გიორგი ილურიძე: “ჯერ 28 წლის ვარ, დანებებას არ ვაპირებ”

ეროვნული ლიგის გულშემატკივარმა ახალი სეზონის პირველ ტურში უხვგოლიანი და სანახაობრივი მატჩი იხილა – “ლოკომოტივმა” ” “სამტრედიას” 3:1 მოუგო. შეხვედრაში ორი გამორჩეულად ლამაზი გოლი გავიდა, ერთ-ერთი აკრობატულად” შესრულებული შედეგიანი დარტყმის ავტორი კი გიორგი ილურიძე გახლდათ. ილურიძეს ქართველი ქომაგი კარგად იცნობს. მან გულშემატკივარს თავი ჯერ გორის “დილაში”

წარმატებული გამოსვლით დაამახსოვრა, შემდეგ კი წლების განმავლობაში ლეგნიოერის სტატუსით თამაშობდა. 28 წლის შემტევი სამშობლოში 2 წლის წინ დაბრუნდა.

“სამტრედიას” ათიანმა რთული პერიოდი და ხანგრძლივი უგოლო სერია დაასრულა და ძველებურ ფორმაში დასაბრუნებლად ემზადება. ილურიძემ ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორია შენი სავარჯიშო პროცესი შეცვლილ ყოველდღიურობაში?

ასეთ პირობებში კარგი სპორტული ფორმის შენარჩუნება ძალიან რთულია. მართალია, გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელსაც კლუბი გვიდგენს და ყოველ ოთხ დღეში ერთხელ გვიცვლის, მაგრამ ეს ფეხბურთელის სრულფასოვანი მომზადებისთვის საკმარისი არ არის.

საკმარისად ვერ ვხარჯავთ ენერგიას. ძირითადად სულ სახლში ვართ, ამიტომაც, ვცდილობ რაც შეიძლება მეტად დავიტვირთო ფიზიკურად, ბევრი ვირბინო და ფორმაში დავრჩე. თუმცა, ეს უკანასკნელი ძალიან ძნელი ამოცანაა, ვინაიდან არ ვვარჯიშობთ ბურთთან ერთად, არ გვაქვს გუნდური ვარჯიშები, ფეხბურთელმა კი თუ სივრცე და ტემპი არ იგრძნო, მაშინ ფორმის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

როგორ ცდილობ ახალ რეალობაში დროის გატარებას?

დროის უმეტეს ნაწილს სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ. უფეხბურთობის შევსებას კი ვირტუალურად ვცდილობ და FIFA-ს ვთამაშობ.

ჩემი კარიერა ისე წარიმართა, რომ დიდი დრო გამიცდა. ტრავმებმა ხელი შემიშალა, რომ უფრო დიდი ფეხბურთი მეთამაშა.

გიორგი ილურიძე: "ჯერ 28 წლის ვარ, დანებებას არ ვაპირებ" 1

წინა სეზონში ბევრი არ გითამაშია. მაშინაც და საერთოდაც, ტრავმებმა ხელი ძალიან შეგიშალა. ამჟამად როგორია შენი მდგომარეობა?

წინა სეზონი არასტაბილური გამოვიდა და დიდი სათამაშო დრო არ მქონია.

მართალია მე ისეთი მძიმე ტრავმა არ მიმიღია რომ ოპერაცია დამჭირვებოდა, თუმცა პატარ-პატარა და ხანგრძლივმა დაზიანებებმა ჩემს კარიერას დაღი დაამჩნია.

საბედნიეროდ, ზამთრის შეკრების დროს უკვე ფორმაში შევედი, ტრავმა აღარ მაწუხებდა, თავს კარგად ვგრძნობდი და მეგონა, რომ ზედიზედ ორი სრული მატჩის ჩატარებას მოვახერხებდი. სეზონი კარგად დავიწყე, გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა მენდობოდა და თითქოს უკვე ჩემი თამაში ნაპოვნი მქონდა, მაგრამ ისევე როგორც ყველას, კორონავირუსმა მეც ძალიან შემიშალა ხელი.

მართალია ბევრი დრო დავკარგე, მაგრამ ჯერ ისევ 28 წლის ვარ, დანებებას არ ვაპირებ და წინ ბევრი რამ მაქვს.

ფორმის აღდგენაში გოლიც დაგეხმარებოდა. თანაც, “ლოკომოტივს” ძალიან ეფექტურად გაუტანე.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გოლი ძალიან დიდი პაუზის შემდეგ გავიტანე. ყოველ მატჩში მოედანზე გასვლამდე, ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ დრო დადგა გოლის გემო ისევ გავიხსენო, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მიზანს ვერ ვაღწევდი. ახალი სეზონის პირველივე მატჩში გატანამ კი იმდენად გამახარა, რომ სიტყვებით მართლა ვერ გადმოვცემ.

სასიამოვნო იყო ისიც, რომ გოლი ლამაზი გამოვიდა, თუმცა მალევე ირაკლი სიხარულიძემ მშვენიერი მაკრატელა გაიტანა. პირველი ტაიმის შემდეგ “სიხას” ვეხუმრე: ცოტა ხანი მაინც დაგეცადა, ჩემი გოლი გადაფარე მეთქი. მთლიანობაში ძალიან კარგი და სანახაობრივი შეხვედრა გამოვიდა, ირაკლი სიხარულიძე ძალიან მშრომელი და კარგი ფეხბურთელია, მას მომავალში წარმატებებს ვუსურვებ.

გიორგი ილურიძე: "ჯერ 28 წლის ვარ, დანებებას არ ვაპირებ" 2

რატომ გადაწყვიტე ბათუმის “დინამოდან” “სამტრედიაში” გადასვლა?

წინა სეზონის დასრულების შემდეგ, რამდენიმე რეალური ვარიანტი შემომთავაზეს, მაგრამ “სამტრედიის” წინადადებამ ყველაზე მეტად მომხიბლა და სხვების განხილვა არც კი დამიწყია. გუნდის წარმომადგენლები მესაუბრნენ და ამიხსნეს თუ რა მიზნები აქვს ამ კლუბს. იმასაც ვიტყვი, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ფინანსები არ ყოფილა, უბრალოდ “სამტრედიაში” ყველა ის პირობაა შექმნილი, რომ ფეხბურთელმა ფეხბურთელად იგრძნოს თავი. გარდა ამისა, გუნდს გამორჩეულად კარგი მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც ჯერ “დინამო თბილისში” წარმატებით იმუშავა, შემდეგ კი “სამტრედია” ქვედა ლიგიდან ამოიყვანა.

ისიც კარგად ვიცი, რომ ეს კლუბი უმაღლესში დარჩენისთვის არ იბრძოლებს, შესაძლოა ჩემპიონობაზე ფიქრი ნაადრევია, თუმცა მაღალი პოზიციების დაკავება ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება.

ბათუმში გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებ. ჩემპიონობასთანაც ახლოს იყავით. რა დააკლდა გუნდს ტიტულის მოსაგებად?

ბათუმში ორი კარგი სეზონი გავატარე. გუნდში მეორე ლიგიდან ვიყავი და ერთად ამოვედით. თავდაპირველად სეზონი რომ წარმატებულად დავიწყეთ, ყველას ყურადღება მივიპყარით, არა მხოლოდ ბათუმი და აჭარა, მთელი საქართველო ჩვენ გვაკვირდებოდა. ნელ-ნელა ეს ყურადღება, ზეწოლა და წნეხი კიდევ უფრო გაიზარდა და ალბათ სწორედ ამ ფსიქოლოგიური მომენტის გამო რამდენჯერმე ფეხი დაგვიცდა. ქულები დავკარგეთ და საჩემპიონო შანსიც. გარდა ამისა, იყო ტრავმების პრობლემაც და დიდი სათადარიგო სკამის არქონა. ბოლოს უკვე ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი იყო, “დინამოსთან”, “საბურთალოსთან” ძალიან დაძაბული შეხვედრების ჩატარება მოგვიწია. სამწუხაროდ “დინამოსთან” წვიმაში გამართულ შეხვედრაში გამარჯვება ვერ შევძელით. ვფიქრობ, ვინც ამ დუელს მოიგებდა, ჩემპიონიც ის გახდებოდა. ბათუმის “დინამოს” პირველი წლის გამოცდილების შემდეგ, ამ სეზონში უფრო დიდი შანსები ექნება.

გიორგი ილურიძე: "ჯერ 28 წლის ვარ, დანებებას არ ვაპირებ" 3

აჭარულ კლუბს შესანიშნავი გულშემატკივარი ჰყავს. რას იტყვი როგორც მათ, ისე ზოგადად ქართულ ფეხბურთში ქომაგობის შესახებ?

