Belive

მილოშ კრშკო: "დინამო ჩემი ოჯახია, მადლობა, რომ გახსოვართ"

3 წლის წინ სხვა
8 წთ
მილოშ კრშკოს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი კარგად იცნობს. სლოვაკი ცენტრალური მცველი 2007-10 წლებში "დინამო თბილისის" ძირითადი გუნდის განუყოფელი ნაწილი იყო და ნედ ზელიჩთან ერთად შესანიშნავ ტანდემს ქმნიდა. ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი წლებია სამშობლოში იმყოფება, მძიმე ტრავმის შემდეგ სამოყვარულო ფეხბურთზე გადაერთო და სხვა სფეროებში წარმატებულადაც საქმიანობს. 40 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა Live.ge-სთან ინტერვიუში საქართველოში გატარებული პერიოდი გაიხსენა, დღევადელ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პირველ რიგში მოგიკითხავთ. დღეს უჩვეულო მდგომარეობაა მსოფლიოში და გამონაკლისი არც სლოვაკეთია. როგორია თქვენი მდგომარეობა? კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. თვეზე მეტია, რაც ყველაფერი დაიხურა და მოძრაობაც შეზღუდულია. თუმცა, ნელ-ნელა ყველაფერი ნორმალურ რეჟიმში ბრუნდება. მე და ჩემი ოჯახი კარგად ვართ, მადლობა მოკითხვისთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ მთელ საქართველოს. ბოლო წლებში სამოყვარულო გუნდებში თამაშობთ. გარდა ამისა სხვა საქმიანობით ხომ არ ხართ დაკავებული? "დინამოდან" წასვლის შემდეგ, ჩემი პროფესიონალური კარიერა დამთავრდა და მხოლოდ სამოყვარულო ფეხბურთს ვთამაშობ. უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდი თვითგანათლებას და მუშაობას. დავიწყე შრომა ისე, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანებმა და ვცდილობ საკუთარი თავი განვავითარო. როგორ გახსენდებათ თბილისურ კლუბში გატარებული პერიოდი? "დინამო" ჩემთვის კლუბზე მეტია, ეს ჩემთვის ოჯახია, რომელმაც თავისიანად მიიღო. მე აქ სამი ლამაზი წელიწადი გავატარე, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. აქ დიდებულ ადამიანებს შევხვდი და იმედი მაქვს, რომ მათ ისევ ვნახავ.   იცით, რომ საქართველოში ხალხს ისევ ახსოვხართ და საუკეთესო ლეგიონერებს შორის მოგიხსენიებენ? მიხარია, რომ ხალხს არ დავვიწყებივარ და ისიც ვიცი, რომ სპორტულმა გამოცემებმა დამასახელეს გამორჩეული უცხოელი მოთამაშეების გვერდით. მადლობა, რომ გახსოვართ.
მართლაც გამორჩეული იყო თქვენი დუეტი დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილ მცველ ნედ ზელიჩთან - მას ქომაგები "კედელს" უწოდებდნენ. როგორ გაიხსებებთ ამ მეწყვილეობას და მაშინდელ "დინამოს" ძალებს? დიახ, ბევრი გულშემატკივარი "კედელს" გვიწოდებდა, მაგრამ "დინამო" მხოლოდ ჩვენ არ ვიყავით. ჩვენ ვიყავით ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდი, რომელიც ადგილობრივი მოთამაშეებისა და ლეგიონერებისგან დაკომპლექტდა. "დინამოში" რომ ჩამოვედი, თავიდან სამი ლეგიონერი ვიყავით, თანდათან სხვებიც დაგვემატნენ და ძლიერ გუნდად შევიკარით. ამ დუეტის გვერდით პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა გურამ კაშია. დღეს ის ჰოლანდიური "ვიტესის" ლეგენდაა. რას იტყვით მასზე, როგორც მცველზე? გურამ კაშია ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, იმ დროს 21-წლამდე საქართველოს ნაკრებში თამაშობდა. იმ პერიოდში უკვე ძალიან ნიჭიერი და განსწავლული იყო. ამავე დროს, ის ძალიან კარგი პიროვნებაა. გურამს "დინამოში" თამაშის შესაძლებლობა მიეცა და მან ეს შანსი გამოიყენა, გახდა რა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში და ჰოლანდიის ჩემპიონატში.
ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში საკამოდ ძლიერ "პანათინაიკოსს" შეხვდით. როგორ გახსოვთ ეს დაპირისპირება? ძალიან კარგად მახსოვს "პანათინაიკოსთან" გამართული ორივე მატჩი. ამ შეხვედრებს გაახალგაზრდავებული გუნდით შევხვდით და ახალ ფეხბურთელებთან ერთად, ახალი გამოწვევევის საპასუხოდ მოვემზადეთ. მართალია, საბოლოო ჯამში დავმარცხდით, თუმცა დიდი გამოცდილება მივიღეთ. ახალბედა ფეხბურთელებმა მიიღეს შანსი და მათ აჩვენეს, რომ ახალი "დინამო" შენებას იწყებდა. თუ სწორად მახსოვს, ბერძნულ კლუბთან დაპირისპირებისას, მინდორზე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი მე ვიყავი.
