Belive

"გოლები და სტადიონი ხომ დავიბედე, მეტი რა მინდოდა" - 2 იანვრის საკითხავი შოთა არველაძის ავტობიოგრაფიიდან

2 წლის წინ სხვა
2 წთ
...მოკლედ, 2003 წლის აგვისტო-სექტემბერში, მიუხედავად მუხლის ტრავმისა, ყველაფერი კარგად წამივიდა. პირად ცხოვრებაშიც ძალიან სასიამოვნო ამბავი მოხდა - აგვისტოში მეორე შვილი შემეძინა, თამუნამ ელენიკო მაჩუქა!.. წარმატებები ერთია, მაგრამ მუხლი მაინც არ მასვენებდა, მას არასდროს ვავიწყდებოდი. ამ ყველაფერს შეჩვეული ვიყავი. უკვე მერამდენე სეზონი იყო, ისევ ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, ისევ წამლები და კიდევ ერთხელ წამლები... "მანჩესტერ იუნაითედთან" "აიბროქსზე" 0:1 წავაგეთ. პირველი ტაიმი ნორმალურად ვითამაშე, მეორეში კი ჩავიკარგე... განმეორებით მატჩში "მანჩესტერთან" 0:3-ით დავმარცხდით, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა ყველაფერში გვაჯობა. მაკლიშმა ნახევარდაცვის ცენტრში მათამაშა. თანაც, მუხლი მთელი 90 წუთის განმავლობაში მტკიოდა, თუმცა რომც არ მტკენოდა, "მანჩესტერს" მაინც ვერ შევაჩერებდი. როგორც შოტლანდიელები იტყვიან - "No Chance for fuck sicks". "მანჩესტერთან" თამაშმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ მუხლზე ოპერაციის გაკეთების გარეშე ფეხბურთის თამაშს ვეღარ შევძლებდი. ოპერაცია კი იმას ნიშნავდა, რომ რამდენიმე თვე გამიცდებოდა. ამიტომ ახალ წელს შედარებით უხასიათოდ შევხვდი. 1 და 2 იანვარს დასვენება მქონდა. ვიფიქრე, მე კიდევ დასვენება თუ დამებედა, ვეღარც დავდგები ფეხზე-მეთქი და "რეინჯერსის" ბაზაზე წასვლა გადავწყვიტე. თამუნას რომ ვუთხარი, ბევრი იცინა. გიორგუნასთან ერთად წავედი. ქუჩები თითქმის ცარიელი იყო...
Former Rangers striker Shota Arveladze emerges as shock candidate for Hull City | HeraldScotland
ბაზაზე, დარაჯის გარდა, არავინ დამხვდა. გაუკვირდა. ისეთი სახით შემხედა, ალბათ იფიქრა, რამ გადარიაო. მე მხოლოდ ერთი რამე მედო თავში, უნდა ჩამეცვა სათამაშო ფორმა, ბუცები, მერე მინდორზე გავსულიყავი ბურთებთან ერთად და რაც შეიძლება, მეტი გოლი გამეტანა ორივე კარში, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დამბედებოდა... ასეც მოვიქეცი. ჩავიცვი, "შიტოკებიც" კი გავიკეთე და ბურთებთან ერთად მინდორზე გავედი. ჯერ ერთ მხარეს ვურტყი... ყველანაირი გოლი გავიტანე. მერე მეორე კართან გადავედი. მოკლედ, ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მინდოდა და სახლში ბევრად უფრო ამაღლებულ ხასიათზე დავბრუნდი. გოლები და სტადიონი ხომ დავიბედე, მეტი რა მინდოდა...   შოთა არველაძე, 2009 ამონარიდი შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნიდან - "გუშინ" 

სხვა სტატიები