Belive

კატალონიური ესტაფეტა - ბიძინა ბარათაშვილის ბლოგი | წარმატებები ჩავი!

2 წლის წინ სხვა
8 წთ
წლევანდელი საფეხბურთო შემოდგომის მთავარი თემა უთუოდ ბარსელონაში ჩავი ერნანდესის დაბრუნება გახლავთ. დღეს ყველა ამაზე წერს - ბჭობენ, ხომ არ დააბრუნებს იგი ინიესტას? აგერ დანი ალვეში უკვე გუნდშია, ტიაგო უნდაო ლეოს ადგილზე... თვითონ მესისაც ჰქონია რაღაც პუნქტი კონტრაქტში... ეგებ, ახალი ტალანტებიც მოიძებნოს... ის ხომ სულით ხორცამდე ბარსელონელია და ვინ თუ არა ჩავი უნდა გახდეს მორიგი კატალონიური რენესანსის ავტორი?! ჩვენც დავინტერესდით როდის და რამდენჯერ მომხდარა ამ დიადი კლუბის ისტორიაში ყოფილი ფეხბურთელების მწვრთნელებად მობრუნება?

და რამდენად წარმატებულნი იყვნენ ექს-ვარსკვლავები ახალ ამპლუაში?

საუბარი ალბათ რომა ფონტით უნდა დავიწყოთ. ის ბევრ რამეში იყო პირველი: ჯერ ერთი, “ბარსელონას” პირველი კატალონიელი მწვრთნელი გახლდათ და მას ესპანეთის პირველი ჩემპიონობაც მოაპოვებინა, იქამდე კი, 1912 წელს კატალონიის ნაკრების პირველ ამხანაგრ შეხვედრაში საფრანგეთს ეპაექრა... თავად კატალონიის 5 გზის ჩემპიონმა და სამეფო თასის გამარჯვებულმა, 1928 წლისთვის გუნდში ძალიან ძლიერ შემადგენლობას მოუყარა თავი, რომელშიც კიდევ რამდენიმე ისტორიული ფიგურა გვხვდება, მათ შორის - კლუბის 3 მომავალი მწვრთნელი ხოსეპ სამიტიერი, რამონ ლორენსი და უნგრელი ფერენც პლატკო. ლორენსის (1950) ხელმძღვანელობით გუნდს არაფერი მოუგია, თვითონ კი კლუბის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე დაბალი მეკარე (1,64 სმ) და “სან მამესზე” “ბილბაოსთან” 12 გოლის გამშვები (1931, 1-12)!!! პლატკოც მეკარე გახლდათ, ლორენსზე 2 თავით მაღალი, “ბარსაში” 2-ჯერ დაინიშნა (1934-35, 1955-56) და ჯამში მხოლოდ 1 კატალონიის თასი დაისაკუთრა. რახან სიტყვა მეკარეებზე ჩამოვარდა, გეტყვით, რომ ამათ მერე (1930) გუნდში მოსული ჟოან ჟოზეპ ნოგესი, რომელმაც 1934 წლის მუნდიალზე - იტალიასთან ¼ ფინალში - ტრავმირებული რიკარდო სამორა შეცვალა, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი უკვე კატალონიის ნაკრებთან ერთად აჯობა ლეონიდასიან ბრაზილიას (2-1, 2-2), “ბარსელონას” მწვრთნელად მუშაობისას (1942-44) სამეფო თასი მოიპოვა.