მძიმე ტრავმა მიიღეთ, რამაც თქვენს კარიერას დაღი დაასვა. მაშინ, გულშემატკივრები შინ გეწვივნენ. ეს ამაღელვებელი მომენტი იქნებოდა. ფეხის მოტეხვამ ბევრი რამ შეცვალა. იმ დროისთვის ლიგაში კარგი პოზიცია გვქონდა და ტიტულის მოსაგებად ვიბრძოდით. მახსოვს გულშემატკივრების სტუმრობა სახლში, ეს ჩემთვის ემოციური და დასამახსოვრებელი მომენტი იყო. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ რთულ პერიოდში ქომაგები გვერდით დამიდგენენ. თქვენი თანამემამულე ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს წვრთნის. იცნობთ მას? რას იტყვით მასზე, როგორც მწვრთნელზე? ვლადიმირ ვაისს ბავშვობიდან ვიცნობ. იგი მამაჩემთან ერთად თამაშობდა და ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო. ძალიან მიხარია, რომ მან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა მიიღო. თვალს ვადევნებ და მახარებს ის ფაქტი, რომ ის საკმაოდ კარგად მუშაობს. ვიცი, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი გაქვთ, ვაისთან ერთად კი შანსები უფრო მეტია. ის შესანიშნავი ტაქტიკოსია და იმედი მაქვს ერთად წარმატებას მიაღწევთ. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას გისურვებთ. ყველაზე მეტად, რა გენატრებათ საქართველოში? მენატრება ტალიაშვილისა და ხიზანიშვილის ოჯახები, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საქართველოში ყოფნის დროს ყველაზე მეტად მეხმარებოდნენ. მენატრებიან ჩემი თანაგუნდელები "დინამოდან", "დინამოს" პერსონალი და ჩვენი გულშემატკივრები.
გამორჩეულად რა მოგწონდათ ჩვენს ქვეყანაში? საქართველოში ფანტასტიკური საკვები იყო, ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულო რაც გამისინჯავს. ასევე ძალიან მომწონს თქვენი კულტურა. მინდა გავიხსენო, ძველი ქალაქის გამორჩეული ქუჩაც - შარდენი. "დინამომ" წელს სლოვაკი თავდამსხმელი დაიმატა. იცნობთ ფილიპ ორშულას? როგორი ფეხბურთელია? ფილიპ ორშულა შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, ისიც ჩემს მშობლიურ კლუბ "პრიევიძაში" თამაშობდა. მას "დინამოსთან" ერთად ბევრ წარმატებას ვუსურვებ. რამდენიმე წლის წინ წავიკითხე, რომ ბლოგებს აქვეყნებდით. მართალია? მომავალში ჟურნალისტობას ხომ არ აპირებთ? დიახ, წარსულში ბლოგებს მეგობართან ერთად ვწერდი. ჩვენ ვწერდით სპორტისა და ბიზნესის შესახებ, მაგრამ ის ლონდონში წავიდა და მე არ მაქვს დრო, რომ ეს საქმე მარტომ გავაგრძელო. არა, ჟურნალისტური კარიერის დაწყებას არ ვაპირებ.
პროფესიონალურ დონეზე აღარ თამაშობთ. რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? ახლა სამოყვარულო ფეხბურთსაც იშვიათადღა ვთამაშობ. სამწვრთნელო ლიცენზია ავიღე და ვარჯიშებს ვატარებ. იქნებ ეს ჩემი მცდელობაა, რომ ფეხბურთში დავრჩე. ამჟამად ღვინის ბიზნესი მაქვს, ღვინის მაღაზია გავხსენი. სხვათაშორის, მაღაზიაში ქართული ღვინოც მაქვს და უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად იყიდება.
ლონდონის "არსენალში" თამაშზე ოცნებობდით, მაგრამ ეს ოცნება ჯერჯერობით არ აგიხდენიათ... ჩემი მთავარი ოცნება იყო, რომ "არსენალში" მეთამაშა, მაგრამ ეს არ მომხდარა. თუმცა, მე "ემირეიტსზე" ვითამაშე. იქ მთელი მსოფლიოს მასშტაბით "არსენალის" გულშემატკივრისთვის ტურნირი ჩატარდა და 50 გუნდს შორის მეორე ადგილზე გავედით. ყოველ შემთხვევაში, ასე ავიხდინე ჩემი ოცნება. ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ჩემი და ამ კლუბის გზები გადაიკვეთოს - ეგებ მომავალში არსენალის მწვრთნელი გავხდე. ბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ გახსოვართ და მგულშემატკივრობთ. მთელ საქართველოს ჯანმრთელობას ვუსურვებ. მოვიკითხავ "დინამოს" გულშემატკივრებს.

სხვა სტატიები