Belive

გიგა ჭიკაძე: "ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი მინდა გავხდე"

4 წლის წინ სხვა
6 წთ
UFC 248-ის ივენთზე გიგა ჭიკაძე მოვსარ ევლოევს ჩაანაცვლებს და ჯამალ ემერსს დაუპირისპირდება. ჯამალ ემერსის თავდაპირველი მეტოქე მოვსარ ევლოევი უნდა ყოფილიყო თუმცა უცნობი მიზეზებიდან გამომდინარე იგი ბრძოლას გამოეთიშა. გიგა ჭიკაძისა და ჯამალ ემერსის ორთაბრძოლა 7 მარტს, ლას ვეგასში გაიმართება. ქართველმა მებრძოლმა (8-2 MMA, 1-0 UFC) ზედიზედ გამართული სამი ორთაბრძოლის მოგება შეძლო, მათ შორის UFC-ის სადებიუტო დაპირისპირების. UFC-ის ეგიდით გამართულ პირველ ბრძოლაში, ჭიკაძემ ბრენდონ დევისი დაამარცხა. ჯამალ ემერსთან გასამართი ბრძოლის წინ Live.ge გიგა ჭიკაძეს ესაუბრა. გიგა, როგორ მიდის მომდევნო ბრძოლისთვის სამზადისი? - როგორც იცით, მომდევნო ბრძოლა გუშინ დაიგეგმა. ზოგადად, აქამდე 29 თებერვლის ბრძოლისთვის ვემზადებოდი და შემდეგ, ბრძოლის გაუქმების შემდეგაც, მაინც ვინარჩუნებდი ფორმას. ვფიქრობ რომ ოპტიმალურ ფორმაში ვარ. ვარ უფრო გამძლე, ბარტერშიც ჭიდაობაც უკეთ გამომდის. სტრაიკინგს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ვიპოვე ისეთი სტილი, სადაც ჩემს უპირატესობას მაქსიმალურად გამოვამჟღავნებ და გამოვიყენებ, რადგან კიკბოქსინგით ბრძოლა MMA-ში ცოტა რთული იყო. რას გვეტყვით თქვენს მომავალ მეტოქეზე? - ჩემი მომავალი მეტოქეა ჯამალ ემერსი. მას დაგეგმილი ჰქონდა ბრძოლა რუს სპორტსმენთან, რომელმაც ტიალანდში მოტოციკლით მგზავრობის დროს ტრავმა მიიღო. მანამდე, 1 კვირით ადრე, ჩემმა მეტოქემ თქვა უარი და ისე მოხდა რომ ერთმანეთთან დაგვაწყვილეს. ეს ბრძოლა 7 მარტს, ლას ვეგასში გაიმართება UFC 248-ზე. რაც შეეხება მეტოქეს, ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, ვიცი რომ უყვარს სტრაიკინგი და ჭიდაობაში გამოცდილია. როგორ ფიქრობთ, რატომ განაცხადა მაიკ დევისმა თქვენთან ბრძოლაზე ზედიზედ მეორედ უარი? - მაიკ დევისი ცოტა სასაცილო პიროვნებაა. პირველი უარი მაშინ თქვა, როდესაც სექტემბრის ბრძოლა შემომთავაზეს. მან თქვა, რომ მენტალური პრობლემები აქვს რაც ჩვენს სპორტში ცოტა სასაცილოა, თუ მაინცდამაინც ოჯახურ ტრაგედიას არ შეეხება - მის შემთხვევაში, ის უბრალოდ ხასიათზე არ იყო, რაც ძალიან ცუდია, რადგან UFC-ის ასეთი რაღაცეები არ უყვარს. შემდეგ, უკვე მეორე ჯერზე განაცხადა, რომ რამდენიმე ფიზიკური ტრავმა აქვს. ეს სიცრუეა - ვნახეთ ვიდეოები სადაც ის ვარჯიშობდა. რა მიგაჩნიათ თქვენს უპირატესობად მეტოქეებთან შედარებით? - ვთვლი რომ ჩემს მეტოქეებთან სტრაიკინგში და ასევე, გამოცდილების კუთხით, ძალიან დიდი უპირატესობა მაქვს. ვარჯიში დავიწყე 4-5 წლის ასაკში და ძალისმიერ სპორტებში თითქმის უკვე 25-წლიანი გამოცდილება მაქვს. ვთვლი რომ ჩემი სტრაიკინგი ყველა მეტოქის გასაღებია, მაგრამ ჭიდაობასა და პარტერში ბრძოლაში უკვე საგრძნობი პროგრესი განვიცადე. მაქვს განსხვავებული სტილი, რაც დიდ უპირატესობას მაძლევს ნებისმიერ სპორტსმენთან, ვისაც რეალურად ბრძოლა სურს და არა კოტრიალობა. ამერიკაში წლების წინ გადახვედით, დღეს კი UFC-ს მებრძოლი ხართ. მოგვიყევი განვლილი გზის შესახებ. - ამერიკაში საცხოვრებლად 2015 წელს გადმოვედი. მანამდე, 2014 წელს, აშშ-ში ორჯერ ჩავედი. ვიყავი ჯიმში, KINGS MMA-ში და პირველი ვარჯიშის ჩატარების შემდეგ, მიზნად დავისახე რომ აქეთ გადმოვსულიყავი, რადგან მივხვდი რომ UFC-ში მოსახვედრად და წარმატების მისაღწევად ეს ძალიან კარგი გზა იქნებოდა. UFC-ში მოსახვედრად დიდი დრო დამჭირდა, რადგან პარალელურად, Glory ვიღებდი მონაწილეობას. Glory არის კიკბოქსინგის ყველაზე მაღალი ორგანიზაცია. პარალელურად, ჭიდაობაც უნდა შემესწავლა. დღეს ვთვლი რომ უკვე ვარ სრულფასოვანი MMA-ის მებრძოლი. ბოლო წლებში  UFC-ს პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა. თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი? - კი, ნამდვილად. UFC-ის პოპულარობა აშშ-ში თითქმის უკვე NBA-სა და NFL-ის გაუტოლდა. ვთვლი, რომ ამას რამდენიმე ვარსკვლავის გამოჩენამაც შეუწყო ხელი, განსაკუთრებით გამოვარჩევდი კონორ მაკგრეგორის წვლილს, რასაც ასევე სპორტსმენების მაღალი დონეც დაემატა. განვითარდა ზოგადად სპორტი, UFC-ში ქალებიც აქტიურად არიან ჩართულები. რა გენატრებათ ყველაზე მეტად აშშ-ში? - ამერიკაში ქართული ძალიან ბევრი რამ მენატრება. ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრები გარდა, მენატრება ქართული სუფრა, სამზარეულო, კულტურა. მენატრება ურთიერთობა, რაც საქართველოში გაგვაჩნია და რაც ძალიან ჭირს, რომ სხვა ქვეყანაში იპოვო. აქ კი მყავს რამოდენიმე ქართველი მეგობარი, მაგრამ ძალიან შორს ცხოვრობენ და ხშირად ვერ ვახერხებ მათთან ურთიერთობას. ვისთან ბრძოლას ისურვებდით? - დაუფიქრებლად გიპასუხებთ: კონორ მაკგრეგორი. მის შემდეგ, ფლოიდ მეივეზერთან გავმართავდი ბრძოლას. ეს ორი სპორტსმენი არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლი ჩვენს სფეროში, MMA-ში და ზოგადად, საბრძოლო სპორტებში. რა თქმა უნდა, მიზანი არის ის, რომ ყველაზე ცნობადი, ძლიერი სპორტსმენი გავხდე ამ სპორტში და ვფიქრობ, მათი დამარცხების შემდეგ, ეს სიტყვები რეალობად იქცევა. ვინ არის თქვენი კუმირი სპორტში? - კუმირი ნამდვილად არ მყავს, მაგრამ ძალიან მომწონს ჯონ ჯონსისა და შოგან რუას ძველი ბრძოლები. ზოგადად, სტრაიკერები მომწონს. მოჭიდავეების ბრძოლის ყურებით სიამოვნებას ნამდვილად ვერ ვიღებ. რა არის თქვენი საბოლოო მიზანი? - რამდენიმე მიზანი მაქვს. მინდა, გავხდე ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლი. ვფიქრობ, რომ ამის შანსები რეალურად მაქვს, რადგან კარატეში ვიბრძოდი და მივაღწიე დიდ წარმატებებს, შემდეგ უკვე კიკბოქსინგში გადავინაცვლე და იქაც წარმატებულად ვიასპარეზე. დღეისათვის, ვარ MMA-ის ყველაზე მაღალ ლიგაში, ყველაფერი წინ მაქვს: მიზნების და ოცნებების ახდენა ახლა იწყება.

სხვა სტატიები