“ბარსელონასთან” გასამრჯელოზე მოდავე, პირდაპირ “რეალში” გადაბარგდა. ფრანკოსთან მეგობრობდა. მართალია, იმ ეპოქაში “კლასიკო” ჯერ არ იყო დიდად აქტუალური და ამიტომ სამიტიერის მადრიდში გადასვლას დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია (ისევე როგორც იქამდე იმავე მარშრუტით წასული რიკარდო სამორას შემთხვევაშიც) და მოთამაშის კარიერის დასრულების მერე უკანაც დააბრუნეს მთავარ მწვრთნელად. მოვიდა თუ არა, “ბარსელონა” ისევ გააჩემპიონა, მერე კი ქვეყნის სუპერთასიც (ევა პერონის თასი) დაამატა. გაჩემპიონების შემდეგ სამიტიერი დაუპირისპირდა ძმებ გონსალვოებს, რომელთაგან უფროსი - ხული - გუნდიდან გაუშვა. დარჩენილებმა (ხოსეპი და მარია) პირი შეუკრეს და აიძულეს მწვრთნელის სკამიდან სკაუტინგის ხელმძღვანელის თანამებობაზე გადასულიყო. სწორედ აქ იპოვნა სამიტიერმა “ბარსას” ისტორიაში უძლიერესი ფორვარდი და კიდევ ერთი მომავალი მწვრთნელი - ლადისლაო კუბალა, რომელსაც იმ დროისათვის უკვე მორგებული ჰქონდა ჩეხოსლოვაკიისა და უნგრეთის ნაკრები გუნდების მაისური, წინ კი ესპანეთის ეროვნულში წარმატებული კარიერა ელოდა ჯერ ფეხბურთელისა და შემდეგ დამრიგებლის ამპლუაში. 1999 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კუბალა “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს! მან ორჯერ უთავკაცა კლუბს (1961-63, 1980), მაგრამ მხოლოდ ბაზრობათა თასის ფინალში გასვლით თუ იამაყებს. იქაც, მეზობელ “ვალენსიასთან” განადგურდა (2-6; 1-1). გაცილებით წარმატებული გახლდათ ნაკრებში მუშაობისას, რომელიც 1978 წლის მუნდიალსა და 1980 ევროპაზე გაიყვანა. რაც შეეხება ხოსეპ გონსალვოს, რომელმაც 40-იან წწ. კლუბთან ერთად 3 ჩემპიონატი და კოპა ლატინა (ჩემპიონთა თასის წინამორბედი) მოიგო, იგი კლუბს 1962-63 წწ. სეზონში დაუბრუნდა და “სარაგოსასთან” 3-1 მოგებულ კოპა გენერალისიმოს ფინალშიც უხელმძღვანელა. კლუბის გაწვრთნა გონსალვოების თანაგუნდელ ხოსეპ სეგერსაც მოუწია (1969), მაგრამ Cinc Copes (5 თასი) ლეგენდარული თაობის ფორვარდი (5 ჩემპიონატი, 3 თასი, 4 სუპერთასი, 2 კოპა ლატინა. 133 გოლი), ამ კუთხით წარუმატებელი გამოდგა. სამიტიერის კიდევ ერთი შეგირდი შეიძლებოდა ყოფილიყო დომენეკ ბალმანია, მაგრამ 1944-45 სეზონის წინ ის “ხიმნასტიკში” გაუშვეს და მხოლოდ სამეფო თასის მოგება მოასწრო (1942). სამაგიეროდ, მწვრთნელად დაბრუნებულმა ამავე თასს, 1958 წლის ბაზრობათა თასიც მიამატა. უკვე კუბალას გოლებისა და სამიტიერის მენეჯერული ტალანტის დახმარებით. სხვათაშორის, ბარემ ვთქვათ, რომ ზემოთ ნახსენები “ბარსას” ბომბარდირთა  სიის მეორე ნომერი (232 გოლი) სესარ როდრიგესი სამიტიერის “ოქროს გუნდშიც” იყო 1944-45 წწ. სეზონში და მერე მთავარი მწვრთნელიც (1963-64). ამ დროისათვის სამიტიერი ისევ “რეალის” სისტემაში მუშაობდა სკაუტინგის მიმართულებით!

და ბოლო პასაჟი - 70-იანი წწ. ე.წ. “კრუიფის ერა”. რინუს მიხელსისა და ორი იოჰანის (კრუიფი - ნეესკენსი) მიერ “ტოტალურად” ჰოლანდიურ ფერებში “შეღებილი” “ბარსელონა”, მადრიდში 5-0 მოგებული “კლასიკო” და ა.შ. იმ თაობიდან, რაღა თქმა უნდა, უმთავრესი ფიგურა კრუიფი იყო, რომელმაც საბოლოო სახე მისცა კატალონიური გრანდის საფეხბურთო ფილოსოფიას, უმაღლეს დონეზე აიყვანა ფეხბურთეთა აზროვნება თუ ფიზიკური კონდიციები და ჯერ თვითონ ჩამოაყალიბა “დრიმ თიმი”, მერე კი იქიდან აღზევებულ გვარდიოლას დაუდგა მასწავლებლად და აგერ სადამდე მიიყვანა... მაგრამ ეს წერილი არც კრუიფზეა და არც პეპზე. მათზე თქვენ ისედაც ბევრი გსმენიათ... აი კრუიფის გვერდით კი მართლაც იყვნენ უფრო ნაკლები მასშტაბის ფიგურები, ვისაც თავისი კვალი დაუტოვებია დიდი კლუბის ისტორიაში. ჩვენ თქვენს ყურადღებას ამათგან მხოლოდ ორზე შევაჩერებთ. პირველი ხოაკიმ რიფეა, რომელმაც 1963-76 წწ. საკლუბო მაისური 535 შეხვედრაში მოირგო და 23 გოლიც იზეიმა. 1979-80 წწ. სეზონში ის უკვე მთავარი მწვრთნელია და პოსტ კრუიფის პერიოდის პირველი ჯილდოს მომპოვებელი (1979 თასების მფლობელთა თასი). ბაზელის “სენტ იაკობზე” ჩვენთვის ეგზომ ძვირფასი დიუსელდორფის “ფორტუნას” 4-3 დამმარცხებელთა შორის ერთი გოლის კარლეს რეშაკმა გაიტანა, რომელსაც ჩემი თაობის გულშემატკივრები საბჭოთა ინერციით დღემდე რექსაჩად მოიხსენიებენ - სწორედ ასე წერდნენ და წარმოთქვამდნენ მის გვარს საბჭოელი ჟურნალისტები. ამის მთელი ცხოვრება “ბარსელონას” უკავშირდება. ჯილდოებიც ბლომად აქვს კოლექციაში, გოლებიც - 1971 წელს სულაც “პიჩიჩი” გახდა, 3-ჯერ კლუბის დროებით მწვრთნელადაც წაიმუშავა, მაგრამ მთავარი რაც გააკეთა - კატალონიაში პატარა ლეო მესი ჩამოიყვანა. თვითონ მოკრძალებით ამბობს - ბევრი არაფერი მიქნია, მითხრეს ნიჭიერი ბავშვია, უბრალოდ ვნახე და წამოვიყვანეო... ახლა ჯერი ახალ თაობაზეა. წარმატებები ჩავი!

სხვა სტატიები