მორიგი სკანდალი | ალჟირელმა ძიუდოისტმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

ტოკიოში გასამართი ოლიმპიური თამაშების დაწყების წინ, კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. გავლენიანი მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალჟირელმა ძიუდოისტმა – ფეტჰი ნურინმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

წილისყრის შედეგად,  -73კგ წონით კატეგორიაში, ნურინი პირველ რაუნდში სუდანელ მოჰამედ მოჰამედ აბდალრასულს უნდა დაპირისპირებოდა და ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მეორე რაუნდში დაპირისპირება ისრაელელ ტოჰარ ბუტბულთან მოუწევდა. სწორედ ეს გახდა ფეტჰი ნურინის ოლიმპიადიდან მოხსნის მიზეზი.

“ჩვენ არ ვცნობთ ისრაელის დროშას, შესაბამისად არ მსურდა ისრაელელ მეტოქესთან დაპირისპირება”, – აღნიშნა ნურინმა.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კომენტარი ნურინის მწვრთნელმაც გააკეთა: “წილისყრაში არ გაგვიმართლა. ნურინს ისრაელელ მეტოქესთან დაპირისპირება მოუწევდა, ამიტომაც ოლიმპიადას მოეხსნა. ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ”, – აღნიშნა ამარ ბენ იაკლიფმა.

შეგახსენებთ, 23 ივლისს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ოლიმპიური თამაშები აიღებს სტარტს. 24-31 ივლისს კი ძიუდოს შეჯიბრები გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 9 სპორტსმენი წარსდგება. თბილისის დროით 09:00 საათზე იაპონიაში, კერძოდ კი ტოკიოში ძიუდოს წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა.

-73კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს . შავდათუაშვილი სახარბიელო ბადეში მოხვდა და ნახევარფინალამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეს. C ბადეში ლაშა განთესილი იქნება და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც ბრაზილიელ – ედუარდო ბარბოსასა და ფრანგ – გუილემ ჩაინს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

აღსანიშნავია ის ამბავი, რომ ამ წონაში დაუმარცხებელი იაპონელი – შოჰეი ონოა, რომელიც A ბადეში მიიღებს მონაწილეობას, ამავე ბადეში იქნება მოქმედი ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი, აზერბაიჯანელი – რუსტომ ორუჯოვი. სავარაუდოდ, A ბადეში 2016 წლის რიოს ოლიმპიადის ფინალი განმეორდება (რუსტამ ორუჯოვი Vs. შოჰეი ონო). ასევე მოგახსენებთ, რომ შოჰეი ონო 4 წელია დაუმარცხებელია.

ასევე იხილეთ: ტოკიოს ოლიმპიადა | ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები და ბადეები ცნობილია (პრევიუ)

(49791)

მორიგი სკანდალი | ალჟირელმა ძიუდოისტმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

სტატიის ავტორი
-