თავდაპირველად როცა ბათუმში მივედი, გუნდი მეორე ლიგაში იყო. მაშინ არც კი მჯეროდა იმის, რასაც თანაგუნდელები მეუბნებოდნენ. მიხსნიდნენ რომ მათ განსაკუთრებული გულშემატკივრობა აქვთ და საშინაო შეხვედრებში გამორჩეულ ატმოსფეროს უნდა დავლოდებოდი. სიმართლე რომ გითხრათ, ამის დიდი იმედი არ მქონდა რადგან, არ წარმომედგინა, რომ საქართველოში ასეთი ქომაგობა შეიძლებოდა. პირველივე შეხვედრებიდან დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი: შინ თუ გასვლაზე, ბათუმელი გულშემატკივრები ჩვენთან ერთად იყვნენ და არანორმალურ გარემოს ქმნიდნენ. საშინაო მატჩის დღეს, მთელი ბათუმი ფეხზე დგას, სადაც არ უნდა შეხვიდე, მაღაზიაშიც კი, ყველა “დინამოს” თამაშზე ლაპარაკობს.

პირადად მე გულშემატკივრობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ბანალურ ფრაზას არ ვამბობ და მართლა მჯერა, რომ ქომაგი მე-12 მოთამაშეა. ფეხბურთელი გულშემატკივრისთვის თამაშობს და როცა მათგან მხარდაჭერას გრძნობს, ეს ყველაზე დიდი ემოციაა, რაც შეიძლება მან კარიერაში განიცადოს.

ბათუმის გარდა, სხვა რეგიონის და ქალაქების გუნდებსაც ჰყავთ კარგი გულშემატკივარი. არა იმიტომ, რომ აქ ვთამაშობ, სანამ ჩამოვიდოდი იქამდეც ვიცოდი, რომ სამტრედიაში ხალხს ფეხბურთი უყვარს და სტადიონის თითქმის სრულად ავსებს. ასეთივე მდგომარეობაა ქუთაისში და სხვა ქალაქებში, მაგრამ არა დედაქალაქში. ზუსტად არ ვიცი ეს რატომ ხდება, მაგრამ ალბათ უფრო იმის გამო, რომ თბილისში ცხოვრების სხვა ტემპია და ადამიანებს ფეხბურთი დიდად არ აინტერესებთ.

მე ყველა მშობელს ვურჩევ, რომ ბავშვები ფეხბურთზე და სტადიონზე ატარონ, სულ რომ არაფერი, ეს მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ და ალბათ სამომავლოდ სტადიონზე გულშემატკივრებს რაოდენობაც გაიზრდება.

უცხოეთში სამ ქვეყანაში ითამაშე. რომელი ლიგა იყო შენს კარიერაში საუკეთესო?

საფეხბურთო დონით რა თქმა უნდა ხორვატია, სადაც თავი პირველად ფეხბურთელად ვიგრძენი. იქ გამორჩეული ატმოსფერო, გულშემატკივრობა, კონკურენტუნარიანი დაპირისპირებები იყო.

შემდეგ წავედი კვიპროსში, სადაც ინდივიდუალურად კარგი პერიოდი მქონდა, გოლები გამქონდა, თუმცა გამორჩეულად თავი ვერავის დავამახსოვრე. თანაც, შემდეგ ევროტურნირების ფლეი-ოფში დავმარცხდით და კლუბის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ლეგიონერები აღარ სჭირდებოდა.

ცხადია უნდა გამოვყო “ანჟიში” გატარებული პერიოდი, სადაც პატარა ასაკში ვიყავი, მაგრამ ვითამაშე ისეთი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით, როგორებიც სამუელ ეტო’ო და რობერტო კარლოსი არიან. მათთან გატარებული დრო ძალიან კარგად მაგონდება. იუმორის გრძნობით აღსავსე და მეგობრულ ადამიანებთან ერთად, ისინი უმაღლესი დონის პროფესიონალები არიან და შეცდომას არ გპატიობენ. თუკი ვარჯიშის დროს რაიმეს არასწორად გავაკეთებდი, ეტო’ოს შეეძლო ვარჯიში გაეჩერებინა, მოსულიყო და აეხსნა, თუ როგორ უნდა გამეკეთებინა უკეთ. ფაქტობრივად მწვრთნელის ფუნქცია ჰქონდა.

