Belive

"გიბრალტარის გუნდიც კი კონფერენს ლიგაზეა, ჩვენ ამდენი წელია ვოცნებობთ" - თემურ ქეცბაიამ ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა

2 წლის წინ სხვა
4 წთ
საქართველოს პირველი არხის საფეხბურთო გადაცემა "ტაიმაუტში" სტუმრობისას, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემების და სხვადასხვა საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა.
"ეს კარგი მაგალითია. ჯგუფში შესვლამდე სერიოზული გუნდები გააგდო და კარგი მაგალითია. კონფერენს ლიგაზე გიბრალტარის გუნდი თამაშობს – გიბრალტარის გუნდი! ერთი გადაჭრილი მთა არის, მეტი იქ არაფერია! ჩვენ კი ამდენი წელიწადია, ვოცნებობთ და ვნატრობთ, რომ რომელიმე ტურნირის ჯგუფში ერთი ქართული გუნდი მაინც მოხვდეს. აგერ, კვიპროსი კონფერენს ლიგის ჯგუფში უკვე ორი გუნდით გამოდის. სამწუხაროა, რომ წლებია ეს მოლოდინი მოლოდინად რჩება. რა თქმა უნდა, ფინანსები მნიშვნელოვანია, მაგრამ ორგანიზაციაც უნდა იცოდე, რა გააკეთო და არ გააკეთო. ფეხბურთელები ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში თუ მიდიან, რატომ არ შეიძლება ჩვენთან ჩამოვიდნენ? საქართველო მშვენიერი ქვეყანაა და ვინც ერთხელ არის ნამყოფი, ოცნებობს, რომ მეორედაც მოხვდეს. რატომ არ შეიძლება, რომ ძლიერი გუნდები გაკეთდეს ბათუმში, ქუთაისში თუ თბილისში? კარგ დროსაც გაატარებენ და ფეხბურთსაც ითამაშებენ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარე და რას შეუძლია, საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ გატანა რას შეუძლია. ჩვენთვის ეს სპორტი და ხელოვნებაა. ამას ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს. მე ვიცი მაგალითად, სერბეთში ორი ძლიერი გუნდია, „პარტიზანი“ და „ცრვენა ზვეზდა“ – ამათ სახელმწიფო აძლევს ფულს, რომ კარგი გუნდი გააკეთონ და ევროპულ თამაშებზე მიიღონ მონაწილეობა. საქართველოში სახელმწიფომ ფეხბურთში ბოლო წლებში ბევრი ფული ჩადო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ფული ისე დაიკარგა, რომ არანაირი წინსვლა არ არის. მარტო ფული არაა. ის ხალხიც უნდა გყავდეს, რომ ამ ფულს კარგი მიმართულება მისცეს. თუმცა, მეორეც არის – ეს ფული ფეხბურთელებს ჩამოსაყვანად საკმარისიც არ იყო და იმიტომ ჩაიდო, რომ ჩემპიონატი დაემთავრებინათ და გუნდები არ გაჩერებულიყვნენ, მაგრამ ამ ფულით გუნდებს ფეხზე ვერ დააყენებ.
თემურ ქეცბაია "ანორთოსისის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
არა მარტო ქართველი გულშემატკივარი, ფედერაციაც არ უნდა იყოს კმაყოფილი იმ ვითარებით, რაც ამჟამად ნაკრებშია. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ბოლო თამაში მოვიგეთ, რადგან არასახარბიელო ამბავი იქნება, ქვეჯგუფი ბოლო ადგილზე რომ დაასრულო. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებში სულ იყო ფიზიკური მომზადების პრობლემა. არ ვიცი, ქართველი ფეხბურთელი დაწყევლილია თუ რა ხდება, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც ბურთთან კარგად არიან, მაგრამ ფიზიკურად ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებენ. ამ დროს არიან ისეთები, რომლებმაც სირბილი იციან, მაგრამ ბურთი არ იციან. თუ გინდა ნაკრებში წარმატებას მიაღწიო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ფიზიკურად მზად იყოს. მათ ნაკრებში ვერ მოამზადებენ. სამწუხაროა ის, რომ არ გვყავს ფეხბურთელები პრემიერლიგიდან, ესპანეთის, იტალიის ან გერმანიის ჩემპიონატებიდან და ჩვენი ნაკრების წევრების დიდი ნაწილი დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობს. ასეთ დროს ძნელია ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გავიდეთ", - თქვა "ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა.

სხვა სტატიები