Belive

იოკოძუნა ჰაკუჰომ სუმოისტის კარიერა დაასრულა | ამიერიდან ოიაკატა მაგაკი...

2 წლის წინ სხვა
3 წთ
ყოველწლიურად სუმოს სამყაროს 6 სუპერტურნირის ხილვის საშუალება აქვს – იანვრის ანუ ჰაცუ, მარტის ანუ ჰარუ, მაისის ანუ ნაცუ, ივლისის ანუ ნაგოია, სექტემბრის ანუ აკი და ნოემბრის ანუ კიუშუ ბაშოები. თითოეული მათგანი, ხსენებული თვის მეორე კვირა დღეს იღებს სტარტს და 15 დღის განმავლობაში გრძელდება. 2021 წლის სექტემბრის ბაშო 26 სექტემბერს დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც იოკოძუნა ტერუნოფუჯი გახდა, რომელმაც სუმოს უმაღლესი ანუ მაკუუჩი დივიზიონის ტიტული კარიერაში მეხუთედ მოიგო, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისთვის ტურნირმა უშუალო და უმთავრესი კონკურენტის, იოკოძუნა ჰაკუჰოს გარეშე ჩაიარა, რისი მიზეზიც მის სკოლაში (მიაგინო ჰეია) დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევა იყო, რომლის გამოც იაპონური სუმოს ასოციაციის რეგულაციების თანახმად, სკოლის არცერთი წევრი ბაშოზე არ დაიშვებოდა. ჰაკუჰომ 45-ე ტიტული ივლისში მოიგო, როცა მუხლის ტრავმით უწევდა ასპარეზობა, თუმცა “თეთრმა ფენიქსმა” მისი ბრწყინვალების აზრი კიდევ ერთხელ გაამყარა, მან ტრავმის მიუხედავად ბაშო წაუგებლად, 15:0-ზე ბალანსით, მოიგო (ძენშო იუშო). რამდენიმე დღის წინ იაპონიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე სანდო წყაროს ინფორმაციით იოკოძუნა ჰაკუჰო სუმოისტის კარიერას რამდენიმე დღეში დაასრულებდა და ასეც მოხდა... დასრულდა უდიდესი ეპოქა, რომელიც მონღოლმა სუმოისტმა შექმნა და რომლის მწვერვალებსაც, უდიდესი ალბათობით მომდევნო რამდენიმე ათეული წელიწადი ვერავინ დაიპყრობს. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჰაკუჰოს სამწვრთნელო კარიერის შესახებაც იყო ცნობები, როგორც აღმოჩნდა ამ შემთხვევაშიც მოლოდინები გამართლდა - ამიერიდან გულშემატკივარი იოკოძუნა ჰაკუჰოს, რომელმაც იაპონიის მოქალაქეობა მიიღო და მისი ოფიციალური სახელი და გვარი ჰაკუჰო შო გახლავთ, ოიაკატას ანუ მწვრთნელის რანგში იხილავს, მისი სახელი კი მაგაკი იქნება. ჰაკუჰომ წლის დასაწყისში დააანონსა, რომ კარიერის დასრულებას ივლისის ბაშოს შემდეგ გეგმავდა, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მან ნაგოია ბაშო 15:0-ზე ბალანსით მოიგო, რაც იმის ერთ-ერთი წინაპირობა გახდა, რომ ჰაკუჰომ სექტემბერშიც გადაწყვიტა ასპარეზობა, თუმცა Covid-19-მა აქაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა... იოკოძუნას მიერ სუმოისტის სამწვრთნელო კარიერაში გარდასახვა პირველი შემთხვევა არაა, უახლეს წარსულში მოქმედი იოკოძუნა კისენოსატო ამის ერთ-ერთი მაგალითია, მან მებრძოლის კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარი თავი ოიაკატას რანგში, არაისოს სახელით წარმოადგინა. ჰაკუჰოს მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი მისგან ისეთივე სამწვრთნელო კარიერას ელის, როგორი მებრძოლიც მრავალი წლის განმავლობაში იყო, ვინაიდან მცირე მიზნებისთვის ჰაკუჰო არ იბრძოლებს! ამრიგად, სუმოს სამყაროს "ერთპიროვნული" ლეგენდა კულისებში გადაინაცვლებს... წავიდა და თან უმაღლესი დივიზიონის 45 (!) ტიტული წაიღო, ასევე, ყოველი ბაშოსთვის დაწესებული სპეციალური პრიზები, უამრავი ემოცია. წავიდა და თან წაიყვანა მასში არსებული "ცეცხლოვანი თეთრი ფენიქსიც"...

სხვა სტატიები