Belive

მატიე ფლამინი - ფეხბურთელი, მეწარმე, ლიდერი

1 წლის წინ სხვა
5 წთ
მატიე ფლამინიმ საფეხბურთო სამყაროს თავი ტოპ ლიგებში თამაშით დაამახსოვდა. "არსენალი," "მილანი," "მარსელი," "ხეტაფე" - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომელთა ღირსებასაც ფრანგი ფეხბურთელი წლების განმავლობაში იცავდა. სპორტული კარიერის პარალელურად, იგი ბიზნესითა და გარემოსდაცვითი საკითხებითაც აქტიურად იყო დაკავებული - 2008 წელს ფლამინიმ კომპანია GFBiochemicals დააარსა, რომელიც ქიმიური რეაქციების დამაჩქარებელ, ეკოლოგიურად სუფთა გამხსნელს აწარმოებს. ასევე, ევროპის 4 უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე, ფლამინის ბიო-ეკონომიკის სამაგისტრო კურსი აქვს შექმნილი, რომელიც იტალიაში ისწავლება. საინტერესო, მაგრამ არცთუ ცნობილი ფაქტია, რომ ფლამინის "არსენალის" გამთამაშებელთან, მესუთ იოზილთან ერთად კომპანია Unity აქვს დაარსებული - ფლამინისა და ოზილის კომპანია კანის მოვლის პროდუქციას აწარმოებს.
"როდესაც მესუთი "არსენალში" სათამაშოდ გადმოვიდა, მივხვდი რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვამოძრავებდა. საფეხბურთო მოედნის გარეთ, ჩვენ ძალიან დიდხანს ვსაუბრობდით, ძირითადად კი ვცდილობდით, მოგვეფიქრებინა ისეთი რამ, რასაც გლობალურ დონეზე კარგი ეფექტის მოხდენა შეეძლო," - აღნიშნავს ფლამინი.
გთავაზობთ World Economic Forum-ის მიერ, გრენლანდიაზე, ქალაქ ილულისატში ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც მატიე ფლამინის სხვა თვალით დაგანახებთ. რატომ გადაწყვიტეთ ეკოლოგიურად სუფთა კომპანიის შექმნა? გავიზარდე მარსელში, სადაც ზღვა ადამიანების ცხოვრების განუყრელი ნაწილია. ჩემი ოჯახის ნაწილი კორსიკაზე ცხოვრობს, სადაც დასვენების პერიოდს ვატარებდი. ჩემი ბავშვობის მოგონებები ზღვას და მდინარეს უკავშირდება, სადაც ცურვა და ზაფხულში გაგრილებაა შესაძლებელი. ჩემთვის ტრადიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ბუნება კი ჩემი ოჯახის გენეალოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ ვგრძნობ ასეთ ძლიერ კავშირს ბუნებასთან და ამიტომაც მინდა მისი დაცვა. რატომ ფიქრობთ, რომ ბიო-ეკონომიკის სამაგისტრო კურსის შექმნა სწორი გადაწყვეტილება იყო? განათლება უმნიშვნელოვანესია, რადგან ის თავისუფლებას უკავშირდება: ის გათავისფულებს და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გეხმარება. ბიო-ეკონომიკა უცხო საგანია და ვფიქრობ, რომ უფრო და უფრო მეტმა ახალგაზრდამ უნდა შეისწავლოს ეს მიმართულება. ბუნებისგან მოცემული რესურსების პროდუქტებად გადაქცევის ინდუსტრიას ჩვენს ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა აქვს. ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ბუნებაში ნაკლები პლასტმასი მოხვდეს და ასევე, ყოველდღიური მოხმარების პროდუქცია მავნე ნივთიერებებით არ უნდა მზადდებოდეს. ბიო-ეკონომიკა სწორედ ამ პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს. დაგეხმარათ თუ არა საფეხბურთო გამოცდილება ბიზნესში წარმატების მიღწევაში? საფეხბურთო კარიერა აღზევებითა და დაცემით არის სავსე. სირთულე არა წარმატების მიღწევაში, არამედ წარმატების შენარჩუნებაში მდგომარეობს - ეს კი უდიდესი ძალისხმევისა და მონდომების შედეგად მიიღწევა. სპორტში წარმატებისთვის არამარტო ფიზიკური, არამედ გონებრივი სიმტკიცეც არის საჭირო. სპორტში დაპირისპირება უდიდესი წნეხის ქვეშ გიწევს და საჭიროა იცოდე, თუ როგორ გაუძლო კონკურენტუნარიან გარემოს. ჩემი აზრით, ზემოთაღნიშნული ბიზნეს გარემოს აღწერილობას ზუსტად შეესაბამება.

ვიდეო: ფლამინი გრენლანდიაზე მცხოვრებ ბავშვებს ხვდება

რა არის მთავარი ღირებულებები, რაც ფეხბურთისგან ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს? მთვარია სამი საკითხი: მონდომება, შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის პრინციპი. ფეხბურთელებს დაახლოებით 17 წლის ასაკიდან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რაც არამარტო საფეხბურთო კარიერის, არამედ მისი დასრულების შემდეგაც არის სატარებელი. კარიერის დასრულებისა და გამოცდილების დაგროვების შემედგ, ეს ყველაფერი მომდევნო თაობას უნდა გადასცე. მე მაქსიმალურად ვცდილობ, გამოცდილება ბავშვებს გავუზიარო და მათ წინსვლაში დავეხმარო. თქვენი აზრით, საფეხბურთო პოპულარობა გარემოს დაცვის პროცესში დაგეხმარათ თუ პირიქით, ხელი შეგიშალათ? ფეხბურთს საზღვრები არ აქვს, ის უნივერსალური საკომუნიკაციო ენაა. სპორტი ადამიანებს აერთიანებს. საზოგადოება, რომელთანაც საქმე მაკავშირებს, ძალიან ბევრი ასაკობრივი და სოციალური კატეგორიისგან შედგება. მე ვცდილობ, მათ კლიმატის ცვლილების შესახებ ვესაუბრო და მათი ცნობიერება ავამაღლო. მჯერა, რომ სხვა ადამიანები უნდა შთავაგონოთ, რომ მათ პოზიტიური გავლენის მოხდენა საკუთარ გარემოშიც შეუძლიათ.

ვიდეო: ფლამინი გრენლანდიაზე მცხოვრებ ბავშვებთან ერთად ფეხბურთს თამაშობს


რა სოციალური პასუხისმგებლობის მატარებლები არიან ფეხბურთელები? კარგია რომ სოციალური პასუხისმგებლობა ახსენეთ - დიახ, სპორტსმენებს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. თუკი განვიხილავთ, რომ ადამიანების დიდ ნაწილს მთავრობისა და დიდი კორპორაციებისადმი ნდობა არ აქვს, სპორტს ადამიანების გაერთიანება კვლავ შეუძლია. სპორტი და კონკრეტულად, ფეხბურთი იმდენად პოპულარულია, რომ მას ასობით მილიონი (თუ მილიარდი არა) მიმდევარი ჰყავს. ასე რომ, ფეხბურთელებს უდიდესი სოციალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ჩემი აზრით, სპორტსმენებმა ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიაზრონ და სხვების შთაგონება შეძლონ.

სხვა სტატიები