Belive

ლეონიდ ტარანენკო - ძალოსანი, რომელსაც ლაშა ტალახაძემ ისტორიული რეკორდი მოუხსნა

2 წლის წინ სხვა
3 წთ
ლაშა ტალახაძე რეკორდების დამყარებას განაგრძობს. გუშინ ქართველმა ძალოსანმა ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მსოფლიო რეკორდი მოხსნა - ატაცი - 225 კგ (წინა რეკორდი 223 კგ), აკვრა - 267 კგ (წინა რეკორდი 265 კგ), ორჭიდის ჯამში - 492 კგ (წინა რეკორდი - 488 კგ). რასაკვირველია, სამივე ზემოხსენებული შედეგი შთამბეჭდავია, თუმცა, განსაკუთრებით სასიამოვნო აკვრაში დაფიქსირებული წონაა, რითაც ლაშამ ბელარუსი სპორტსმენის, ლეონიდ ტარანენკოს რეკორდი დაამხო. ტარანენკომ, რომელიც ოლიმპიადის,  მსოფლიოს ორგზისა და ევროპის სამგზის ჩემპიონია, 1988 წელს, კანბერაში გამართულ ტურნირზე, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში, 266 კილოგრამი დაძლია. ეს შედეგი დიდ ხანს მსოფლიო რეკორდადაც ითვლებოდა და გინესის რეკორდების წიგნშიც იყო შეტანილი. თუმცა, იმ მიზეზით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალოსნობაში წონითი კატეგორიები რამდენიმეჯერ შეიცვალა, იქამდე არსებული ყველა რეკორდი გაუქმდა, მათ შორის მოხვდა ბელარუსი სპორტსმენის რეკორდიც.

ტარანენკოს მიერ დაფიქსირებული 266 კილოგრამი კანბერას ტურნირზე


ტარანენკომ იმავე ტურნირზე ორჭიდის ჯამში 476 კილოგრამი დააფიქსირა, რაც ასევე რეკორდი იყო მანამ, სანამ ტალახაძემ 2017 წელს, ანაჰაიმში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, 477 კგ აწია. ბელორუსი ათლეტის კარიერული მიღწევები და საუკეთესო შედეგები ასე გამოიყურება:
  • ოლიმპიური თამაშები - ოქრო 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე; ვერცხლი 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადაზე.
  • მსოფლიო ჩემპიონატი - ოქრო 1980 წლის მოსკოვის მსოფლიო ჩემპიონატზე; ოქრო 1990 წლის ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე; ვერცხლი 1987 წლის ოსტრავას მსოფლიო ჩემპიონატზე; ბრინჯაო 1979 წელს სალონიკის მსოფლიო ჩემპიონატზე.
  • ევროპის ჩემპიონატი - ოქრო ბელგრადის (1980 წელი), კარდიფის (1988 წელი), ვლადისლავოვის (1991 წელი) და სტავანგერის (1996) ჩემპიონატებზე; ვერცხლი კოტოვიცესა (1985) და კემნიცის (1986) ჩემპიონატებზე; ბრინჯაო ოლბორგის (1990) ჩემპიონატზე).
  • საუკეთესო შედეგი ატაცში - 210 კგ.
  • საუკეთესო შედეგი აკვრაში - 266 კგ.
  • საუკეთესო შედეგი ორჭიდში - 476 კგ.

საინტერესოა, რომ ლეონიდ ტარანენკომ 1988 წელს, კარდიფის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ოქროსმედალოსანი გახდა, 267.5 კილოგრამის აწევა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.

სხვა სტატიები