Belive

კონორ მაკგრეგორი - გადამეტებულად შეფასებული მებრძოლი თუ ლეგენდა, რომელიც კვლავ დაბრუნდება?

3 წლის წინ სხვა
7 წთ
საბრძოლო ხელოვნების მოყვარულთათვის 2020 წლის 6 ივნისი ერთგვარი ისტორიული დღეა იმ კუთხით, რომ UFC-ის ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, ყველაზე გამორჩეული და პოპულარული ფიგურა - კონორ მაკგრეგორი დიდი სპორტიდან წასვლის შესახებ, რიგით მესამედ იუწყება.   კონორ მაკგრეგორი 31 წლის, აწ უკვე "ყოფილი" პროფესიონალი მებრძოლია. მას შემდეგ, რაც ირლანდიელმა UFC-ის კარი გააღო 26 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 22 შემთხვევაში ოქტაგონი გამარჯვებულის სტატუსით დატოვა. კონორმა პროფესიონალურ საბრძოლო კარიერასთან გამომშვიდობება პირველად 2016 წლის პირველ ნახევარში გადაწყვიტა - მას შემდეგ, რაც მისი და ნეით დიაზის ხმაურიანი ორთაბრძოლა მისი მარცხით დასრულდა.

2016 წლის 19 აპრილს, კონორ მაკგრეგორმა Twitter-ზე განთავსებული პოსტით კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. შოკისმომგვრელი განცხადების მიუხედავად, ზუსტად 1 თვეში მაკგრეგორმა განახლებულ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ნეით დიაზთან განმეორებითი ბრძოლა ჩაინიშნა. 2016 წლის 20 აგვისტოს, მაკგრეგორმა დიაზი რემატჩში დაამარცხა - აღნიშნული ბრძოლის შედეგად, ირლანდიელმა 3,090,000 დოლარი გამოიმუშავა. 2016 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ წლის ბოლომდე მაკგრეგორი კიდევ ერთ ბრძოლას გამართავდა - 12 ნოემბერს მაკგრეგორმა ედი ალვარესი დაამარცხა. ისევე, როგორც დიასის წინააღმდეგ, კონორმა აღნიშნულ დაპირისპირებაშიც 3,090,000 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. დიაზისა და ალვარესის დამარცხების შემდეგ, მაკგრეგორი UFC-ის ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონის ქამარს დაეუფლა. აღნიშნული წარმატებების შემდეგ მაკგრეგორი ოქტაგონს დროებით ჩამოშორდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მან რინგზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრძოლა გამართა, სადაც მისი მეტოქე კრივის ლეგენდარული წარმომადგენელი - დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი გახლდათ, რომელმაც ირლანდიელი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. კარიერის რიგით მეორედ დასრულების შესახებ, მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან მარცხის შემდეგ, 2019 წლის 26 მარტს განაცხადა. აღნიშნულ ორთაბრძოლაში ირლანდიელი მებრძოლი ოქტაგონიდან დამარცხებულის სტატუსით გამოვიდა, რამაც მისი იმიჯი მცირედით, თუმცა მაინც შეარყია. შერყეული იმიჯის საპირწონედ - მაკგრეგორმა ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ბრძოლით 2,900,000 დოლარი გამოიმუშავა. UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მებრძოლმა რეპუტაციის აღდგენა 2020 წლის 18 იანვარს, დონალდ სერონეს დამარცხებით შეძლო. სერონეს ნოკაუტით დასამარცხებლად, მაკგრეგორს მხოლოდ 40 წამი დასჭირდა. კონორის კარიერის რიგით მეორე დასრულება ასევე ხმაურიან ამბავს უკავშირდება, სადაც მებრძოლი საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად, ხაბიბის ავტობუსს დაესხა თავს და ერთგვარი მასობრივი ჩხუბის მონაწილე გახდა.

2020 წლის განმავლობაში მაკგრეგორი UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითისაგან, მისი კარიერული წონის შესაფერისი კონკურენტის შერჩევას ელოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ირლანდიელს მეტოქე არ გამოუჩნდა. აღსანიშნავია, რომ დანა უაითს ირიბად, თუმცა არაერთხელ გამოუთქვამს აზრი იმის შესახებ, რომ UFC-ის პოპულარიზაციაში მაკგრეგორს ლომის წილი მიუძღვის.

არის თუ არა კონორ მაკგრეგორი, როგორც მებრძოლი, გადამეტებულად შეფასებული?

