Belive

კრივი მისი ცხოვრება იყო | ჟან-პოლ ბელმონდოს უცნობი წარსული

2 წლის წინ სხვა
3 წთ
2021 წლის 6 სექტემბერს, 88 წლის ასაკში, ფრანგული და ევროპული კინოს ლეგენდა ჟან-პოლ ბელმონდო გარდაიცვალა. 58-წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, ბელმონდომ სულ მცირე 90 ფილმში მიიღო მონაწილეობა და ევროპული კინოს დიდების დარბაზში სამუდამო დაიმკვიდრა ადგილი. საკულტო როლებისა და კინოს ინდუსტრიაში მოპოვებული არაერთი აღიარების ფონზე, ჟან-პოლ ბელმონდოს კიდევ ერთი გატაცება ჰქონდა. ბელმონდოს პროფესიონალური სამსახიობო კარიერა 1953 წელს დაიწყო, თუმცა მანამდე მას რადიკალურად განსხვავებული ინტერესი ჰქონდა. 1949-50 წლებში, ახალგაზრდა ჟან-პოლ ბელმონდო კრივით იყო გატაცებული. აღსანიშნავია, რომ მოკრივის ამპლუაში ბელმონდო საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს. გამართული 3 ბრძოლა და მოპოვებული 3 გამარჯვება - ბელმონდომ რინგი დაუმარცხებელი ჩემპიონის სტატუსით დატოვა. აღსანიშნავია, რომ ბელმონდომ სამივე ბრძოლა პირველივე რაუნდში, მოწინააღმდეგის ნოკაუტში ჩაგდებით დაასრულა.
"სახემ, რომელსაც სარკეში ვუყურებდი ცვლილება დაიწყო - სწორედ მაშინ გადავწყვიტე კრივისთვის თავის დანებება", - აღნიშნა მოგვიანებით ბელმონდომ.
bca48bd49d23c58224f5fde9be4e95346dfa324f

1950 წლის შემდეგ, ბელმონდო რინგზე აღარ გასულა, თუმცა კრივის აქტიურ გულშემატკივრად სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. 6 სექტემბერს, კრივმა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გულშემატკივარი დაკარგა. ბელმონდოს გარდაცვალების შემდეგ, Europe 1-თან საუბარში ტონი იოკამ და მიშელ აკარისმა საინტერესო ისტორიები გაიხსენეს.
მოკრივე - ტონი იოკა, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანი ბელმონდოსთან პირველ შეხვედრას იხსენებს: "მის გვერდით თავი საკმაოდ მცირედ ვიგრძენი". "ბევრმა არ იცის, მაგრამ ფრანგული კრივისათვის ბელმონდო საკულტო პერსონაა. კრივისათვის და პირადად ჩემთვის მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა. 10 წლის წინ, პირველად შევხვდი და მისი გაცნობის შესაძლებლობა მომეცა. ბელმონდო პრაქტიკულად ჩემს ყველა ბრძოლას დაესწრო. მასთან საუბრები და დისკუსიები მხოლოდ კარგად გამახსენდება - ვსაუბრობდით კრივზე, ჩემს ბრძოლებზე. სიმაღლეში ზუსტად 2 მეტრი ვარ, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ბელმონდოს გვერდით ვიდექი თავს მასზე გაცილებით პატარად ვგრძნობდი", - აღნიშნავს ტონი იოკა. 
ტონი იოკას პარალელურად, ბელმონდოს ძმებ აკარისებთანაც ახლო მეგობრობა აკავშირებდა. პრომოუტერი მიშელ აკარისი 40 წლის მანძილზე ევროპაში განსაკუთრებული ბრძოლების გამართვას უწევდა ორგანიზებას.
"ბელმონდო ჩვენი ოჯახის წევრი იყო. მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებდა - პარიზსა და კანში ჩვენი გზები არაერთხელ გადაიკვეთა და ჩვენს მიერ ორგანიზებულ პრაქტიკულად ყველა ივენთს დაესწრო. ის ყოველთვის რინგის სიახლოვეს იყო და შემიძლია ვთქვა, რომ ბელმონდო კრივისათვის შეუცვლელი პერსონაა", - აღნიშნა მიშელ აკარისმა.