Belive

მილანის ინტერი დევიდ ბექჰემს ოფიციალურად უჩივის

4 წლის წინ სხვა
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის," "მადრიდის რეალის," "მილანისა" და "პარი სენ-ჟერმენის" ყოფილ ფეხბურთელს, დევიდ ბექჰემს, მილანის "ინტერი" აშშ-ის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყებაში უჩივის - აღნიშნულის მიზეზი ყოფილი ფეხბურთელის მფლობელობაში არსებული საფეხბურთო კლუბია, რომელიც ბექჰემმა ცოტა ხნის წინ დააარსა. გასული წლის სექტემბერში, დევიდ ბექჰემმა ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (MLS) საკუთარი გუნდი, “ინტერ მაიამი” დააარსა. გუნდის სრული საფეხბურთო სახელი ასეთია – Club Internacional de Fútbol Miami. 2010 წლის აღწერის მიხედვით, მაიმის მოსახლეობის 70%-ს ლათინო-ამერიკული წარმოშობის ადამიანები წარმოადგენენ და ბექჰემის განცხადებით, გუნდის დასახელების შერჩევისას აშშ-ის ესპანურენოვანი მოსახლეობაც იყო გათვალისწინებული. "ინტერის" ზუსტი დასახელება შემდეგია - FC Internazionale Milano. იტალიური გუნდის ადვოკატების თანახმად, 2014 წელს "ინტერმა" აშშ-ის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყებას განცხადებით მიმართა, რომ სიტყვა "ინტერი" იტალიური გუნდის ექსკლუზიური ბრენდული ნიშანი ყოფილიყო. საპასუხოდ, ამერიკის საფეხბურთო ლიგის ასოციაციაში აცხადებენ, რომ "ინტერი" ძალიან ბევრი საფეხბურთო გუნდის დასახელებაშია აღნიშნული, როგორებიცაა SC Internacional of Porto Alegre (ბრაზილია), Inter Nashville FC, Inter Atlanta FC, FC Inter Turku (ფინეთი), NK Inter Zapresic (ხორვატია), Inter Leipzig (გერმანია) და Inter de Grand-Goave (ჰაიტი). "სიტყვა ინტერი" ფეხბურთში საყოველთაოდ გავრცელებულია. შესაბამისად, ეს სიტყვა მხოლოდ ერთ გუნდთან არ ასოცირდება", - აღნიშნულია MLS-ის განცხადებაში. აღნიშნული საკითხის ოფიციალური განხილვა აშშ-ის პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების უწყებაში 4 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები