ოქტაგონზე ხაბიბ ნურმაგომედოვთან მარცხის შემდეგ, კონორ მაკგრეგორმა ბრძოლის შესაფასებლად მოიცალა. ირლანდიელმა მებრძოლმა საკმაოდ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დეტალურად ახსნა მარცხის მიზეზები და გულშემატკივარს დაბრუნებას დაპირდა.
„სპორტული თვალსაზრისით პირველი რაუნდი ხაბიბმა მოიგო, მაგრამ ბრძოლის კუთხით თუ შევხედავთ მე გავიმარჯვე. პირდაპირი დარტყმები ზუსტი აღმოჩნდა, ფეხით იდეალური მუშაობა და რამდენიმე კარგი შეტევა. ნურმაგომედოვი ძირითადად ოქტაგონის კუთხეებში აქტიურობდა.“
„მეორე რაუნდის დასაწყისში ხაბიბი ოქტაგონის გარშემო დარბოდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მისი დარტყმა, რომელმაც რაუნდის მსვლელობა შეცვალა. დარტყმის სიძლიერიდან გამომდინარე წონასწორობა დავკარგე და უკან გადავიხარე – ხაბიბი შეტევაზე მომენტალურად გადმოვიდა. UFC-ში ეს მისაღებია. მეტად ორგანიზებული რომ ვყოფილიყავი და მეტი პატივისცემა გამომეჩინა, ხაბიბი მსგავს დარტყმას ვერასდროს მომაყენებდა.“
„მოსამზადებელ პროცესში დავუშვი შეცდომა, როდესაც კონკრეტული სცენარი არ გავითვალისწინე. არ დავაფასე არც ხაბიბის უნარები და არც ჩემი უპირატესობები. მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდება. ყოველთვის უნდა მოისმინო მაგრამ მხოლოდ საკუთარ ინსტინქტებს მიჰყვე. საკუთარი თავის მფლობელი მხოლოდ თავად ხარ. ეს ყოველთვის იყო ჩემი მთავარი კოზირი, მაგრამ ხაბიბთან ბრძოლის წინ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.“
„ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი რაუნდის შემდეგ, კონცენტრირება შევძელი და ძალები მოვიკრიბე. მესამე რაუნდი ჩემი უპირატესობითა და გამარჯვებით დასრულდა.“
„გადამწყვეტი აღმოჩნდა მეოთხე რაუნდში დაშვებული მიუტევებელი შეცდომა. უყურადღებობა, რომელმაც ბრძოლა წამაგებინა. გადამწყვეტ მომენტში ზურგი დაუცველი დამრჩა – ხაბიბმა ამით იდეალურად ისარგებლა.“
„რა შემიძლია ვთქვა? იდეალური ბრძოლა შედგა, რომლითაც ვისიამოვნე. სრულად მომზადებული, იდეალური ფორმით დავბრუნდები! რემატჩი თუ არ შედგა მოწინააღმდეგის პოვნა არ გამიჭირდება. შევხვდებით ძალიან მალე“, – განაცხადა კონორ მაკგრეგორმა.