Belive

"ისტორიის შავი გვერდი, სირცხვილი" - როგორ გამოეხმაურა რუმინული პრესა საქართველოსთან მარცხს? 

2 წლის წინ სხვა
2 წთ
საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, მასპინძელი რუმინეთის ეროვნული გუნდი - 2:1 დაამარცხა. რუმინელთა მარცხს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივ მედიაში, სადაც ეს დღე რუმინული ფეხბურთის ისტორიის შავ ფურცლად და სირცხვილად შეფასდა. "საქართველოსთან ტესტი უნდა ყოფილიყო მხოლოდ მკრთალი მცდელობა გულშემატკივრების წინაშე თქვენი დანაოჭებული შესახედაობის დამალვისა, ერევანში წარუმატებლობის შემდეგ უხეშად განადგურდა გუნდის სახე. ვილი სანიოლის გუნდის შემადგენლობაში უმეტესობა "დინამო ბათუმში" თამაშობს, გოლები კი "სერენის" და "კარტახენას" ფეხბურთელებმა გაგვიტანეს. რუმინეთის ნაკრები დღეს უხმო და უღონო იყო. ქართველებმა აჩვენეს, რომ მათ იციან ფეხბურთის თამაში და  ესპანეთის ნაკრები თბილისში გამარჯვების მოსაპოვებლად დამატებით დრომდე ტყუილად არ იბრძოდა. მას მერე, რაც 5 წლის წინ, ევროპის ჩემპიონატამდე მათ - 5:1 მოვუგეთ, ბევრი რამ შეიცვალა - საქართველოსთვის კარგად, ჩვენთვის - ცუდად. ეროვნული გუნდის რამდენიმე გულშემატკივარი, რომელიც მატჩზე მივიდა, ბილეთების შეძენას ნანობდა. დღევანდელი საღამო ისტორიაში შავი ფურცლით ჩაეწერება. ეს სირცხვლია. ჩვენ ადრე საქართველოსთან მატჩებისგან სიამოვნებას ვიღებდით, სულ რაღაც 5 წლის წინ... 2021 წლის ზაფხული დაკარგული დიდების ძიებაში გვეხმარება. ძლივს დავამარცხეთ მაკედონია, სომხეთში წავაგეთ და 8 მატჩიდან პირველად მოგვიგო საქართველომ. ეს არის ეროვნული გუნდის მწარე რეალობა, რომელსაც გამართლება არ აქვს", - წერს gsp.ro. საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი სადებიუტო გოლებით გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გამოიჩინეს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ შეხვედრას 6 ივნისს, კვლავაც ამხანაგურად, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები