Belive

მადრიდის ატლეტიკოს 10 სახელოვანი თავდამსხმელი ბოლო 20 წლის განმავლობაში

4 წლის წინ სხვა
7 წთ
მადრიდის "ატლეტიკო" გამორჩეულია საკმაოდ ძლიერი შემტევი ხაზით. მადრიდელებს ყოველთვის სახელოვანი და ვარსკვლავური თავდასხმა ჰყავთ. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში გუნდში ბევრი წარმატებული თავდამსხმელი თამაშობდა. ბევრმაც სწორედ "ატლეტიკოს" შემადგენლობაში ნაჩვენები შედეგებით მიაღწია წარმატებას და კარიერა გაიკვალა. გთავაზობთ 10 სახელოვან და წარმატებულ თავდამსხმელს, რომლებიც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მადრიდულ კლუბში თამაშობდნენ:

#10 კრისტიან ვიერი (1997-1998)

იტალიელი თავდამსხმელი კრისტიან ვიერი "ატლეტიკოში" 1997/98 წლებში თამაშობდა. მადრიდულ კლუბში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. ვიერის კარიერაში "ატლეტიკო" პირველი არაიტალიური კლუბი იყო. მანამდე ის "ტორინოს", "პიზას", "რავენას", "ვენეციას", "ატალანტასა" და "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა. მადრიდელთა შემადგენლობაში ვიერიმ 32 მატჩი ჩაატარა და 29 ბურთის გატანა შეძლო. "ატლეტიკოდან" ისევ იტალიაში, კერძოდ "ლაციოს" შემადგენლობაში დაბრუნდა.
christian-vieri-1455115394-800

#9 ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი (1999-2000)

ჰოლანდიელი თავდამსხმელი, ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი "ატლეტიკოს" ღირსებას 1999/2000 წლებში იცავდა. მან მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა მადრიდულ კლუბში და 43 თამაშში 33 ბურთის გატანა შეძლო. "ატლეტიკოში" ის "ლიდსიდან" გადავიდა. ჰასელბაინკისთვის ეს ერთდერთი ესპანური კლუბი გახლდათ. იმ სეზონში ჰოლანდიელის კარგმა თამაშმა მადრიდელებს ვერ უშველა და გუნდი "სეგუნდა დივიზიონში" დაქვეითდა. "ატლეტიკოდან" ჰასელბაინკი "ჩელსიში" გადავიდა, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა.

#8 ფერნანდო ტორესი (2001-2007; 2015-2018)

ესპანელი თავდამსხმელი, ფერნანდო ტორესი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ის მადრიდული კლუბის აღზრდილია და პროფესიონალური კარიერაც სწორედ იქ დაიწყო. ტორესი "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 2001-2007 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდა. ჩაატარა 244 მატჩი და 91 ბურთის გატანა შეძლო. სწორედ ატლეტიკოდან დაიწყო მისი აღზევება. საოცრად ითამაშა "ლიერპულში", არც თუ ისე ცუდი იყო "ჩელსიში". საბოლოოდ, 2015 წელს "ატლეტიკოში" დაბრუნდა და 2018 წლამდე დარჩა. "სახლში" დაბრუნების დროს მან 160 თამაშის ჩატარება მოასწრო და მხოლოდ 38-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. "ატლეტიკოდან" ტორესი იაპონიაში წავიდა სათამაშოდ და დღემდე "საგან ტოსუს" ღირსებას იცავს.

#7 სერხიო აგუერო (2006-2011)

არგენტინელი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო ჯერ კიდევ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, როდესაც "ინდეპენდიენტედან" "ატლეტიკოში" 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ტრანსფერი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა. რა თქმა უნდა, აგუერომ მასზე გაცემული ავანსები გაამართლა და სწორედ მადრიდული კლუბიდან გახდა მსოფლიო ფეხბურთის ვარკსვლავი. ის დღეს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შემტევად ითვლება. სერხიო აგუერომ მადრიდში 2006-2011 წლებში ითამაშა. ამ პერიოდში 234 თამაში ჩაატარა და 101 ბურთის გატანა შეძლო. 2011 წელს კი 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა. მანჩესტერული კლუბის ისტორიაში აგუერო ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია.

#6 დიეგო ფორლანი (2007-2011)

ურუგვაელი თავდამსხმელი, დიეგო ფორლანი ატლეტიკოში 2007-2011 წლებში თამაშობდა. მისი და აგუეროს წყვილი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო თავდასხმის ხაზს ქმნიდა. ფორლანი მადრიდში "ვილიარეალიდან" გადავიდა და საკმაოდ წარმატებულადაც ითამაშა. "ატლეტიკოში" ჩატარებულ მეორე სეზონში ის "ლა ლიგის" ბომბარდირი გახდა 33 გატანილი ბურთით. ევროპა ლიგის ფინალში კი ფორლანმა "ფულჰემს" გაუტანა და "ატლეტიკოს" ჩემპიონობა მოუპოვა. დიეგო ფორლანმა მადრიდულ კლუბში 196 მატჩი ჩაატარა და 96 ბურთი გაიტანა. "ატლეტიკოდან" ის "ინტერში" გადავიდა.