თავდაპირველად რობერტო კარლოსის აღნაგობას რომ შევხედე, გაოცება ვერ დავმალე. ასეთი საფეხბურთოდ მომზადებული სხეული თავისით არ შენდება და ის თანდაყოლილი არ არის, ამ ყველაფრის გამომუშავებას უდიდესი შრომა და მონდომება სჭირდება. ვფიქრობ, რომ თუ ქართველი ფეხბურთელები საქმეს ანალოგიურად პროფესიონალურად მიუდგებიან, მაშინ ამ ბრაზილიელებზე არანაკლები წარმატების მიღწევა შეეძლებათ. მეც ალბათ რაღაც დავაკელი, სათანადოდ არ მოვინდომე, გარდა იმისა, რომ ტრავმები ყოველთვის მტანჯავდა.

გიორგი ილურიძე: "ჯერ 28 წლის ვარ, დანებებას არ ვაპირებ" 4

ეროვნულ ლიგაში წლების შემდეგ დაბრუნდი. რა განსხვავებაა დღევანდელ და იმ პერიოდს შორის, როცა კარიერას იწყებდი?

ამ საკითხზე ხშირად ვკამათობ და ყოველთვის ჩემს აზრზე დავრჩები. მართალია, რომ ტექნიკური თვალსაზრისით საქართველოს ლიგა ძალიან დაიხვეწა, მაღალ დონეზეა გაშუქებაც. ძალიან სასიამოვნოა, რომ შეგიძლია თითოეული შეხვედრა ლეპტოპში ან ტელეფონში ჩართო და უყურო, რისი შესაძლებლობაც 10 წლის წინ არ იყო. მაშინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მხოლოდ ტურის გამორჩეულ შეხვედრას გადასცემდნენ. თუმცა, უშუალოდ საფეხბურთო დონე იმ დროსთან შედარებით როცა მე გორის “დილაში” ვიწყებდი, დაცემულია. მაშინ თითქმის ყოველ მეორე კვირას ურთულესი მატჩების ჩატარება გვიწევდა. ერთდროულად ხუთი-ექვსი გამოკვეთილი გუნდი იყო, რომელიც ტიტულისთვის იბრძოდა. “დილა, “დინამო”, “ზესტაფონი”, “ტორპედო”, “რუსთავი” და სხვა გუნდებიც ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ იყვნენ. დღეს განსხვავებული რეალობაა: ყველამ იცის ის სამი გუნდი, რომელიც ძირითადად ტიტულის მოგების მთავარი კანდიდატია, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ წელს “სამტრედია” აჩვენებს, რომ სერიოზული კონკურენციის გაწევა შეუძლია და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს.

მაშინ სტადიონზე გულშემატკივარიც მეტი დადიოდა თუნდაც თბილისში, დღეს კი პატარა ფან-კლუბების გარდა, თბილისური კლუბების მატჩებზე ხალხი თითქმის არ დადის.

“დილაში” წარმატებული პერიოდი გქონდა. როგორ გაიხსენებ გორში გატარებულ დროს?

გორის “დილაში” გამორჩეული პერიოდი იყო: თასი, ჩემპიონობა, ევროპის ლიგის ფლეი-ოფი, რაშიც ჩემი წვლილი მეც შევიტანე. რამდენიმე გადამწყვეტი გოლი გავიტანე და სწორედ ამის შემდეგ, თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებში გამომიძახა. ამ ემოციის ახსნა ნამდვილად არ შემიძლია: მთელი ბავშვობა საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი, სახლში რომ მივედი და მითხრეს ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობაში მოგიხსენიაო, ცრემლები წამომივიდა. სამწუხაროდ მაშინაც ტრავმა მივიღე და კოჭის მოტეხილობამ არ მომცა საშუალება, რომ ეროვნულ გუნდს დავხმარებოდი…

როგორ ფიქრობ, სეზონის რა ფორმატით განახლება იქნება უკეთესი?

მე ვფიქრობ ორი წრე უფრო რეალური ვარიანტი იქნება, რადგან ვარჯიში და შემდეგ უკვე მატჩები ზაფხულში განახლდება და გუნდებს მოსამზადებლად გარკვეული დრო მიეცემათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდების მიერ ზამთარში გავლილი შეკრება წყალშია ჩაყრილი. გარდა ამისა, აზრს კარგავს ევროტურნირებზე გუნდების გამოსვლაც.

(856)

გიორგი ილურიძე: “ჯერ 28 წლის ვარ, დანებებას არ ვაპირებ”

სტატიის ავტორი
-