ზემოთხსენებული შეკითხვა საბრძოლო ხელოვნების მოყვარულთა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია - ერთნი ფიქრობენ, რომ კონორის შეფასება, როგორც ძლიერი მებრძოლის, გადამეტებულია მისი განვლილი კარიერის შესაბამისობასთან. ობიექტური ჭრილიდან ირლანდიელის შეფასებისას მართებულია აღვნიშნოთ, რომ მას საკმაოდ რთული გზა აქვს განვლილი იქამდე, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი გამხდარიყო. დაოჯახებული კონორი პოპულარობამდე ქირით ცხოვრობდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მის მოტივაციას საზღვრები არ ჰქონდა - ცხადია მისი მეუღლე მებრძოლის შეფასებისას სუბიექტურია, თუმცა რამდენჯერაც მას სიტყვის თქმის საშუალება ჰქონია, ყოველთვის აღნიშნავს, რომ მაკგრეგორმა აქამდე მოსასვლელად თავდაუზოგავი და შეუჩერებელი შრომა ჩადო. მაკგრეგორს მისი პიროვნული თავისებურებებიდან გამომდინარე საკმაოდ ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, რომელთა ერთი ნაწილი მას, როგორც სპორტსმენს საერთოდ არ აფასებს და აღნიშნავს, რომ ის უბრალო "შოუმენია". კონორის მოყვარულები კი აღნიშნულ საკითხს სხვაგვარ ინტერპრეტირებას უკეთებენ - ისინი ფიქრობენ, რომ კონორს განუზომელი შესაძლებლობები აქვს და მისი ქომაგობა გაცილებით უფრო სასიამოვნოა მაშინ, როცა ის საკუთარი "შოუმენობით" (რომელიც რინგზე/ოქტაგონზე ასვლისთანავე სრულდება) მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში ექცევა.

რამდენად რეალურია ირლანდიელი მებრძოლის რიგით მესამედ დაბრუნება აქტიურ სპორტში და ელოდება თუ არა იგი მორიგ მრავალმილიონიან ბრძოლას?

როგორც ზემოთ არაერთხელ აღვნიშნეთ, მაკგრეგორი კრიტიკოსების დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის, თუმცა მისი ახლანდელი გადაწყვეტილება კვლავ მთავარი თემაა. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს მისი მორიგი შოუს ნაწილია და ირლანდიელის მონაწილეობით ბრძოლებს კვლავ ვიხილავთ. ექსპერტების ნაწილი, ვინც აღნიშნულ საკითხზე საკუთარი აზრი უკვე დააფიქსირა, ფიქრობს, რომ მაკგრეგორისათვის ეს რიგით მესამე ფინანსურად მომგებიანი გადაწყვეტილებაა და არა რიგით მესამედ კარიერის დასრულება. ზოგადად, მაშინ, როდესაც სპორტსმენს კარიერა დასრულებული აქვს და ის ბრუნდება, როგორც წესი, იმ კონკრეტულ მომენტში მისდამი ყურადღება მინიმუმ ორმაგდება - საბრძოლო ხელოვნებაში კი აღნიშნული მოვლენა გაათმაგებულად გამძაფრებულია, ვინაიდან ეს არის დარგი, სადაც სპორტსმენები გარკვეულწილად საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რისკავენ.

კონორ მაკგრეგორის მიერ გამომუშავებული თანხა:

კრივით გამომუშავებული თანხა: $30,000,000
UFC-დან გამომუშავებული თანხა: $15,082,000
ჯამურად გამომუშავებული თანხა: $45,082,000

რას ფიქრობენ უცხოური მედიის წარმომადგენლები?

უცხოურ სპორტულ პრესაში იმ აზრს, რომ მაკგრეგორი აქტიურ სპორტს დაუბრუნდება გაცილებით მეტი მომხრე ყავს, ვიდრე იმას, რომ მისი კარიერა სამუდამოდ დასრულებულია - ცხადია, ამის მიზეზი წინა ორი შემთხვევაა, როცა მაკგრეგორი ოქტაგონზე მაღალბიუჯეტიანი ორთაბრძოლებით დაბრუნდა. სულ ახლახანს უცხოურ პრესაში ერთობ საინტერესო სიახლეც გაჟღერდა, სადაც აღნიშნულია, რომ მაკგრეგორის კარიერის დასრულება მისი "მზაკვრული" გეგმების ნაწილია - შემოდგომაზე ხაბიბ ნურმაგომედობისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის შემდეგ, კონორი ოქტაგონზე დაბრუნდება და მისი მეტოქე სწორედ ხაბიბი იქნება, ბრძოლის თარიღი კი ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული, თუ რა დრო დასჭირდება 100%-იანი ფიზიკური მზაობის მოსაპოვებლად გეიჯისთან ბრძოლის შემდეგ...        

სხვა სტატიები