Belive

ილია ბერიაშვილი: "გულშემატკივარი სხვადასხვა რაიონიდან მოდის, თელავის წარმატება მთელ რეგიონს ახარებს"

4 წლის წინ სხვა
4 წთ
2007 წელს, საქართველოს უმაღლესი ლიგიდან თელავის "კახეთი" გავარდა და მას მერე ამ რეგიონს საფეხბურთო ელიტაში წარმომადგენელი არ ჰყოლია. 2020 წლიდან კი ეროვნულ ლიგაში "თელავი" თამაშობს, ოღონდ ეს სხვა გუნდია, რომელიც 4 წლის წინ დაარსდა და სრული სვლით ყველა ქვედა დივიზიონი გამოიარა - "თელავმა", ვიდრე ჩემპიონატი ცნობილი მიზეზის გამო შეჩერდებოდა, დებიუტანტის სტატუსით მშვენიერი სტარტიც აჩვენა: ორ ტურში კახელებმა ორი ქულა აიღეს და პირველი მათგანი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "დინამო თბილისს" აართვეს. "თელავის" განვლილ გზაზე, ეროვნულ ლიგაში საინტერესო დებიუტსა და იძულებით პაუზაზე გუნდის მცველსა და ვიცე-კაპიტანს ილია ბერიაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც გუნდში კლუბის დაარსების დღიდანაა და ყველა ლიგაში დაწინაურების დროს, კახელების ერთ-ერთი ლიდერია... პირველ რიგში გვითხარი, როგორია ცხოვრება უფეხბურთოდ. როგორ ემზადებით კორონავირუსით გამოწვეული პაუზის პერიოდში? ეს ყველაფერი ძალიან რთულია. სეზონი ახალი დაწყებული იყო, გუნდების უმეტესობა ოპტიმალურ ფორმაში არც ყოფილა, ახლა კი ასათამაშებლად დროც არ ეძლევათ. მართალია, გუნდებმა სეზონის წინ შეკრება გაიარეს, თუმცა ამხანაგურ და ოფიციალურ შეხვედრებს შორის დიდი სხვაობაა, ტონუსის ასაკრეფად კი თამაშია საჭირო. ამ სიტუაციაში, გვაქვს ახალი პროგრამა, რომელიც ფეხბურთელებს დაგვირიგდა და ვცდილობთ, რომ სახლის პირობებში, ფიზიკურად მაქსიმალურად ვივარჯიშოთ და ტონუსში ვიყოთ. იმედი მაქვს, ეპიდემია მალე გადაივლის და სანახაოვრივ და შედეგიან სეზონს ვიხილავთ.
გავიხსენოთ ის შთამბეჭდავი გზა, რომელიც თელავმა ეროვნულ ლიგამდე გაიარა. ეს საქმე ერთად დავიწყეთ, ყველანი პირველ ნაბიჯებს ვდგამდით და ერთიანობის, სწორი მუშაობის და სულისკვეთების ხარჯზე 3 წელიწადში ეროვნული ლიგის საგზური მოვიპოვეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნეთ ძირითადი ბირთვი, რომელიც თითქმის ყველა ლიგაში ერთად თამაშობდა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდში ახალი ფეხბურთელებიც მოვიდნენ. კი, გვყავს ახალწვეულები, რომლებიც გუნდის ბირთვს კარგად შეუერთდნენ და მთლიანონაში, ყველა პოზიციაზე ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული შემადგენლობა გვყავს. "თელავის" ეროვნულ ლიგაში ამოსვლა, მთლიანად რეგიონისთვის დიდი წარმატებაა, რაც პირველ საშინაო მატჩში ტრიბუნაზეც გამოჩნდა. ნამდვილად, გულშემატკივარი ჩვენთვის მე-12 მოთამაშეა და მათი როლი თამაშისას უდიდესია. ვიცი, რომ საშინაო შეხვედრებზე ქომაგები სხვადახვა რაიონიდან ჩამოდიან ჩვენს საგულშემატკივროდ, რაც განსაკუთრებულ მოტივაციას გვაძლევს. ქუჩაში გულშემატკივრები გვცნობენ და წარმატებას გვისურვებენ.
პირველ ორ ტურში გუნდმა კარგი შედეგი აჩვენა. როგორ შეაფასებ საწყის მატჩებს? "დინამო თბილისი" ქართული ფეხბურთის ფლაგმანია, რომელთანაც პირველი მატჩის ჩატარება მოგვიწია. ვაცნობიერებდით მეტოქის სტატუსს და მოედანზე იმ მოტივაციით, მონდომებით და შემართებით გავედით, რომელმაც ეროვნულ ლიგაში მოგვიყვანა. შინ, გორის "დილასთან" კარგად ვითამაშეთ, თუმცა იყო ნიუანსები, რომლის არ არსებობის შემთხვევაში, ამ მატჩის მოგებას შევძლებდით.
წინ ხანგრძლივი სეზონი და ბევრი მატჩია, რომელ გუნდებს განიხილავ მთავარ მეტოქეებად? გვინდა, რომ ეროვნულ ლიგაში ფეხი მყარად მოვიკიდოთ, ამისთვის კი ყველა მეტოქესთან ძლიერად თამაში მოგვიწევს.

სხვა სტატიები