#5 რადამელ ფალკაო (2011-2013)

სერხიო აგუეროსა და დიეგო ფორლანის წასვლის შემდეგ, მადრიდელებმა გუნდში კოლუმბიელი თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო მოიყვანეს, რომელსაც მანამდე "პორტოში" საოცარი სერია ჰქონდა. ფალკაოში "ატლეტიკომ" 40 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც გუნდისთვის სარეკორდო თანხა იყო. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ყველაზე ძვირიანმა ტრანსფერმა გაამართლა. 2012/13 წლების სეზონის UEFA-ს სუპერ თასზე ფალკაომ "ჩელსის" ჰეთ-თრიკი შეუსრულა და მადრიდელებს მორიგი ტიტული მოაგებინა. რადამელ ფალკაომ გუნდში 91 მატჩი ჩაატარა და 70 ბურთის გატანა მოახერხა. "ატლეტიკოდან" კოლუმბიელი 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ "მონაკოს" ფეხბურთელი გახდა.

#4 დიეგო კოშტა (2010-2014; 2018-დღემდე)

ესპანელი თავდამსხმელი, დიეგო კოშტა "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 2010-14 წლებში თამაშობდა. მისი პროგრესი 2012 წლიდან დაიწყო. კოშტა მადრიდულ კლუბში "ვალიადილიდიდან" გადავიდა. ამ 4 სეზონში კოშტამ ჩაატარა 135 მატჩი და გაიტანა 64 ბურთი. 2014 წელს ის "ჩელსის" ფეხბურთელი გახდა, ხოლო 2018 წელს დაბრუნდა "ატლეტიკოს" შემადგენლობაში და დღემდე მადრიდული კლუბის ღირსებას იცავს. დაბრუნების შემდეგ, კოშტამ 42 მატჩში მხოლოდ 11 ბურთის გატანა შეძლო.

#3 დავიდ ვილა (2013-2014)

ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული შემტევი, დავიდ ვილა "ატლეტიკოში" მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში თამაშობდა. მადრიდელთა მაისური მან 2013/14 წლებში მოირგო. 2013 წელს კლუბი ფალკაომ დატოვა. "ატლეტიკოს" შეტევაში კი ვილა და დიეგო კოშტა თამაშობდნენ. დავიდ ვილა მადრიდელთა რიგებში "ბარსელონადან" გადავიდა. კატალონიელთა შემადგენლობაში ესპანელმა 3 საოცარი სეზონი გაატარა. "ატლეტიკოს" მაისური ვილამ 47-ჯერ მოირგო და მეტოქეს 15 ბურთი გაუტანა.

#2 მარიო მანძუკიჩი (2014-2015)

ხორვატი თავდამსხმელი, მარიო მანძუკიჩი მადრიდულ კლუბს 2014 წელს შეუერთდა, სადაც მხოლოდ 1 სეზონი გაატარა. მანძუკიჩი გუნდში დავიდ ვილასა და დიეგო კოშტას წასვლის შემდეგ მიიყვანეს. ხორვატი ფორვარდი მადრიდელთა რიგებს "ბაიერნიდან" შეუერთდა. მარიო მანძუკიჩმა "ატლეტიკოს" რიგებში 43 თამაში ჩაატარა და 20 ბურთი გაიტანა. სეზონის ბოლოს კი 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ "იუვენტუსის" მაისური მოირგო, სადაც დღემდე წარმატებით თამაშობს.

#1 ანტუან გრიზმანი (2014-2019)

მადრიდის "ატლეტიკოს" ისტორიაში, ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი ანტუან გრიზმანია. ფრანგმა შემტევმა მადრიდში 5 სეზონი გაატარა და გულშემატკივრებს ბევრი ლამაზი და მნიშვნელოვანი გოლით დაამახსოვრა თავი. გრიზმანმა "ატლეტიკოსთან" ერთად ევროპა ლიგა, ესპანეთის სუპერ თასი და ევროპის სუპერ თასი მოიგო. მადრიდულ გრანდს ის "რეალ სოსიედადიდან" შეუერთდა. ანტუან გრიზმანმა "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 257 თამაში ჩაატარა და 133 ბურთი გაიტანა. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში კი გრიზმანი "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა და 2019/20 წლების სეზონს კატალონიელთა შემადგენლობაში დაიწყებს.
მადრიდის "ატლეტიკო" ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია. გუნდს კარგი თავდამსხმელი არც ახლა აკლია. მადრიდელთა შემტევ ხაზს დიეგო კოშტა და ჟოაო ფელიქსი ქმნიან.

სხვა სტატიები