Belive

მოურინიო: "ჩემპიონთა ლიგიდან ტოტენჰემის გამოვარდნა შეიძლება კარგიც იყოს"

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გამოვარდნა გუნდისთვის შეიძლება სასიკეთო აღმოჩნდეს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორმატჩიან დუელში, "ტოტენჰემი" გერმანულ "ლაიფციგს" დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 4:0 დამარცხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლონდონურმა გუნდმა გამარჯვება უკვე ზედიზედ მე-6 მატჩში ვერ მოახერხა. ამის მიუხედავად, "ლაიფციგთან" დასრულებული მატჩის შემდეგ, მოურინიომ ოპტიმისტური განცხადება გააკეთა.
"ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა კარგი შედეგის მომტანიცაა. რთული მომენტები არსებობს იმისთვის, რომ მომავალ დღეებს უფრო მომზადებული შეხვდე," განაცხადა პორტუგალიელმა.
პორტუგალიელმა ბრწყინვალედ მოთამაშე მეტოქე შეაქო და თავისი გუნდის შეცდომებზეც ისაუბრა.
"ჩვენი მეტოქე ფიზიკურად საოცრად იყო მომზადებული. ჩვენი თავდამსხმელები საჰაერო დუელებს ვერ იგებდნენ, მცველებს კი სწრაფი შეტევების შეჩერება უჭირდათ. ლაიფციგმა მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა. რამდენიმე ჩემი ფეხბურთელით ძალიან უკმაყოფილო ვარ, თუმცა მათ სახელებს არ გაგიმხელთ. ჩვენ დავუშვით არაერთი შეცდომა, შევცდით ისეთ შემთხვევებშიც კი, რომელიც ადრე განხილული და გაანალიზებული გვქონდა. ძალიან მიჭირს იმ ფეხბურთელებთან ერთად მუშაობა, რომლებსაც საკუთარი პოტენციალის გამოყენება არ შეუძლიათ," აღნიშნა მოურინიომ.

იხილეთ მიმოხილვა: ლაიფციგი 3:0 ტოტენჰემი

სხვა სტატიები