Belive

მარიუპოლიდან ომს გამოქცეული დაუნის სინდრომიანი ბავში ჯონ სინამ მოინახულა

1 წლის წინ სხვა
2 წთ
რუსეთის ფედერაციის ბარბაროსული ქმედებებისა და უკრაინაში წარმოებული ფართომასშტაბიანი ომის შედეგად, ოკუპირებული ქალაქი მარიუპოლი მიწასთანაა გასწორებული. მშვიდობიანი ქალაქი, რომელშიც ერთ დროს 431,859 ადამიანი ცხოვრობდა - დღეისათვის, ადამიანური ტრაგედიების, გაუსაძლისი ტკივილისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდაა ქცეული. არაოფიციალური მონაცემების თანახმად, რუსეთის არმიისა და ავიაციის შედეგად, მარიუპოლში დაახლოებით 22,000 ადამიანი დაიღუპა. უდიდესი ადამიანური მსხვერპლის ფონზე, არიან ისეთებიც, რომლებმაც ოკუპირებული მარიუპოლის დატოვება და სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. ერთ-ერთი გადარჩენილი დაუნის სინდრომიანი ბავშვი - მიშაა, რომელსაც მარიუპოლის დატოვება არ სურდა, მაგრამ დედამ მოტყუებით გაიყვანა ქალაქიდან. ომის საწყის დღეებში, მიშამ, რომელსაც დაუნის სინდრომის გამო საუბარი არ შეუძლია, მარიუპოლი დედასთან ერთად დატოვა. ლიანა იძულებული გახდა, ბავშვისთვის ტყუილი ეთქვა და დაერწმუნებინა, რომ ნიდერლანდებში მისი კუმირის - ჯონ სინას სანახავად მიდიოდნენ. მიშა მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდა ქალაქის დატოვებას. რა თქმა უნდა ნიდერლანდებში, ბავშვისა და ჯონ სინას შეხვედრა არ შედგა, თუმცა გავლენიან ევროპულ მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული სიუჟეტების შემდეგ, WWE-ს სუპერვარსკვლავმა მიშას შესახებ შეიტყო და მისი მონახულება გადაწყვიტა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ, მიშა მის კუმირს - ჯონ სინას შეხვდა. "ძალიან დიდი გზა გამოვიარე, იმისათვის, რომ შეგხვედროდი", - უთხრა სუპერვარსკვლავმა ბავშვს.
ჯონ სინა: "განსაკუთრებული შუადღეა, რადგან ახალ მეგობრებს შევხვდი. წარმოუდგენელია! "არასოდეს დანებდე" - ამ სიტყვების შესახებ თითოეული ჩვენგანი ვფიქრობთ. ისინი (მიშა და ლიანა) ძალიან ძლიერები არიან. ისინი არიან შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოთმინებამ ყველაზე რთულ დროსაც კი, უდიდესი სიხარული გამოიწვიოს. ეს იყო ბრწყინვალე თავგადასავალი, რომელშიც შევხვდი ახალ მეგობრებს. მადლობა იმისათვის, რომ სიძლიერე შემმატეთ".