Belive

Live.ge-ს იაპონური დღიურები - დღე VI

4 წლის წინ სხვა
3 წთ
ტოკიოში ადრიანი დილაა, ოსაკადან 8 საათიანი მგზავრობის შემდეგ სასტუმროს მისაღებში ვზივარ და განვლილ მატჩზე ვფიქრობ, რაიმეს დაწერის სურვილი ასე თუ ისე სწორედ ახლა მომივიდა. იშვიათად მახსენდება დღე როდესაც გულშემატკივარი ასე იმედიანად ემზადებოდა მატჩისათვის, როგორც საქართველოში ასევე ოსაკაშიც. ჯერ კიდევ მეტროს სადგურზე  ვიმყოფებოდით როდესაც წვიმა დაიწყო, ეს ჩვენთვის მომგებიანი უნდა ყოფილიყო კუნძულელების სათამაშო სტილიდან გამომდინარე და კარგად გვენიშნა. გულშემატკივარი სტადიონზე ოთხივე მხრიდან მიდიოდა. ქართველები, ფიჯელები და ორივე გუნდის ფორმაში გამოწყობილი იაპონელები. პირდაპირ რომ ვთქვათ "ჰანაზონოს" სტადიონი ძალიან ლამაზია. წითელი ტრიბუნები და მწვანე ბალახი, ფონზე აღმართული მთები კარგ სანახაობას ქმნის. ისღა დაგვრჩენოდა სანახაობრივი მატჩისათვის დაგვეცადა. წვიმა გაძლიერდა, რასაც ემოციურად შესრულებული ეროვნული ჰიმნები და საწყისი დარტყმა მოჰყვა. სამწუხაროდ პირველ ტაიმში უკანა ხაზის შეცდომა ვაისეა ნაიაკალევუს ლელო მოჰყვა. მეორე ტაიმის განხილვას ამ სტატიაში აზრი არ აქვს, ეს უფრო სხვა ტიპის სტატიის საქმეა, სადაც შეცდომები უნდა გაირჩეს. უბრალოდ ყოველი ლელოს შემდეგ გაოგნება გვემატებოდა, როგორ მარტივად ჭრიდნენ ფიჯელები ხაზს, როგორ დაფრინავდა სემი რადრადრა, როგორ ვერაფერი მოვუხერხეთ ფიჯელთა შერკინებას, წვიმამაც კი ვერ შეუშალა კუნძულელებს ხელი ლაღად ბურთაობაში, ჩვენი ნაკრები კი უბრალოდ საკუთარ თავს არ გავდა. ფიჯელები მხიარული ხალხია, მუდამ იცინიან, ასე იყო ტრიბუნებზეც, უმცირესობაში მყოფი ფიჯელები 80 წუთი გაუჩერებლად ქომაგობდნენ საკუთარ ნაკრებს. მატჩის შემდეგ რამოდენიმე წუთი უბრალოდ ადგილზე ვიჯექი, მწუხარებას ვებრძოდი, არავინ არ მოელოდა ასეთ ანგარიშს, 45:10 არაა ის შედეგი რაც ამ ორი გუნდის დონეს რეალურად აღწერს, უბრალოდ როგორც თავად ფიჯელები აღნიშავდნენ ეს ბოლო წლებში ნაკრების საუკეთესო თამაში იყო. ფიჯის უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა ურუგვაისთან მარცხის შემდეგ, ჩვენ კი მათ ვერაფერი დავუპირისპირეთ. ძალიან მძიმე სანახავი იყო ჩვენი კაპიტანი მერაბ შარიქაძე, პრესკონფერენციის მსვლელობისას ბუკას თავი არ აუწევია, ხოლო მსოფლიო რაგბთან ინტერვიუში ქართველ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა. ერთადერთი პოზიტივი, მამუკა გორგოძის ლელო იყო, "ბორჯღალოსანთა" საუკეთესო მელელოვემ საკუთარ აქტივს კიდევ ერთი დამიწებული ოვალი მიათვალა. ჩვენ ამომავალი მზის ქვეყანას ვტოვებთ წინ კი ავსტრალიასთან მატჩია. "ვოლაბებს" ისტორიაში პირველად დავუპირისპირდებით, რატომღაც მგონია, რომ თამაშის ხარისხი ავსტრალიასთან უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეს ფიჯისთან იყო. ამისთვის კი ბევრი მიზეზი არსებობს, პირველ რიგში მორალური. ცხოვრება კი გრძელდება, წინ ახალი გამოწვევები მატჩები და კიდევ ერთი ციკლი იქნება, რომელმაც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი ნაკრებითა და მიზნებით უნდა მიგვიყვანოს, აქ ჩვენს ბიჭებს ჩვენი გულშემატკივრობა კიდევ უფრო მეტად დასჭირდებათ.

დიტო დოლიძე, სპეციალურად Live.ge-სთვის ტოკიოდან

სხვა სტატიები