანობს ამჟამად მალხაზ ასათიანი?

ფეხბურთში არ ვარ ჩართული. ვცხოვრობ ქუთაისში და დროს ძირითადად ოჯახსა და მეგობრებს ვუთმობ.

 

 

(8096)

ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის იმედი მაქვს – ექსკლუზიური ინტერვიუ მალხაზ ასათიანთან

სტატიის ავტორი
-