Belive

გიგა ჭიკაძემ ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის ბრძოლა შეაფასა

5 წლის წინ სხვა
4 წთ
MMA-ის ცნობილმა ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ, Live.ge-სთან საუბრისას ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს შორის ბრძოლა შეაფასა. როგორ შეაფასებდით კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის დაპირისპირებას? რა მოლოდინი გქონდათ ბრძოლამდე? ბრძოლა საინტერესოდ წარიმართა. ხაბიბმა და კონორმა კარგი ბრძოლა აჩვენეს. დასაწყისში კონორი საკმაოდ კარგად იცავდა თავს ხაბიბის გდებებისგან და წინააღმდეგობას უწევდა პარტერში ბრძოლისას. ბრძოლამდე ჩემი მოლოდინიც არ იყო განსხვავებული, ვფიქრობდი რომ ხაბიბს უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ვინაიდან მე თვითონ “Striker”-ი ვარ და მომწონს ფეხზე მდგომი მებრძოლები, ვიმედოვნებდი რომ კონორი რამე საინტერესო “სიურპრიზს” შემოგვთავაზებდა, მაგრამ ძალიან მოსალოდნელად დამთავრდა ბრძოლა. რა გახდა კონორის მარცხის მთავარი მიზეზი?
მეორე რაუნდში კონორმა ხაბიბის ტექნიკა არასათანადოდ შეაფასა და ყველანაირი თავდაცვის გარეშე, ბრძოლის ღიად წარმართვა სცადა, სადაც მცირე ნოკდაუნი გაუშვა. ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა ბრძოლის შედეგზეც, კონორში ემოციებმა იმატა, შეტევაზე გადავიდა და გდებებსაც ვეღარ აჩერებდა, რამაც მისი ფიზიკური დაღლილობა გამოიწვია. მეოთხე რაუნდში კონორის დარტმებს უკვე ძალაც აღარ ჰქონდა, მეტოქეს სისწრაფეშიც ვეღარ ჯაბნიდა, ხაბიბი კი აგრძელებდა იმას, რაშიც ნამდვილად უკონკურენტოა: ადვილად გადაჰყავდა ბრძოლა პარტერში და აკონტროლებდა ქვემოთ ბრძოლას, პარალელურად კი ვერბალურად ახდენდა ზეწოლას. ამ ყველაფერმა კი კონორის კარდიო ნულამდე დაიყვანა. ჩემი აზრით, კარგი ბრძოლა იყო და უფრო საინტერესო იქნებოდა, კონორს მეორე რაუნდში დაუფიქრებელი შეცდომა რომ არ დაეშვა. თუ გაიხსენებდით ანალოგიურ შემთხვევებს, რაც ბრძოლის დასრულების შემდეგ მოხდა? როგორ იქცევა UFC-ის ხელმძღვანელობა მაშინ, როდესაც მებრძოლი რინგს გარეთ აგრძელებს ჩხუბს? ბრძოლის შემდგომ განვითარებულმა მომენტებმა გამახსენა ტაისონისა და ჰოლიფილდის შეხვედრა, სადაც მაიკმა მეტოქეს ყური მოაჭამა. ხაბიბის მესმის, რადგან კონორმა მას, ბრძოლამდე, ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ არ მივესალმები იმ ფაქტს, რაც მან ჩაიდინა. ჩემთვის აუხსნელია ის ფაქტი, თუ რატომ არ იღებდა ხაბიბი ხმას მთელი ამ კვირის მანძილზე და რატომ გადაწყვიტა აგრესიული მოქმედება მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც ბრძოლა უკვე მოგებული ჰქონდა. ვფიქრობ რომ ამით მხოლოდ თავის თავს ავნო და უმჯობესი იქნებოდა ისე მოქცეულიყო, როგორც ნამდვილ ჩემპიონს ეკადრება. ამ ბრძოლით მან  მაყურებლისგან ძალიან დიდი პატივისცემა დაიმსახურა და ზუსტად 10 წამში ყველაფერი დაამსხვრია. UFC-იმ შეიძლება ძალიან დიდი სანქციები დაუწესოს ხაბიბს - ეს შეიძლება იყოს როგორც ფინანსური ჯარიმა, ასევე ტიტულის ჩამორთმევა. მეეჭვება, რომ მას ტიტული ჩამოართვან, მაგრამ ეს ამბავი მისთვის კარგად ნამდვილად არ დასრულდება. UFC-ის გარდა, ამ ამბავში ჩართულია ნევადის შტატის სპორტსმენების კომისია და სწორედ ისინი წყვეტენ ხაბიბის ამბავს. ასევე, მას შეიძლება სამომავლოდ ვიზის პრობლემებიც შეეხოს. გალიის გარეთ ბრძოლაში სხვა სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ და UFC-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს სპორტსმენები ვეღარ იბრძოლებენ ორგანიზაციაში - სავარაუდოდ მათ კონტრაქტი შეუჩერდებათ. ხაბიბ ნურმაგომედოვს უკვე 27 წაუგებელი ბრძოლა მოუგროვდა. თქვენი აზრით, ვის შეუძლია დაღესტნელი მებრძოლის დამარცხება? ჩემი აზრით, ყველასთვის ცუდი მეტოქე ამ დივიზიონში ტონი ფერგიუსონია - მას ხაბიბის დასამარცხებლად ყველა მონაცემი აქვს. ასევე ჩემს თანაგუნდელს, ბენეილ დარიუშს აქვს დიდი შანსები რომ შეძლოს ხაბიბის დამარცხება. ხაბიბს გაუჭირდება ისეთ მეტოქესთან ბრძოლა, ვისაც კარგად ეცოდინება ჭიდაობა და ფეხზე დგომში ბრძოლა (ნორმალურ დონეზე მაინც).

სხვა სტატიები